რადიო თავისუფლება: რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ უსაფრთხოებაზე ფიქრისა და უსაფრთხოების გადააზრებისთვის დრო აქცია მეტად ღირებულად თითოეული სახელმწიფოსთვის და განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
„ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ თქვენს ბოლოდროინდელ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ არაფერი გაკეთებულა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის. თქვენ აგრეთვე განაცხადეთ, რომ დღეს, უკრაინის ხელისუფლებისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა აგზავნის შერეულ სიგნალებს იმასთან დაკავშირებით, მართლაც სურს თუ არა ნატოს წევრობა. რა სახის სიგნალებს გულისხმობთ?
არა მგონია, საქართველომ გაიძლიეროს თავისი საერთაშორისო პოზიცია, იმის ჩვენებით, რომ რუსეთის ეშინია და იმის კეთებით, რაც პუტინს სურს.
დენიელ ფრიდი: საქართველოს მომავლის საკითხი გაცილებით დიდი და ღრმაა, ვიდრე ნატოში გაწევრიანება. კითხვა ასე ისმება - საქართველოს მთავრობა საკუთარ თავს დიდი ევროპის ნაწილად ხედავს თუ რუსეთის იმპერიის ნაწილად, რუსეთის მბრძანებლობის ქვეშ? ეს სერიოზული კითხვაა. გასაგებია, რომ მთავრობა შეშფოთებულია იზოლირებულობისა და რუსეთის ზეწოლის მიმართ დაუცველობის გამო. მე ეს მესმის. მაგრამ, როცა საქართველოს მთავრობა მოძრაობს რეაქციული მიმართულებით, იკავებს რუსეთის მხარეს კულტურის საკითხებში, პოლიტიკური კულტურის საკითხებში, ისმება კითხვა - საით მიემართება საქართველო?
საქართველოს ხალხს, ჩანს, რომ სურს იყოს დიდი ევროპის ნაწილი. ჩემთვის ლოგიკური და საფუძვლიანია, რომ საქართველოს მთავრობა თავს არიდებდეს რუსეთთან დაპირისპირებასა და თავად პუტინს, თავის გამოჩენას მაშინ, როცა რუსეთი და პუტინი ასეთ აგრესიულ რეჟიმში არიან. თუმცა, არა მგონია, საქართველომ გაიძლიეროს თავისი საერთაშორისო პოზიცია, იმის ჩვენებით, რომ რუსეთის ეშინია და იმის კეთებით, რაც პუტინს სურს.
როცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ეს ნიშნავს, რომ ახლანდელ მთავრობას, რომელმაც ის ციხეში ჩასვა, ეკისრება პასუხისმგებლობა - ახსნას რატომ გააკეთა ეს...
ვერ არის კარგი პუტინზე ფსონის დადება. ის არ იმარჯვებს უკრაინის წინააღმდეგ თავის მიერ წამოწყებულ ომში, ის მარცხდება უკრაინის წინააღმდეგ ომში. უკრაინელები არ დაეცნენ, ისინი არ განადგურებულან სამ დღეში, არ განადგურებულან არც ხუთ დღეში. ისინი საპასუხოდ უტევენ რუსეთის ძალებს. რუსეთის პროპაგანდა ისტერიულია და ძალადობრივი. რუსეთის ეკონომიკა განიცდის დანაკარგებს და ეს მათ დაამარცხებს. გრძელვადიან პერსპექტივაში არ ვარგა რუსეთზე ფსონის დადება, მოკლევადიანში - დიახ, საქართველოს კარგი რჩევა მისცეს კონფლიქტის არიდებისთვის, მაგრამ პუტინზე მომავლის სტრატეგიული ფსონის დადება და ევროპასა და აშშ-სთან დაპირისპირება იქნება კატასტროფული შეცდომა.
მაგალითად რომ ავიღოთ, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც ჰქონდა კარგი მხარეებიც და სხვა მხარეც. ის ახლა ციხეშია.
ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს ან ის მოკვდეს! ეს კატასტროფულად იმოქმედებს საქართველოს რეპუტაციაზე
როცა ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ეს ნიშნავს, რომ ახლანდელ მთავრობას, რომელმაც ის ციხეში ჩასვა, ეკისრება პასუხისმგებლობა ახსნას რატომ გააკეთა ეს, ვინაიდან არსებობს მუდმივი ეჭვები, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური შურისძიებაა. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე. სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია. მისი მხარდამჭერები და მეგობრები, როგორიც მაიკლ მაკფოლია და რომელმაც დაწერა ძლიერი ტექსტი „ვაშინგტონ პოსტში“, ირწმუნებიან, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. საქართველოს მთავრობა ამბობს - არა, არა, არა, ეს გაზვიადებაა. პასუხისმგებლობის ტვირთი მათზეა. მათზე! მათ უნდა აჩვენონ, რომ სააკაშვილს უვლიან და მისი სამედიცინო საჭიროებები დაკმაყოფილებულია. და თუკი საჭიროა ექიმების გარედან ჩაყვანა, გააკეთონ ეს. მაგრამ, სააკაშვილის ციხეში ყოლით ისინი პუტინს თავს ვერ შეაყვარებენ, ეს არ გააძლიერებს საქართველოს უსაფრთხოებას. და, ღმერთმა არ ქნას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს ან ის მოკვდეს! ეს კატასტროფულად იმოქმედებს საქართველოს რეპუტაციაზე, ამით მოხდება საქართველოს იზოლაცია, დაპირისპირება ევროპასა და აშშ-სთან და დაასუსტებს საქართველოს პოზიციებს - არათუ ნაკლებად მოწყვლადი, არამედ მეტად დაუცველი გახდება რუსეთისგან. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა. ტვირთი მათზეა. ისინი ასე უბრალოდ ვერ გააქარწყლებენ სააკაშვილის გამო შფოთვას.
უნდა გამონახონ გზა და გაათავისუფლონ ის სამედიცინო საფუძვლით ან სხვაგვარად მოაგვარონ ეს ვითარება და არ ჩაიყენონ თავი შეუძლებელ თავდაცვით პოზიციაში, იზოლაციის საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანა, რაც დამასუსტებელია და კიდევ უფრო დაუცველს გახდის მათ პუტინის წინაშე.
დიახ, შესანიშნავად მესმის, რომ შესაძლოა, სააკაშვილის მეგობრები უკავშირდებოდნენ საქართველოს დასავლელ მხარდამჭერებს და მოუწოდებდნენ რაღაცის გაკეთებისკენ, მე ეს მესმის, მაგრამ ტვირთი მაინც საქართველოს მთავრობაზეა. მათ ჰყავთ სააკაშვილი პატიმრობაში. მათ უნდა გამონახონ გზა და გაათავისუფლონ ის სამედიცინო საფუძვლით ან სხვაგვარად მოაგვარონ ეს ვითარება და არ ჩაიყენონ თავი შეუძლებელ თავდაცვით პოზიციაში, იზოლაციის საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ქვეყანა, რაც დამასუსტებელია და კიდევ უფრო დაუცველს გახდის მათ პუტინის წინაშე.
რადიო თავისუფლება: დიახ, მათ დააპატიმრეს ის, მაგრამ სააკაშვილია, ვინც ჩამოვიდა - უკრაინის მოქალაქემ უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, როგორც ვიცით. მაინტერესებს, ეთანხმებით თუ არა ბატონ მაკფოლს, როცა ის აგრეთვე წერს, რომ მისი [სააკაშვილის] ჩამოსვლა შეცდომა იყო?
დენიელ ფრიდი: სააკაშვილი პოლიტიკურ ოპოზიციაშია. მას აქვს თავისი მკვეთრი, გამომწვევი სტილი. ის ხალხს აგიჟებს და საქართველოს მთავრობას ნამდვილად აქვს თავისი მიზეზები, არ მოსწონდეს სააკაშვილი. ეს არ არის საკითხი. საკითხი არის ის, რომ ის ციხეშია. მისი სასამართლო პროცესი საჭიროა იყოს გამჭვირვალე, სუფთა. საქართველოს მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა არასდროს გამოიყურება კარგად.
