„ის უნდა დაისაჯოს“ - ძალადობაში ბრალდებული არჩილ მეფარიძე სასამართლოში არ მივიდა

არჩილ მეფარიძე, ლელა ჯუღელი

ქალის მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული მომღერალი არჩილ მეფარიძე 12 იანვარს დანიშნულ წინასასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. ნოტარიუსის მიერ დამოწმებული წერილი, სადაც მან სასამართლოში არ გამოცხადების მიზეზი ახსნა, ადვოკატს გამოატანა.

ადვოკატმა, ლევან ზაქრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან გელოვანსა და პროკურორს, თამარ ყულჯანიშვილს, მომღერლის წერილის შინაარსი ხმამაღლა გააცნო:

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს წინასასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და პროცესში მონაწილეობის მიღებას. ითხოვს წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს მისი მონაწილეობის გარეშე, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ანუ, ჩემი მონაწილეობით, რომელსაც უცხადებს სრულ ნდობას“.

პროკურორმა არჩილ მეფარიძის ჯანმთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა სთხოვა ადვოკატს, თუმცა ადვოკატმა თქვა:

„ეს ცნობა რომ მქონოდა, წარმოვადგენდი. მე არ გახლავართ ექიმი. ვიცი, რომ ვერ შეძლო მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და ითხოვს სასამართლო სხდომის მის გარეშე ჩატარებას, რაც მისი უფლება და მისი გადაწყვეტილებაა“.

მომღერალ არჩილ მეფარიძეს ბრალდება 2022 წლის 7 აპრილს, ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება.

პროკურატურის თანახმად, არჩილ მეფარიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ფიზიკური ძალადობა) ბრალი 28 აპრილს წარედგინა. 29 დეკემბერს კი ბრალს კიდევ ერთი, 151-ე მუხლი დაემატა, რაც სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას მას ჯარიმა, შინაპატიმრობა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დევს არჩილ მეფარიძის 28 აპრილის ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ მისთვის სრულიად გასაგებია ბრალდების არსი, „რაშიც თავს მთლიანად დამნაშავედ ცნობს“, დღეს მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალის არცერთ ნაწილ ნაწილში არაა დამნაშავე და შესაბამისად, არჩილ მეფარიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს:

ლევან ზაქრაძე

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის საფუძველზე ის ჩვენება (28 აპრილის ჩვენება რ.თ.) გაბათილებულია და ჩათვალეთ, არ არსებობს. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ყველა საკითხთან დაკავშირებით გავაკეთებთ დეტალურ განმარტებას და საზოგადოებაც და სასამართლოც დარწმუნდება, რომ მეფარიძეს დანაშაული არ ჩაუდენია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩილ მეფარიძის მისვლას ელოდა დაზარალებული ლელა ჯუღელი. „ეს ადამიანი არის მშიშარა“, - ასე გამოეხმაურა ის სხდომის დასრულების შემდეგ იმ ფაქტს, რომ ბრალდებული მომღერალი სასამართლოს სხდომაზე არ მივიდა:

„გუშინ მან ვაჟკაცური ინტერვიუ მისცა რომელიღაცა მედიას და არაფერი ეტყობოდა ავადმყოფობის. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ადამიანი არის მშიშარა და გაურბის ჩადენილ დანაშაულს“.

ლელა ჯუღელი მოითხოვს, რომ არჩილ მეფარიძე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს:

ლელა ჯუღელი

„მოძალადე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რომ ეს იყოს მაგალითი საზოგადოებისთვის. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ის გამოჩენილი ვარსკვლავია, მოცეკვავეა, მომღერალი, ექიმი თუ პრეზიდენტი. ის უნდა დაისაჯოს უმკაცრესად. ეს არის ჩემი მოთხოვნა და ბოლომდე ვიბრძოლებ ამ საქმისთვის“.

როგორც ლელა ჯუღელი ირწმუნება, ფიზიკური ძალადობის მეორე დღეს, 8 აპრილს, არჩილ მეფარიძემ შუამავლის მეშვეობით მისი „მოსყიდვა“ და ამით დანაშაულის დაფარვა სცადა:

„სატელეფონო ზარი განხორციელდა ე.წ. შუამავლის საშუალებით. ჩემთვის ეს იყო მეასეხარისხოვანი შემოთავაზება და მახსოვს, როგორ გაიელვა ლაპარაკში რაღაც წყნეთის მიწის ნაკვეთმა, თუმცა, შემდეგ მე აღარ მომისმენია, რას გვთავაზობდნენ“.

პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიების მიერ მოძიებული მტკიცებულებების საფუძველზე, ისინი შეძლებენ არჩილ მეფარიძის მიმართ წაყენებული ბრალის დამტკიცებას. ის ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე პროკურატურა ბრალდებულისთვის მკაცრი სასჯელის გამოყენებას მოითხოვს:

თამარ ყულჯანიშვილი

„მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად, ჩვენ სასამართლო პროცესზე ნამდვილად დავადასტურებთ, რომ არჩილ მეფარიძის მიერ ჩადენილია ბრალად წარდგენილი თითოეული ქმედება. რაც შეეხება სასჯელს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავად დაზარალებულის პოზიცია და რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციასაც დავაფიქსირებთ სასამართლოს წინაშე, რათა მკაცრი სასჯელი იყოს გამოყენებული, ვინაიდან ქალის მიმართ ძალადობა და მუქარის ფაქტი სათანადოდ უნდა შეფასდეს სასამართლოს მხრიდან“.

რაც შეეხება ლელა ჯუღელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩილ მეფარიძე მის მოსყიდვას ცდილობდა, თამარ ყულჯანიშვილი ამბობს:

„ეს ინფორმაცია პირველად მესმის, აქედან გამომდინარე, დამატებით გარემოებებში გავერკვევით და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება, რომ ეს გარემოებაც შესაბამისად შევაფასოთ“.

სავარაუდო ძალადობისა და მუქარის ფაქტი, რომელსაც პროკურატურა მომღერალ არჩილ მეფარიძეს ედავება, 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33 ნომერში მოხდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თავად დაზარალებული, ლელა ჯუღელი უყვება.

იხსენებს, რომ იმ დღეს საკუთარი მანქანით, შვილთან მიდიოდა. სწორედ შვილის სახლთან ახლოს მოხდა სავარაუდო ძალადობის ფაქტიც, რომელიც იმ ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა გარე სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. როგორც ლელა ჯუღელი ყვება, არჩილ მეფარიძის აგრესია გამოიწვია მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ ის მანქანის გაჩერებას ცდილობდა, რა დროსაც, მომღერალს, გადაადგილებაში ხელი შეეშალა:

„დავინახე, მოწინააღმდეგე მხრიდან მოდის უზარმაზარი ჯიპი და მესმის როგორც მლანძღავს მძღოლი. კარგი ამინდი იყო, ფანჯარა ჩაწეული მქონდა და ვუპასუხე, შენ ვინ გეკითხება- მეთქი. საბოლოოდ, იმ ტერიტორიაზე მანქანა ვერ გავაჩერე და დაახლოებით 5-7 წუთში, იქვე, 50 მეტრის რადიუსში მოვახერხე მანქანის გაჩერება. ის ის იყო, მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, რომ უცებ მანქანასთან მოდის ამხელა კაცი და უშვერი სიტყვებით მიწყებს ლანძღვას და ფეხს ურტყამს მანქანას. ფანჯრის აწევას ვერ ვასწრებ და ჯერ მუშტს მირტყამს სახეში, შემდეგ სილას და გარბის. ეს ადამიანი ამედევნა და როგორც კი გავაჩერე მანქანა, მოვარდა, უშვერი სიტყვებით გამლანძღა, მემუქრებოდა, და თან ფიზიკურად იძალადა“.

მისივე მტკიცებით, ძალადობის ფაქტის შემდეგ, მალევე, მას რამდენიმე წლის წინ ნაოპერაციებ ყურზე პრობლემები შეექმნა, დაუქვეითდა სმენა, დაეწყო ტკივილი და თავბრუს ხვევა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომლის დაწერასაც რამდენიმე თვე დასჭირდა, ლელა ჯუღელის ჯანმრთელობის დაზიანება არ უკავშირდება 7 აპრილს მომხდარ ფაქტს, დაზარალებული დარწმუნებულია, რომ მისი მდგომარეობის გაუარესება სწორედ მასზე განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ გამოიწვია და რასაც სხვადასხვა დროს ჩატარებული გამოკვლევებიც ადასტურებს.

ასევე ნახეთ მომღერალი აჩიკო მეფარიძე სასამართლოზე ძალადობაში ბრალდებულის სტატუსით წარდგება

12 იანვრის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა საკუთარი შუამდგომლობები და მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინეს. მართალია, ორივე მხარემ დასაშვებად ცნო ერთმანეთის მტკიცებულებები, თუმცა მათ ყველა მტკიცებულება სადავოდ გახადეს.

ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული არჩილ მეფარიძის საქმის არსებითი განხილვა 25 იანვრიდან დაიწყება.