დაუსჯელობა, დაუცველობა, ძალადობა, თვალთვალი - ფაქტები HRW-ის ახალი ანგარიშიდან საქართველოზე

საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩის" (HRW) ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედიის თავისუფლებამ მარცხი განიცადა მასმედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არაერთი ფაქტისა და კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის დაპატიმრების გამო. ასევე ჩამოთვლილია ფაქტები სხვა გამოწვევებთან დაკავშირებითაც.

„გლობალური ლიდერობის ახალი მოდელი ადამიანის უფლებების სფეროში“ – HRW-ის 712-გვერდიან ანგარიშში (World Report 2023) შეფასებულია ადამიანის უფლებების კუთხით თითქმის 100 ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და მათ შორის არის საქართველოც.

საქართველოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს შორის ასევე დასახელებულია: ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცველი სტრუქტურების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ქალებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 12 რეკომენდაციიდან, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა, ბევრი სწორედ ადამიანის უფლებებს უკავშირდება.

ანგარიშში თავმოყრილია საქართველოში 2022 წელსა და 2021 წლის მიწურულს მომხდარი ფაქტები.

ანგარიშვალდებულების პრობლემა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება

„საქართველოში გრძელდებოდა დაუსჯელობა სამართალდამცველი სტრუქტურების [უფლესამოსილების] ბოროტად გამოყენების კუთხით“, - წერს HRW ახალ ანგარიშში. ტექსტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა და სანაცვლოდ შექმნილ ორ სამსახურს დაეკისრა უფლებამისილების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოძიება და პერსონალური მონაცემების კონტროლი.

„ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება მოჰყვა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოძიების დაწყებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო სასტიკი მოპყრობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საქმეზე“, - მითითებულია ანგარიშის ტექსტში. ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის მოწოდება ამ კანონპროექტზე უარის თქმის შესახებ. მოწოდება ეფუძნებოდა არგუმენტებს, რომ არ გაიმართა „საჭირო კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და ეს ძირს უთხრიდა ამ ორგანოს დამოუკიდებელ მუშაობას“.

პირველ ქვეთავში მოხვდა სხვა ფაქტებიც:

  • ოქტომბრისთვის, სახალხო დამცველის ოფისში შევიდა 70 საჩივარი, რომლებიც ციხის პერსონალისა თუ პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას უკავშირდება. HRW-ის ცნობით, ანგარიშის მომზადების დროს, ხელისუფლება 61 საქმეს იძიებდა და არცერთ საქმეზე არ იყო დამდგარი დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი. ხაზგასმულია, რომ ომბუდსმენის ოფისმა მიმართა საგამოძიებო ორგანოს, დასარჩენი საქმეების გამოძიების შუამდგომლობით.
  • 2022 წლის იანვარში, ადგილობრივმა ტელეარხებმა აჩვენეს კადრები, თუ როგორ სცემს პოლიციელი 17 წლის ბიჭს, სმენადაქვეითებულ შშმ პირს, მეტროსადგურში. ერთი პოლიციელი მას მუშტებს ურტყამდა, ხოლო მეორე იქვე იდგა. ტექსტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩაატარა გამოძიება და ივლისში სასამართლომ პოლიციელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
  • 2022 წლის მაისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი მჟავანაძე აცხადებდა, რომ თბილისის პოლიციის განყოფილებაში მას ხელბორკილები დაადეს და როგორც სიტყვიერად, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას შემდეგ, რაც ის პოლიციაში საჯარიმო ქვითრის ასაღებად მივიდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შესაძლო ძალადობის საქმის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო, პოლიციამ კი განაცხადა, რომ მჟავანაძე დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
  • „ივნისში, პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა სადავო კანონპროექტი თვალთვალის შესახებ... მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონით, დაშვებული გახდა განუსაზღვრელი ვადით სატელეფონო მოსმენა და სხვა სახის გაუფრთხილებელი თვალთვალი 77 დანაშაულთან დაკავშირებით “, - ანგარიშში ლაპარაკია ე.წ. მოსმენების კანონპროექტის შესახებ, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მაგრამ სექტემბერში, პარლამენტში ვეტო დაძლიეს. HRW მიუთითებს, რომ არ იქნა გათვალისწინებული ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ გადაიხედოს ეს კანონი, რადგან „ფარული თვალთვალი განხილული უნდა იყოს გამონაკლისად“ და „სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს ფრთხილად ფორმულირებული და ზუსტად განმარტებული“.

