“გენერალი არმაგედონი” ჩამოალაბორანტეს, პუტინის კარზე კონფლიქტია

კრემლის კულისებში ერთმანეთს ორი ბანაკი უპირისპირდება

უკრაინაში რუსულ ჯარს ახალი მხედარმთავარი ჰყავს. ომის დაწყების შემდეგ, უკვე მეოთხედ. სამხედრო ექსპერტებისთვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პუტინის ახლო გარემოცვაში განხეთქილებაა.

“გენერალური შტაბის მეთაურს! ქათამი ხარ!.. ბახმუტთან მთელ უკრაინულ არმიას ვეომებით. ბოლო-ბოლო დაგვეხმარე!” - ამბობს ნიღბოსანი ჯარისკაცი, დეკემბრის ბოლოს ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეოში. 11 იანვარს, ამ ვიდეოს ადრესატი, გენერალი ვალერი გერასიმოვი უკრაინაში რუსული ჯარის მეთაურად დაინიშნა.

პრიგოჟინი და კადიროვი გენშტაბის წინააღმდეგ

ვიდეო მაშინვე აიტაცეს რუსული კერძო არმიის, “ვაგნერის” მხარდამჭერმა ტელეგრამ-არხებმა. ბევრს მოწონდა, მაგრამ ბევრი ვერ იჯერებდა, რომ ვიდეო “ვაგნერელების” გადაღებულია. წერდნენ, რომ ვიდეო “უკრაინელი ნაცისტების” პროვოკაციაა.

“ვაგნერის” მფლობელს, რუს ოლიგარქს, ევგენი პრიგოჟინს პირდაპირ არასდროს უღიარებია, რომ ვიდეო მისი ჯარისკაცების გადაღებულია. “ბიჭებს გავუარე” და უკრაინელი ნაცისტები არ მინახავსო - უთხრა მან ტელეგრამ-აუდიტორიას.

ევგენი პრიგოჟინი

პრიგოჟინი სახელებს არ ამბობს ხოლმე, მაგრამ ხშირად აკრიტიკებს ომის მსვლელობას და რუსეთის წარუმატებლობას, “თბილ კაბინეტებში მოკალათებულ” გენერლებს აბრალებს.

გაცილებით უფრო გულახდილია ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი. ოქტომბერში მან რუსული ჯარის წარუმატებლობებში გენშტაბი დაადანაშაულა .

“საწყენი ის კი არაა, რომ ლაპინი [ერთ-ერთი უფროსი გენერალი] უნიჭოა, არამედ ის რომ მას გენერალური შტაბის ხელმძღვანელები ხელს აფარებენ” - დაწერა კადიროვმა ტელეგრამზე.

“გენერალი არმაგედონი” ჩამოალაბორანტეს

უკრაინაში რუსეთის შეტევის მეთაური უკვე მეოთხედ შეიცვალა. აპრილში, ბიბისის წყარო ამტკიცებდა, რომ “ბლიცკრიგის” ჩაფლავების გამო, უკრაინული კამპანია სირიაში ნაომარ გენერალს, ალექსანდრ დვორნიკოვს ჩაბარდა. ორ თვეში ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენადი ჟიდკომ ჩაანაცვლა.

ოქტომბერში აღმოსავლეთ უკრაინაში განცდილი არაერთი მარცხის შემდეგ, ჟიდკო შეცვალა ანატოლი სუროვიკინმა, რომელსაც სირიაში გამოჩენილი სისასტიკეების გამო, “გენერალი არმაგედონის” ზედმეტსახელით იცნობენ.

სერგეი სუროვიკინი, "გენერალი არმაგედონი"

სუროვიკინის თაოსნობით რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას უმატა. პრიგოჟინი მას ხშირად აქებდა და “ღირსეულ საქციელს” უწონებდა. ახლა კი მისი რჩეული ჩამოალაბორანტეს - სუროვიკინი გერასიმოვის მოადგილე იქნება.

უკრაინაში რუსული შეტევის მეთაურობასთან ერთად, გერასიმოვი გენერალური შტაბის უფროსია და მასზე მაღლა მხოლოდ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დგას.