მომისმინეთ: „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა სააკაშვილი არჩევნებში. მათ გაიმარჯვეს და სააკაშვილმა დატოვა ძალაუფლება მშვიდობიანად. „ქართული ოცნება“ ახლა ისე არ უნდა იქცეოდეს, თითქოს სააკაშვილის ეშინიათ. ტვირთი მათზეა, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ უბრალოდ იმედიანად იყვნენ, რომ აი, სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუარესდება. საქართველოს მთავრობამ არ უნდა ჩაიყენოს თავი პოზიციაში, რომ სჭირდებოდეს იმის ახსნა, რატომ ჰყავს ციხეში ყოფილი პრეზიდენტი.
ახლა, იყო თუ არა შეცდომა სააკაშვილის დაბრუნება? - შეიძლება. მე არ ვარ სააკაშვილის მომხრე ან მოწინააღმდეგე.
რადიო თავისუფლება: მესმის, რასაც ამბობთ.
დენიელ ფრიდი: მე არც „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე ვარ. საქმე ამაში არ არის.
რადიო თავისუფლება: გავიგე.
დენიელ ფრიდი: კეთილი.
საერთოდ რატომ ვლაპარაკობთ სააკაშვილზე? - ვინაიდან ის ციხეშია. რეალური პრობლემა არის ვლადიმირ პუტინი და მისი სურვილი წავიდეს ომზე რუსეთის იმპერიის აღსადგენად.
რადიო თავისუფლება: დღეს „ევროპეისკა პრავდამ“ გამოაქვეყნა ანდრი კასიანოვის სტატია. ის გახლავთ საქართველოში უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. ისიც ეხება სააკაშვილის პატიმრობას და მას განიხილავს არა პოლიტიკურ, არამედ ამ ეტაპზე ჰუმანიტარულ საკითხად და ის წერს, რომ „უკრაინა განუწყვეტლივ სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს გულმოწყალება და გადაიყვანოს ის წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში, ევროპაში ან აშშ-ში სამკურნალოდ, მისი სიცოცხლის გადასარჩენად". სწორი კუთხეა არჩეული - პოლიტიკური საკითხის ჰუმანიტარულად ტრანსფორმაცია?
დენიელ ფრიდი: დარწმუნებული ვარ, თუკი საქართველოს მთავრობა მსგავს ნაბიჯს გადადგამს, მას მიესალმებიან ევროპასა და აშშ-ში და ალბათ ეს უდიდეს თავისტკივილს მოაშორებდა საქართველოს მთავრობას. ამდენად, ამის გაკეთება ალბათ მათ ინტერესშია - თუნდაც იმის ახსნისგან თავის დაღწევა, რატომ ჰყავთ პატიმრობაში ყოფილი პრეზიდენტი.
პუტინია პრობლემა, ის არის საფრთხე საქართველოსთვის და არა სააკაშვილი. სააკაშვილი არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება არც აღარასდროს მოვიდეს ხელისუფლებაში.
დიახ, სააკაშვილმა შეიძლება გაგაგიჟოთ, ის გამომწვევია, მას შეუძლია იყოს პროვოკაციული. ეს მე მესმის. მაგრამ, საქართველოს მთავრობამ უნდა გამონახოს გზა, როგორ არ გამოიყურებოდეს რეპრესიულად და არ იყოს მუდმივად თავდაცვის პოზიციაში. მათ შეუძლიათ ამ საკითხის ისე მოგვარება, რომ მათსავე ინტერესებს მოემსახუროს. ვიმედოვნებ, ამას გააკეთებენ და თუ ჰუმანიტარული არა, რამე სხვა გზით გაათავისუფლებენ, რომ ეს ვითარება მოგვარდეს და არ იყვნენ მუდმივად თავდაცვით პოზიციაში მაშინ, როცა ისინი უნდა აკეთებდნენ ყველაფერს, რაც კი შეუძლიათ, რომ გააძლიერონ საქართველოს პოზიცია რუსეთისგან ზეწოლის წინაშე. ეს არის რეალური პრობლემა.
საერთოდ რატომ ვლაპარაკობთ სააკაშვილზე? - ვინაიდან ის ციხეშია.