ანგარიშში მოხვდა ასევე სექტემბერში, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გასაჯაროებული „გაჟონილი მასალები“, რომლებიც სავარაუდოდ მიუთითებს „უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან ოპოზიციური პარტიების მასობრივი თვალთვალის დოკუმენტირებაზე, მმართველი პარტიის ინტერესების სასარგებლოდ“.

მედიის თავისუფლება

ამ ქვეთავს HRW იწყებს მაისში, „წამყვანი კრიტიკული ტელეარხის“, „მთავარი არხის“, ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისაჯით, „სხვა კერძო ტელეკომპანიის დირექტორობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით“.

HRW ანგარიში აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას, „როგორც უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს“, სამოქალაქო საზოგადოების ფართო კრიტიკა მოჰყვა; ხოლო სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ „კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება არ უნდა დაექვემდევაროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას" და მან "საქმის შეწყვეტა მოითხოვა". ნოემბერში, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

HRW აღნიშნავს, რომ საქართველოში გამოვლენილია „ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათ საქმიანობაში ჩარევის ბევრი ფაქტი“:

  • მარტში, რამდენიმე პირი დაესხა თავს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და ამავე არხის ოპერატორს, ზუგდიდში, როცა ისინი ცდილობდნენ გადაეღოთ, „მუნიციპალიტეტის [ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის] თანამშრომლები, რომლებიც პოლიტიკური პარტიის [„კონსერვატიული მოძრაობა“] ოფისის ფასადზე დახატულ უკრაინის დროშას შლიდნენ“. აღნიშნულია, რომ საქმის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
  • ივნისში, ორი პირი დაესხა თავს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს - მურმან ზოიძეს, ბათუმში. HRW აღნიშნავს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ საქმეზე ორი პირი დააკავა.
  • ივლისში, პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ინციდენტისა, როდესაც „დეპუტატი სავარაუდოდ ფიზიკურად დაესხა თავს ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელს, ვახტანგ წერეთელს“.
  • მაისში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გათავისუფლებულმა სამმა თანამშრომელმა ხელმძღვანელები „ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეშ ჩარევაში“ დაადანაშაულა, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ კრიტიკულ მასალებთან დაკავშირებით“. HRW აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, იგივე ბრალდება „საზოგადიებრივი მაუწყებლის“ კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა გაიმეორა.

შრომის უფლებები

ახლო წარსულში დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, HRW-ის შეფასებით, „საქართველოში შრომის სამართლიანი პირობები კვლავ შეშფოთებას იწვევს“. სახელდება რამდენიმე ძირითადი პრობლემა:

  • სუსტია ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებული ნორმები;
  • მინიმალურია სოციალური დაცვა;
  • არასაკმარისია საკანონმდებლო გარანტიები პროფკავშირებისთვის, რომლებიც მათ სისტემური ცვლილებების მიღწევაში დაეხმარებოდა;
  • რესურსების ნაკლებობა შრომის ინსპექციის ეფექტიანობას ამცირებს;
  • ფაქტობრივად არ ხდება ანაზღაურების რეგულირება, რაც დაქირავებულებს ექსპლუატაციის მიმართ მოწყვლადს ხდის.

HRW აღნიშნავს, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი 20 ლარს შეადგენს, საარსებო მინიმუმზე 12-ჯერ ნაკლებია და „არ განახლებულა 1999 წლის შემდეგ“. ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელფასის სიმცირის პრობლემას ამწვავევს სამუშაო ადგილებზე „ხელფასის მოპარვის“ დამკვიდრებული პრაქტიკა. ანგარიშში ვხვდებით „ღირსეული შრომის პლატფორმის“ სტატისტიკას, რომ დასაქმებულთა 88%-ს დამსაქმებელი გაწეული შრომის ანაზღაურებას სრულად არ უხდის.