მაგრამ თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ყველა რუსი მებრძოლის უფროსი არაა. ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტს, რამზან კადიროვს ჰყავს თავისი დაჯგუფება. ევგენი პრიგოჟინს კი ჰყავს მთელი ჯარი, “ვაგნერი” რომელიც ნაწილობრივ ყოფილი პატიმრებისგან შედგება. თეთრი სახლის ინფორმაციით, სულ უკრაინაში ომობდა 50 ათასზე მეტი ვაგნერელი. დაიჭრა 10 ათასი, 4100 კი დაიღუპა. მათგან ათასზე მეტი, ბახმუსტისთვის ბრძოლაში.

პრიგოჟინი ამბობს, რომ სწორედ მისი ჯარი მერვე თვეა უდიდესი სისხლისღვრის ფასად, ცდილობს ქალაქ ბახმუტის აღებას და მისი მეზობელი ქალაქი, სოლედარი უკვე აიღო. (რასაც არც უკრაინა ადასტურებს და ვერც “კოლექტიური დასავლეთის” დაზვერვები). თუ ეს დადასტურდა, სოლედარი იქნება პირველი დასახლებული პუნქტი, რომელიც რუსეთმა დაიკავა ივნისის შემდეგ.

ვინ არის ახალი მხედართმავარი?

67 წლის ვალერი გერასიმოვს მიღებული აქვს რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, “რუსეთის ფედერაციის გმირის” წოდება. 1999 წელს მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში. კარირეულ კიბეზე მისი აღმავლობა 2010 წელს დაიწყო. ჯერ გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილე გახდა, ორ წელიწადში კი უკვე მეთაური.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ (მარცხნივ) და ვალერი გერასიმოვი

ვალერი გერასიმოვს უწოდებენ “რუსული სამხედრო დოქტრინის” ავტორს. ამ დოქტრინის ერთ-ერთი მიზანი “დასავლეთის ჰეგემონიის” დამხობაა, თანაც არამხოლოდ სამხედრო, არამედ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების გზითაც.

2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და კანადამ გერასიმოვს სანქციები დაუწესეს. 2015 წელს კი უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა მას “დონბასში მიმდინარე ომის მთავარი იდეოლოგი უწოდა”.

2021 წლის ბოლოს, როდესაც რუსული ჯარი უკრაინის საზღვრებთან იკრიბებოდა, გერასიმოვმა არაერთხელ საჯაროდ გამორიცხა უკრაინაზე თავდასხმა.

კონფლიქტი კულისებში

სამხედრო ანალიტიკოსები დიდი ხანია წერენ, რომ კრემლის კულისებში მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ერთ მხარეს შოიგუ და გერასიმოვი არიან, მეორე მხარეს კი პრიგიჟონი და კადიროვი. ისინი ცდილობენ, პუტინს დაუმტკიცონ, რომ გენერლებისგან განსხვავებით, შეძლებენ უკრაინის დამარცხებას, თუკი მეტ ძალაუფლებას მიიღებენ.

რატომ დანიშნეს გერასიმოვი? რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებები “უკავშირდება სამხედრო სპეცოპერაციის ფარგლებში გადასაჭრელი ამოცანების გაფართოვებას”.

მაგრამ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ვერსიით, მიზეზი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკურია. პუტინს პრიგოჟინის გავლენის შესუსტება და იმის ჩვენება უნდა, რომ კვლავაც ენდობა მის გენერლებს. “ეს სიგნალია პრიგოჟინისა და სხვებისთვის, რათა მოუკლონ თავდაცვის სამინსიტროს კრიტიკას” - ნათქვამია ორგანიზაციის 11 იანვრის ანგარიშში.

ყოფილი ავსტრალიელი გენერალი და რუსული სამხედრო დოქტრინის ანალიტიკოსი მიკ რაიანი “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამობს, რომ ცვლილებების მიზეზი “სასახლის პოლიტიკაა” .

მაგრამ ამასთან “შესაძლოა პუტინი დაღალა იმანაც, რომ სუროვიკნს არ აქვს წარმატებები, რომელიც შეიძლება რუსი ხალხისთვის გამარჯვებებად შეიფუთოს” - თქვა მან.

სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში უკვე თითქმის 100 ათასი სამხედრო დაკარგა.