რეალური პრობლემა არის ვლადიმირ პუტინი და მისი სურვილი წავიდეს ომზე რუსეთის იმპერიის აღსადგენად. ის წავიდა საქართველოს წინააღმდეგ ომზე 2008 წელს, ის წავიდა უკრაინის წინააღმდეგ ომზე 2014 წელს და 2022 წლის თავდასხმაზე.
პუტინია პრობლემა, ის არის საფრთხე საქართველოსთვის და არა სააკაშვილი.
საქართველოს მთავრობას აქვს მიზეზი, როცა აცხადებს და ცდილობს გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას უკრაინელების სიცოცხლისთვის ბრძოლისგანაც კი.
სააკაშვილი არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება არც აღარასდროს მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არ არის საქმე, არამედ, როგორც საქართველოს მეგობარს, მგონია, რომ საქმე არის იმის დანახვა, საიდან მოდის ნამდვილი საფრთხე და რეალური საფრთხე არ მოდის მიშა სააკაშვილისგან.
რადიო თავისუფლება: ნება მომეცით, ბატონი კასიანოვის სტატიას მივუბრუნდე, რადგან ის ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხს.
დენიელ ფრიდი: ბატონი კასიანოვისა თუ ბატონი მაიკ მაკფოლის?
რადიო თავისუფლება: ანდრი კასიანოვისა, რომელიც უკრაინის საელჩოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია და ის წერს მნიშვნელოვან შემთხვევაზე, როცა უკრაინამ საქართველოს სთხოვა დაბრუნება გარკვეული სისტემებისა, სახელდობრ „ბუკის“ კომპლექსების, რომლებიც უკრაინამ საქართველოში გამოგზავნა 2008 წლის ომის დროს.
როგორ შეიძლება საქართველომ მაქსიმალურად გაიძლიეროს თავი რუსეთის პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ? ერთ-ერთი გზა არის ტემპერატურის დაწევის ხელშეწყობა საქართველოში და ოპოზიციასთან ურთიერთობა.
აგრეთვე მოსთხოვა საქართველოს „ჯაველინის“ ანტისატანკო კომპლექსები, რომლებიც საქართველოს აშშ-მა გადასცა. "ამ უკანასკნელზე არა მხოლოდ თანხმობა იყო აშშ-ის, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობა კატეგორიულ უარს აცხადებს სამხედრო დახმარების მიწოდებაზე, უკრაინა წინააღმდეგია ეს საკითხი გამოიყენოს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებში და უარყოფს ყველანაირ ბრალდებას საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევის მცდელობაზე" - წერს კასიანოვი. საქართველოს პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმართ - როგორ აღწერდით მას?
დენიელ ფრიდი: საქართველოს მთავრობას აქვს მიზეზი, როცა აცხადებს და ცდილობს გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას უკრაინელების სიცოცხლისთვის ბრძოლისგანაც კი. მე მივესალმებოდი, საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკა რომ მიეწოდებინა და ვთვლი, რომ საქართველოს აქვს ყველა მიზეზი სთხოვოს აშშ-სა და ევროპას მხარდაჭერა რუსეთისგან ზეწოლის წინააღმდეგ. ყველაფრის მიუხედავად, მესმის ქართველების ლოგიკა, რომლებიც არიან რუსეთის საფრთხის პირისპირ და არ სურთ ამ დაპირისპირების გამწვავება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით. თუმცა, ესტონეთი აწვდის, ბალტიის ყველა ქვეყანა ასე იქცევა, პოლონეთიც, მაგრამ ისინი ნატოში არიან, საქართველო კი - არა. ასე რომ, მესმის საქართველოს პოზიცია.
საქართველოს აქვს სრული უფლება მიმართოს აშშ-სა და ევროპას და მოითხოვოს თავდაცვის საქმეში საკმარისად ეფექტიანი თანამშრომლობა, რომ საქართველო ნაკლებად მოწყვლადი იყოს.
როგორ შეიძლება საქართველომ მაქსიმალურად გაიძლიეროს თავი რუსეთის პოტენციური აგრესიის წინააღმდეგ? ერთ-ერთი გზა არის ტემპერატურის დაწევის ხელშეწყობა საქართველოში და ოპოზიციასთან ურთიერთობა. მოდით, განვიხილოთ პოლონეთის მაგალითი, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ: ოპოზიციასა და მთავრობას ნამდვილად არ მოსწონთ ერთმანეთი, დაპირისპირებულები არიან და ემოციებიც ძალიან ღრმაა. მიუხედავად ამისა, რუსეთისა და უკრაინის საკითხზე ოპოზიცია და მთავრობა მუშაობენ ერთობლივად. არსებობს ეროვნული კონსენსუსი ქვეყნისთვის სიკეთეზე. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან ოპონენტები. ოპოზიცია და მთავრობა პოლონეთში ყოველდღე უპირისპირდებიან ერთმანეთს, ყოველდღე! თუმცა, ეროვნული უსაფრთხოებისა და რუსეთის საკითხებზე ისინი ერთიან ფრონტს წარმოადგენენ. საქართველოს შეუძლია მათგან ისწავლოს - როგორ შეიძლება ერთ მომენტში გქონდეთ დაპირისპირება პოლიტიკაში და მეორე წუთში გქონდეთ ერთიანობა. საქართველოს მთავრობამ ეს შესაძლებელი უნდა გახადოს. პოლონეთის პრეზიდენტი არის ფიგურა, რომელიც თავისი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებისას უნდა დადგეს პოლიტიკაზე მაღლა. ვიმედოვნებ, ეს შესაძლებელი იქნება საქართველოშიც.
რადიო თავისუფლება: სასურველი რეალობაა, რა თქმა უნდა, თუმცა ეს მაინც არასაკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველომ საკმარისად დაცულად იგრძნოს თავი რუსეთის შემდგომი პოტენციური აგრესიისგან. რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერებისთვის, ვიდრე ეს ქვეყანა გაწევრიანდება ნატოში?
დენიელ ფრიდი: ვთვლი, რომ საქართველოს აქვს სრული უფლება მიმართოს აშშ-სა და ევროპას და მოითხოვოს თავდაცვის საქმეში საკმარისად ეფექტიანი თანამშრომლობა, რომ საქართველო ნაკლებად მოწყვლადი იყოს. საქართველოს აქვს ამის სრული უფლება. და ამისთვის საჭიროა საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს თავის მეგობრებთან პოტენციური იზოლაცია ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოლით ისეთი მიზეზებით, რომლებიც ბევრისთვის არ ხდება პატიმრობის მიზეზი.
საქართველოს, რომელიც ასხივებს სისუსტეს და შიშს, შეუძლია გაათამამოს პუტინი. საქართველო უნდა ასხივებდეს და ამისი საფუძველიც უნდა ჰქონდეს - თვითდაჯერებას.
საქართველომ მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რომ, როგორიც უნდა იყოს ქართული პოლიტიკა, საქართველო გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, იბრძოლებს თავისუფლების შესანარჩუნებლად და როცა მოითხოვს დახმარებას მეგობრებისგან, ვთვლი, რომ აშშ და ევროპა, რაც შეუძლიათ, ყველაფერს გააკეთებენ.
რადიო თავისუფლება: შეგიძლიათ თქვათ, რომ გზა, რომელსაც თქვენ ახლა აღწერდით, ხელს შეუწყობს მშვიდობას საქართველოსთვის, თუ საქართველოს დააყენებს რუსეთისგან უფრო მასშტაბური საფრთხეების წინაშე? აღნიშნეთ, რომ გესმით საქართველოს საზოგადოების, მოქალაქეების იმ ნაწილის, რომელსაც ეშინია რუსეთის და მათ არ მოეწონებოდათ ნაბიჯები საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ევროატლანტიკურ გზაზე. და მაინც, შეგიძლიათ უფრო მკაფიოდ განმარტოთ, თუკი საქართველო შეუდგება მეტი თავდაცვითი საშუალებების, უსაფრთხოებაში მეტი დახმარების თხოვნას, დაეხმარება თუ არა ეს მშვიდობას საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ არის ოკუპირებული ქვეყანა, სადაც ომი არ დასრულებულა, მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს ფორმალურად? რას იტყოდით?
სააკაშვილის პატიმრობა, ჩემი აზრით, სარგებლის მომტანია პუტინისთვის, და არა საქართველოსთვის, ვინაიდან ეს საკითხი ახდენს საქართველოს იზოლაციას მისი მეგობრებისგან...
დენიელ ფრიდი: საქართველოს მთავრობამ და საქართველოს საზოგადოებამ - ორივემ უნდა იფიქრონ შემდგომ ნაბიჯებზე და მე როგორც ამერიკელი, არ ვაპირებ გითხრათ, რა გააკეთოთ, ეს ჩემი საქმე არ არის. ვიტყოდი იმას, რომ საქართველოს, რომელიც ასხივებს სისუსტეს და შიშს, შეუძლია გაათამამოს პუტინი. საქართველო უნდა ასხივებდეს და ამისი საფუძველიც უნდა ჰქონდეს - თვითდაჯერებას. მან პუტინს მკაფიოდ უნდა დაანახოს, რომ საქართველო არ იქნება ადვილი სამიზნე. ვიცით, რომ რუსეთის არმია წარუმატებელია უკრაინაში. ისინი დაზიანდნენ, მათ მძიმე დარტყმა განიცადეს. საქართველომ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ არ სურს კონფლიქტი რუსეთთან, მაგრამ მზად არის თავი დაიცვას.
არ მგონია, საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანების საკითხის გააქტიურება ახლა ძალიან პროდუქტიული იყოს, მაგრამ ჩვენ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობთ, არამედ ვლაპარაკობთ საქართველოს მიერ თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ნაბიჯების გადადგმაზე და იმის უზრუნველყოფაზე, რომ რუსეთისთვის ეს იყოს ნათელი.
2008-ში საქართველოს არმია ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ის არ განადგურებულა. ისინი მზად იყვნენ თბილისის დასაცავად და პუტინმა უკან დაიხია. საქართველოს ჰქონდა აშშ-ს პოლიტიკური მხარდაჭერა და პუტინი შეჩერდა. ახლა ვითარება უარესია, ვინაიდან ვიცით, რომ პუტინი მზად არის ბევრად დიდი ნგრევისთვის, თუმცა, მას შეიძლება არ სურდეს კიდევ ერთი ომის წამოწყება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი მას ეცოდინება, რომ საქართველოს შეუძლია და სურს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს რთული საკითხია. არ არის მარტივი.
არიან დასავლეთში ისეთები, ვისაც ჰგონია, რომ იქნება სტაგნაცია და უკრაინა ვერ შეძლებს დიდი ტერიტორიის დაბრუნებას. არ მგონია ეს მართალი იყოს. ბრძოლის ველი გადაწყვეტს ბევრ რამეს.
საქართველოს მთავრობას აქვს სრული უფლება სიფრთხილისა და დაფიქრების. ამავე დროს, საქართველოს არ აქვს უფლება ჩაეფლოს მეორეხარისხოვან საკითხებში - სააკაშვილის პატიმრობა, ჩემი აზრით, სარგებლის მომტანია პუტინისთვის, და არა საქართველოსთვის, ვინაიდან ეს საკითხი ახდენს საქართველოს იზოლაციას მისი მეგობრებისგან და ეს მუშაობს ვლადიმირ პუტინის სასარგებლოდ.
რადიო თავისუფლება: მესმის საქართველოსნაირი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხის სირთულე - საქართველოს რუხ ზონაში დატოვება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მას, არამედ ეს უკავშირდება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას და როგორც თქვენ ბრძანებთ, საქართველო შეიძლება იქცეს მაკომპენსირებელ, იოლ სამიზნედ კრემლისთვის, უკრაინის შემდეგ. მეორე მხრივ, ნატო ვერ აიძულებს საქართველოს ალიანსის წევრობას. თქვენს ინტერვიუში ამბობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ამ ფაზის შემდეგ, ყველა მზად უნდა იყოს გადაწყვეტილებების მისაღებად. რას გულისხმობთ „რუსეთ-უკრაინის ომის ამ ფაზა“-ში? ვერ ხედავთ ამ ომის დასასრულს ახლო პერსპექტივაში, გნებავთ, წელს, როგორც ამას ბევრი ვარაუდობს?
დენიელ ფრიდი: მე არ ვიცი და არ მგონია, ვინმემ იცოდეს, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. ბევრი თვლიდა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა სამ დღეში, ერთ ან ორ კვირაში. ეს ასე არ მოხდა. უკრაინამ საპასუხოდ შეუტია რუსეთს და დაიბრუნა თითქმის ნახევარი იმ ტერიტორიისა, რომელიც რუსეთმა ომის პირველ კვირებში დაიკავა. არიან დასავლეთში ისეთები, ვისაც ჰგონია, რომ იქნება სტაგნაცია და უკრაინა ვერ შეძლებს დიდი ტერიტორიის დაბრუნებას. არ მგონია ეს მართალი იყოს. ბრძოლის ველი გადაწყვეტს ბევრ რამეს.
ისე ჩანს, რომ უკრაინა უძლებს რუსეთის დარტყმებს მის ინფრასტრუქტურაზე. დასავლეთს არ ეტყობა, რომ გადაიღალა უკრაინის მხარდაჭერით. გასულ კვირაში აშშ, გერმანია და საფრანგეთი შეთანხმდნენ უკრაინისთვის დაჯავშნული მანქანების გაგზავნაზე. ეს ძალიან დიდი საქმეა. ეს ნიშნავს, რომ პუტინის გათვლა, რომ დასავლეთი დაიღლებოდა და უკრაინისთვის დახმარებას არ გააგრძელებდა, მთლად ზუსტი ვერ არის. კონდოლიზა რაისმა და ბობ გეიტსმა, რომლებიც საქართველოს კარგად იცნობენ, დაწერეს თვალსაზრისი, რომელშიც აცხადებენ, რომ, თუკი უკრაინა ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან წინსვლას რუსეთთან დაპირისპირებაში 2023-ში, დრო ვლადიმირ პუტინის სასარგებლოდ იმუშავებს. შესაძლოა, ისინი მართლებიც იყვნენ.
რადიო თავისუფლება: და წერენ, რომ ასეთ შემთხვევაში გაიზრდება დასავლეთის ზეწოლა უკრაინაზე - ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე წასვლის შესახებ. ჩემი შემდეგი შეკითხვა სწორედ ამ სტატიას ეხებოდა.
დენიელ ფრიდი: უკრაინაზე ზეწოლა ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებზე წასვლის თაობაზე, რაც დღეს პუტინს ასარგებლებდა, ახლა არ არის ძლიერი. ამ საკითხს სწევენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც აზრზე არ არიან, რას ლაპარაკობენ, როცა ამბობენ, რომ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს რუსეთის პირობების მიღებით და მთელი ზეწოლა უნდა იყოს უკრაინაზე. ეს უაზრობაა. თუმცა, თუკი 2023-ში იქნება სტაგნაცია და უკრაინა ვერ დაიბრუნებს მეტ ტერიტორიას, მაშინ შეიძლება ზეწოლა გაიზარდოს. მაგრამ - არა ახლა, არა ახლა. ერთ წელიწადში, დიახ, შეიძლება ასეც მოხდეს - თუკი იქნება ჩიხი, ზეწოლა გაიზრდება, თუმცა ფრონტზე სტაგნაცია არ არის, ის მოძრაობს: თუ რუსები წინ მიიწევენ, უკრაინელები ახორციელებენ წარმატებულ კონტრშეტევებს. ბოლო წარმატებული კონტრშეტევა იყო, როცა უკრაინელებმა დაიბრუნეს დნეპრის მარჯვენა ნაპირი, ჩრდილო-დასავლეთი. ეს ნოემბრის დასაწყისში, არც ისე დიდი ხნის წინ, სულ რაღაც ორი თვის წინ იყო. ვნახოთ, რა მოხდება ზამთარში. ცუდი შეთანხმებისკენ უკრაინაზე ზეწოლა შესაძლოა გაიზარდოს, მაგრამ ამის დრო არ დამდგარა და შეიძლება არც არასდროს დადგეს.