HRW-ის შეფასებით, ამ კუთხით მნიშვნელოვნად დაზარალდნენ ჯანდაცვის სისტემის თანამრომლები, რომლებიც „ისედაც გადატვირთულები იყვნენ Covid 19-ის გამო“. ანგარიშში მოხვდა შრომის ინსპექციის მიერ 2022 წელს გამოვლენილი ფაქტი, რომ 86 კერძო კლინიკა, ექთნებისთვის სახელფასო დანამატად მიღებულ სპეციალურ დაფინანსებას სხვა მიზნებს ახმარდა.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - სახელმწიფო კლინიკებში ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით.

HRW-ის შეფასებით კვლავ პრობლემად რჩება შრომის უსაფრთხოების საკითხი. შრომის ინსპექციის მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, უბედური შემთხვევების შედეგად, სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 23 ადამიანი; ხოლო კიდევ 230 დაშავდა.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

ანგარიშის თანახმად, ლგბტ თემი საქართველოში კვლავ განიცდის „შევიწროებას, დისკრიმინაციასა და ძალადობას“. დასახელებულია ფაქტებიც:

  • მაისში, დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი თავს დაესხა ხუთ ტრანსგენდერ ქალს, თავიანთ საცხოვრებელ ადგილას, თბილისში. ქვებითა და აგურებით შეიარაღებული ჯგუფი, ქალების გარდა, დაუპირისპირდა სახლის პატრონსაც, დაარბია სახლი და სიკვდილით დაემუქრა მათ. ტექსტში აღნიშნულია, რომ ანგარიშის მომზადების დროს გამოძიება არ იყო დასრულებული.
  • ივლისში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა [5 000 - 5 000-ლარი] სამი ადამიანი, ლგბტ თემის უფლებების დამცველი ჯგუფის - "თბილისი პრაიდის" ოფისზე 2021 წელს თავდამსხმის გამო. „2021 წლის ივლისში, ლგბტ თემზე მასობრივი თავდასხმის შედეგად, დაშავდა ათობით ადამიანი და გადაიდო ღირსების მარში“, - ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა; ჟურნალისტებზე ძალადობისთვის, პატიმრობა შეეფარდა 26 პირს, მაგრამ არ გასამართლდნენ ჯგუფური დანაშაულის ორგანიზატორები.

HRW აღნიშნავს, რომ, 2021 წლის დეკემბერში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა 2013 წლის 17 მაისს საქართველოში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით, „როცა ხელისუფლებამ ვერ შეძლო დაეცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები [ლგბტ თემის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები] ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობისგან“.

„2013 წლის 17 მაისს ათობით ადამიანი დაშავდა“, - წერია ანგარიშში.

ქალთა უფლებები

HRW-ს მოჰყავს პროკურატურის სტატისტიკა, 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე, ფემიციდის 13 ფაქტისა და ოჯახის წევრების მიერ ქალების მკვლელობის მცდელობის კიდევ 11 ფაქტის შესახებ. აქვეა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“განცხადებაც, რომ სასამართლოები ხშირად გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ მოძალადე პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ საფრთხეს წარმოადგენენ მსხვერპლებისთვის.

ანგარიშში ლაპარაკია 30 წლის ქალის შესახებაც, რომლის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით გაეროს კომიტეტმა იმსჯელა და სახელმწიფოს მხრიდან მძიმე დარღვევები გამოავლინა.

„2021 წლის ნოემბერში, გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ საქართველომ ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით დაარღვია რამდენიმე მუხლი კონვენციისა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, - წერს HRW , - „ჯეირანოვა, 2014 წელს, მას შემდეგ დაიღუპა [საგარეჯოს სოფელ ლამბალოში ჩამომხრჩვალი იპოვეს], რაც განიცადა საჯარო დამცირება და ძალადობა".

ანგარიშში აღნიშნულია, რომ CEDAW“-ის შეფასებით, „საქართველომ არ აწარმოა გამოძიება და არ დასაჯა ჯეირანოვას მიმართ სასტიკ მოპყრობასა და სიკვდილში დამნაშავეები და არ დაიცვა ის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისგან“.

საკვანძო საერთაშორისო აქტორები

HRW-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ, საქართველოს მიერ შეტანილი განაცხადის საპასუხოდ, ივნისში, ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის მერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულებაა აუცილებელი.

„კერძოდ, ისინი [რეკომენდაციები] მოიცავს: პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცებას, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფას, მასმედიის დამოუიკიდებლობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფას, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას, მოწყვლადი ჯგუფების გენდერული თანასწორობის უფლებების გაფართოებას“, - ასე ჩამოთვლის HRW საქართველოსთვის გადაცემულ 12 რეკომენდაციას და აღნიშნავს, რომ მათი დიდი ნაწილი დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან.

ანგარიშში ნახსენებია ასევე ევროპარლამენტის მიერ ივნისში დამტკიცებული რეზოლუცია. „გამოთქმულია წუხილი, საქართველოში მედიის თავისუფლების „მნიშვნელოვანი გაუარესების“ გამო - დაშინების, ძალადობის და მასმედიის თანამშრომლებთან და მფლობელებთან დაკავშირებული „პოლიტიკურად მოტივირებული" სისხლის სამართლის საქმეების ჩათვლით“, - წერია ტექტში და აღნიშნულია ისიც, რომ ევროპარლამენტარებმა დაგმეს ნიკა გვარამიას პატიმრობა.

ამ ქვეთავში ვხვდებით სხვა ფაქტებსაც:

  • ივნისში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გასცა დაკავების სამი ორდერი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო. „მათ ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა, მძევლების აყვანა და სამოქალაქო პირების უკანონო გადაადგილება. ბრალდებულები არ არიან დაკავებული“, - წერია ტექტში და იქვე აღნიშნულია სასამართლოს მიერ დეკემბერში გამოცხადებული გადაწყვეტილებაც, რომ საქართველოსთან დაკავშირებული გამოძიება აღარ გაგრძელდება და ძალისხმევა უკვე გამოცემული ორდერების აღსრულებაზე იქნება კონცენტრირებული.
  • „სექტემბერში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს, გააძლიეროს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა და დაიცვას ადამიანები დისკრიმინაციისა და ძალადობისგან, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული თანასწორობის საფუძველზე“.

საჭიროა სიახლე, ავტოკრატია ვერ აჩერებს უფლებების დაცვისთვის ბრძოლას

"ჰიუმან რაიტს უოჩის" (HRW) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ტირანა ჰასანის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, „გასულმა წელიწადმა აჩვენა, რომ ყველა ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვაზე“ და მეტი სივრცეა ახალი ალიანსების შექმნისთვის და ახლებური ლიდერობისთვის.

„უკრაინაში რუსეთის ომის გარშემო მსოფლიოს მობილიზაცია შეგვახსენებს საოცარ პოტენციალს, რომ ხელისუფლებები გლობალური მასშტაბით აცნობიერებენ თავიან ვალდებულებებს ადამიანის უფლებების კუთხით. პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად ეკისრება ყველა ქვეყანას, დიდს თუ პატარას, გამოიყენონ ადამიანის უფლებების ჩარჩო თავიანთ პოლიტიკაში და შემდეგ, იმუშაონ ერთობლივად, ადამიანის უფლებების დასაცავად და განსამტკიცებლად , - აცხადებს HRW და მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს დაფიქრდნენ, როგორი იქნებოდა ვითარება დღეს, ვლადიმირ პუტინი წლების წინ, ისევ უკრაინაში, სირიასა თუ საკუთარ ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულების გამო რომ დასჯილიყო.

ჩინეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების მაგალითზე მსჯელობისას, ტირანა ჰასანი აღნიშნავს, რომ საკუთარი უფლებების დაცვისკენ მამაცი ადამიანების ძლიერ ლტოლვას ვერ შეაჩერებს „ავტოკრატების ილუზია, რომ ძლიერი ხელის ტაქტიკა აუცილებელია სტაბილურობისთვის“.