პოლონეთი მზადაა, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში უკრაინაში გაგზავნოს გერმანული წარმოების Leopard-2-ის სატანკო ასეული. ამის შესახებ ლვოვში უკრაინისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ვარშავა კიევს საკუთარი ინიციატივით კი არ მიაწვდის ტანკებს, არამედ მზადაა, მოკავშირეებთან შეთანხმების შედეგად გააკეთოს ეს. პირველ რიგში საქმე ეხება გერმანიას, რომელიც აწარმოებს ამ მძიმე შეიარაღებას. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბერლინს მოკავშირეებისგან ჯერჯერობით არ მიუღია შესაბამისი მოთხოვნები.
სატანკო ასეულში შედის სამი სატანკო ოცეული, რომელთაგან თითოეულში შედის სამი ტანკი და სამეთაურო ტანკი. მთლიანობაში საქმე ეხება 10 ტანკს.
უკრაინა უკვე დიდი ხანია, დასავლეთის ქვეყნებისგან ითხოვს დასავლური წარმოების საბრძოლო ტანკებს, რათა უფრო წარმატებით აღუდგეს წინ რუსეთის არმიას. ყველაზე უფრო ხშირად ლაპარაკია Leopard-ზე, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანას აქვს შეიარაღებაში. გერმანიის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ აუცილებელია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების კოორდინაცია ნატოს მოკავშირეთა შორის და რომ ტანკების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილება არ შეიძლება იქნეს ცალმხრივად მიღებული.
გასულ კვირაში გერმანიამ პირობა დადო, რომ უკრაინას გაუგზავნის 40 ერთეულ დაჯავშნილ საბრძოლო მანქანა Marder-ს. აშშ-მა გამოაცხადა უკრაინისთვის 50 ჯავშანტრანსპორტიორი Bradley-ის მიწოდების შესახებ. პარიზის თანახმად კი, ის უკრაინას დაჯავშნილ მზვერავ მანქანებს მიაწვდის. ამის შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ საფრანგეთი და პოლონეთი ცდილობენ, გერმანიისგან მიიღონ Leopard-ების მიწოდების ნებართვასაც.
დღეს ლვოვში გაიმართა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის - ე.წ. ლიუბლინის სამკუთხედის ქვეყნების - პრეზიდენტების სამმხრივი შეხვედრა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კოლეგებს მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარებისთვის. ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ დასავლეთის კიდევ ერთი ქვეყნისგან ელის „დადებით სიგნალს“ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით.