საქართველოში არ შემოუშვეს ოპოზიციური პარტიის, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე სეიმურ ჰაზი, ამის შესახებ მან თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის კრიტიკოსი საქართველოში თურქეთიდან, „სარფის“ სასაზღვრო პუნქტით აპირებდა შემოსვლას.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში სეიმურ ჰაზი ამბობს, რომ ამჟამად თურქეთის ქალაქ რიზეში იმყოფება, საიდანაც ანკარაში აპირებს წასვლას, რამდენიმე დღის შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბაქოში დაბრუნდება.
„საზღვარზე განმარტების გარეშე არ შემომიშვეს, ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თბილისში ვიყავი სამკურნალოდ - აზერბაიჯანში 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. 1 იანვარს თურქეთში წავედი, შევხვდი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. არშემოშვების მიზეზი პოლიტიკურია, სხვა საფუძველი არ არის და შეუძლებელია, ამას მოითხოვს ალიევის რეჟიმი და ისინი ასე აკეთებენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სეიმურ ჰაზიმ.
ამ საკითხზე საქართველოში ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. რადიო თავისუფლება ინფორმაციის შსს-გან მიღების შემთხვევაში, მას მასალაში ასახავს.
საქართველოში შემოშვებაზე უარი მანამდე რამდენიმე რუს ოპოზიციონერსა და ჟურნალისტს უთხრეს.
სეიმურ ჰაზი აზერბაიჯანში 2014 წელს ხულიგნობის მუხლით დააკავეს, რასაც თავად ჟურნალისტი პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა.
სეიმურ ჰაზი მუშაობდა ოპოზიციურ გაზეთ „აზადლიქში“ („თავისუფლება“), იყო ტელეწამყვანი და ასევე ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ წევრი. 2015 წელს სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში და ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ სეიმურ ჰაზი სინდისის პატიმრად გამოაცხადა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი პატიმრობა უკანონოდ მიიჩნია და აზერბაიჯანის მთავრობას ჰაზის სასარგებლოდ მორალური ზიანისა და იურიდიული დანახარჯებისთვის დაახლოებით 15000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
სეიმურ ჰაზის ცოლი ნიჰიარ ჰაზი (იაგუბლუ) 2022 წლის 23 დეკემბერს ბაქოს ცენტრში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ტოფირ იაგუბლუს ქალიშვილია. სასამართლომ მას 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ეს გადაწყვეტილება 5 იანვარს ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომ. ამ გადაწყვეტილების გამო იაგუბლუ პროტესტის ნიშნად მერვე დღეა შიმშილობს. სააგენტო „ტურანის“ ცნობით, შიმშილობის მეშვიდე დღეს იაგუბლუ საავადმყოფოში გადაიყვანეს.