ერთი თვე ბლოკადაში: როგორ აშორებს ყარაბაღის კრიზისი სომხეთს კრემლისგან

დაცარიელებული ცენტრალური ბაზარი, სტეფანაკერტი, მთიანი ყარაბაღი. 11 იანვარი, 2023.

მთიან ყარაბაღში სურსათის მაღაზიები ცარიელდება. ერთი თვეა, ჩაკეტილია სადავო რეგიონის გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა, ლაჩინის დერეფანი, რომლის კონტროლზეც რუსი სამშვიდობოები არიან პასუხისმგებელნი.

საკვები კუპონებით

ჩაკეტილობის ერთი თვის თავზე მთიან ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობა გეგმავს 100 000 მოსახლეზე საკვები კუპონებით გაანაწილოს - კაცზე თვეში მხოლოდ ერთი კილოგრამი მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, შაქარი და ერთი ლიტრი ზეთი.

„დღეს ფოტოს ვიღებდი მაღაზიაში და მივხვდი, რომ თითქმის დამავიწყდა, როგორ გამოიყურება ბოსტნეული. დიდი ხანია აღარ მინახავს“, - ამბობს სირანუშ სარგსიანი, ჟურნალისტი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში. „დედებისთვის უდიდესი პრობლემაა ბავშვთა კვება. არ იშოვება საფენები“.

სტეფანაკერტის ერთ-ერთი უდიდესი მარკეტის დახლები ცარიელია. 11 იანვარი, 2023.

არცახში, როგორც რეგიონს სომხები უწოდებენ, ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში მხოლოდ 10 ტონა ტვირთი შეიტანეს სომხეთიდან, წითელი ჯვრის შუამავლობით. ისიც - ბავშვის საკვები, მედიკამენტები და სამედიცინო საშუალებები. მაშინ, როცა ბლოკადამდე ყარაბაღში ყოველდღიურად 400 ტონამდე ტვირთი შედიოდა.

რეგიონში დაიკეტა 41 საბავშვო ბაღი, სკოლამდელი აღზრდის წრეები და სასწავლო დაწესებულებები.

ათასზე მეტი ადამიანი ვერ ბრუნდება სახლში.

მთიანი ყარაბაღი ახლა იძულებულია მხოლოდ ადგილობრივად წარმოებულ ელექტროენერგიას დასჯერდეს. 44-დღიანი ომის შემდეგ ყარაბაღის ელექტროსადგურების მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა. სომხეთიდან დენის მიწოდება კი რამდენიმე დღეა შეწყვეტილია, სადენების დაზიანების გამო.

ვიდეო: დაკეტილი საბავშვო ბაღი და დაცარიელებული მაღაზია სტეფანაკერტში.

ლაჩინის დერეფანი, ერთადერთი გზა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან და დანარჩენ სამყაროსთან აკავშირებს თითქმის სრულიად დაკეტილია 12 დეკემბრის შემდეგ.

აზერბაიჯანის ხელისუფლების მხარდაჭერილმა დემონსტრანტებმა გზა გარემოსდაცვითი მოტივებით გადაკეტეს. ისინი ყარაბაღის ოქროს მაღაროებში ინსპექტირებას და უკანონო მოპოვების შეწყვეტას ითხოვდნენ. მათ მიიტანეს ადგილზე კარვები, დაანთეს კოცონი, მოაწყვეს საკვები ადგილები და დათქვეს მორიგეობა. რუს სამშვიდობოებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

აზერბაიჯანი უარყოფს დერეფნის დაკეტვას და ამავე დროს, სომხებს ადანაშაულებს სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირებაში.

აზერბაიჯანელი დემონსტრანტები რუსი სამშვიდობოების პირისპირ. 12 დეკემბერი, 2023.

„მათ სურთ მთიანი ყარაბაღის ხელში ჩაგდება ნაწილ-ნაწილ. ეს მაღაროები მხოლოდ ერთი ნაწილია მათი სტრატეგიის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ტიგრან გრიგორიანი, ანალიტიკოსი ერევანში.

გრიგორიანის თქმით, ამ ეტაპზე არანაირი მოლაპარაკება გზის გახსნაზე არ არის, რადგან აზერბაიჯანის მოთხოვნები სომხური მხარისთვის მიუღებელია.

„გამოთქვამენ გარემოსდაცვით შეშფოთებებს, მაგრამ ცხადია, მათ უნდათ მაღაროების გაკონტროლება“, - ამბობს ის და ამატებს: „მათ ასევე, სურთ ლაჩინის კორიდორში საკონტროლო-გამშვები პუნქტების მოწყობა, რომელიც 9 ნოემბრის შეთანხმების მკაფიო დარღვევაა“.

2020 წლის 9 ნოემბრის სამშვიდობო შეთანხმებით, რომლითაც დასრულდა სომხურ-აზერბაიჯანული 44-დღიანი ომი, ლაჩინის დერეფნის დაცვა 2 000-კაციან რუსულ სამშვიდობო კონტინგენტს ევალება.

რუსები, რომელიც ერთადერთი ძალაა ყარაბაღის სომხებსა და აზერბაიჯანულ ძალებს შორის, სულ უფრო მეტად ხდებიან კრიტიკის სამიზნე სომხების მხრიდან.

„როცა მოვიდნენ, მაშინაც ვიცოდით, რომ საკუთარი ინტერესი ჰქონდათ პირველ რიგში. ეს ცხადი იყო. მაგრამ მაინც ვფიქრობდით, რომ რადგან აქ არიან, უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფდნენ“, - ამბობს ჟურნალისტი სირანუშ სარგსიანი და ამატებს: „ახლა არ ვიცი ვინმე თუ ენდობა. მე ამას ვერ ვხედავ“.

მზარდი უკმაყოფილება

კვირას, სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრიში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან 65 ადამიანი დააკავეს, რომლებიც მოსკოვთან კავშირის გაწყვეტას მოითხოვდნენ.

„მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ სომხეთი, არცახის (მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხური დასახელება) ჩათვლით, 102 ბაზის სახით, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, - განაცხადა დემონსტრაციის ორგანიზატორის, „ეროვნული დემოკრატიული პოლუსის“ წევრმა გაჰე გასპარიანმა.

რუსეთისადმი კრიტიკა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც მოსკოვის ლიდერობით შექმნილი თავდაცვის ორგანიზაცია ОДКБ არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ 2022 წლის სექტემბერში.

ამის შემდეგ ერევანში უპრეცედენტო საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც ააფრიალეს უკრაინის დროშები და მოითხოვეს სომხეთის ალიანსიდან გასვლა.

ასევე ნახეთ ჰყავს თუ არა სომხეთს მეგობრები ОДКБ-ში? ერევანში პუტინისა და ლუკაშენკას ვიზიტს აპროტესტებენ

ერევანი ახლა ღიად აკრიტიკებს კრემლს. 26 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს შეხვედრაზე, პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პუტინს პირდაპირ უთხრა, „როგორც ჩანს, ლაჩინის დერეფანი არ არის რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ“.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ასრულებს მთიან ყარაბაღში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით ნაკისრ ვალდებულებას. შემდეგ კი უარი თქვა ОДКБ-ს წვრთნების სომხეთში ჩატარებაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობით 2023 წელს იგეგმებოდა სომხეთში ერთობლივი წვრთნა - „ურღვევი ძმობა - 2023“. 2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

„სომხეთში წვრთნების ჩატარება არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. სომხეთში ეს წვრთნები, ყოველ შემთხვევაში, წელს, არ გაიმართება“, - თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი დასავლეთის ქვეყნებს თავის აგრესიულ ქმედებებს იმით უხსნის, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს სომხეთისა და რუსეთის შესაძლო ერთობლივი მოქმედებების წინააღმდეგ.

„ყველამ ვიცით, რომ ეს აბსურდია, მაგრამ უკრაინის მოვლენების ფონზე ეს განცხადებები ინტერესს იწვევს და აზერბაიჯანი ამას იყენებს. ჩვენ რუსი კოლეგების ყურადღებას ვაპყრობთ იმაზე, რომ საპასუხო რეაქციის არქონის პირობებში გამოდის, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ყოფნა არათუ არ უზრუნველყოფს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას, არამედ მისი უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ჩვენ ჯერ არ გამოგვაქვს დასკვნები, ჯერ მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ანალიტიკოს ტიგრან გრიგორიანის თქმით, საზოგადოება უკმაყოფილოა კრემლის პოლიტიკით და უმეტესობას ОДКБ-ს დატოვება სურს, თუმცა სომხეთი ამას არ გააკეთებს.

„არ მგონია, რომ საგარეო პოლიტიკაში რამე შეიცვლება. მათ [სომხეთის ხელისუფლებამ] კარგად იციან რუსეთის შესაძლებლობები და დარდობენ შესაძლო შედეგებზე სომხეთისთვის“, - ამბობს ის და ამატებს: „სომხეთი, სავარაუდოდ, არ დატოვებს რუსეთთან მოკავშირეობას, ანუ ОДКБ-ს და არ გაწყვეტს ურთიერთობას კრემლთან, მაგრამ პრაქტიკაში გარკვეული ნაბიჯები იდგმება რუსეთისგან დისტანცირებისთვის“.

ამავდროულად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ცრუ ინფორმაციას უწოდებს გზის დაკეტვაზე ცნობებს. მანვე აღნიშნა, რომ 2023 წელი „უკანასკნელი შანსია“ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიის შესახებ მშვიდობიანი შეთანხმების მისაღწევად.

„ვფიქრობ ნერვების ბრძოლაა“, - ამბობს ტიგრან გრიგორიანი და ამატებს: „ორივე მხარე ცდილობს გაიგოს, რომელს ეყოფა ნერვები. მთიანი ყარაბაღის მთავრობა შეეცდება გაძლოს, რამდენ ხანსაც შეძლებს და იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად კორიდორი გაიხსნება“.

თუმცა გზის გახსნის ნიშანი ჯერ არ ჩანს. სიტუაცია მთიან ყარაბაღში კი სულ უფრო მძიმდება.