2 ადგილით წინ - სად არის საქართველო 2023 წლის "ძლიერი" პასპორტების რეიტინგში

ქართული პასპორტი - საილუსტრაციო ფოტო

კომპანია Henley & Partners-ის მსოფლიო საპასპორტო ინდექსის რეიტინგში, რომელიც ყველაზე „ძლიერ“ და ყველაზე „სუსტ“ პასპორტებს გამოავლენს, საქართველო 2023 წელს 50-ე ადგილზეა. რეიტინგის სათავეში იაპონიაა, რომლის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა (ან ვიზის ადგილზე მოთხოვნა) შეუძლიათ მსოფლიოს 193 ქვეყანაში. ბოლო ადგილზე ავღანეთია, საიდანაც უვიზოდ მხოლოდ 27 ქვეყანაშია მოგზაურობა შესაძლებელი.

რა არის World Passport Index და რის მიხედვით ადგენენ ყველაზე „ძლიერ“ და „სუსტ“ პასპორტებს?

ჰენლის პასპორტის მსოფლიო ინდექსი არის მსოფლიოს ქვეყნების პასპორტების რეიტინგი, რომელიც დგება იმის მიხედვით, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია უვიზოდ მოგზაურობა მის მფლობელს.

Henley & Partners ლონდონში დაფუძნებული გლობალური მოქალაქეობისა და რეზიდენციის საკონსულტაციო ფირმაა.

სწორედ ამ ნიშნის მიხედვით მიიჩნევა ზოგიერთი პასპორტი უფრო მძლავრ პასპორტად, ვიდრე სხვები.

რას ეფუძნება მონაცემები?

Henley & Partners-ის World Passport Index-ის ანგარიში ეფუძნება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ექსკლუზიურ მონაცემებს, რომელიც მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის უდიდესი და ყველაზე ზუსტი მონაცემთა ბაზაა.

საქართველო - რეიტინგში

საქართველოს მოქალაქეებს მათი პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ 116 ქვეყანაში. ამ მაჩვენებლით, 2023 წელს, საქართველოს საპასპორტო ინდექსის რეიტინგში 50-ე ადგილი უკავია.

2021 წელს (115 მიმართულება - უვიზოდ) საქართველო 55-ე ადგილზე იყო. 2022 წელს საქართველოს ეკავა 52-ე ადგილი - 116 მიმართულება - უვიზოდ.

თუ გაინტერესებთ რამდენ ქვეყანაში გაჭრის თქვენი ქვეყნის პასპორტი უვიზოდ მოგზაურობის დროს, ამ საიტზე შედიხართ და საძებო სისტემით ეძებთ თქვენს ქვეყანას.

ასე მოძებნა სისტემამ საქართველოს პასპორტი.

რომელი ქვეყნების პასპორტები ლიდერობს 2023 წელს ჰენლის პასპორტის ინდექსის მიხედვით?

  1. იაპონია (193 მიმართულება);
  2. სინგაპური, სამხრეთ კორეა (192 მიმართულება);
  3. გერმანია, ესპანეთი (190 მიმართულება);
  4. ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი (189 მიმართულება);
  5. ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი (188 მიმართულება);
  6. საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი (187 მიმართულება);
  7. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, შეერთებული შტატები, ჩეხეთი (186 მიმართულება);
  8. ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა (185 მიმართულება);
  9. უნგრეთი, პოლონეთი (184 მიმართულება);
  10. ლიტვა, სლოვაკეთი (183 მიმართულება).

ვის ერგო 2023 წელს ყველაზე „ცუდი“ პასპორტების სტატუსი ჰენლის ინდექსის მიხედვით?

102. ჩრდილოეთ კორეა (40 მიმართულება);

103. ნეპალი, პალესტინის ტერიტორია (38 მიმართულება);

104. სომალი (35 მიმართულება);

105. იემენი (34 მიმართულება);

106. პაკისტანი (32 მიმართულება);

107. სირია (30 მიმართულება);

108. ერაყი (29 მიმართულება);

109. ავღანეთი (27 მიმართულება).

ქართული პასპორტის რეიტინგი წლების მიხედვით

საპასპორტო ინდექსის რეიტინგის სათავეში იაპონია უკვე ზედიზედ მეხუთე წელია ექცევა.

რუსეთი ამ სიის 49-ე ადგილზეა.

აზერბაიჯანი 76-ე, სომხეთი კი 79-ე ადგილს იკავებენ.

Henley & Partners-ის თავმჯდომარე, დოქტორი კრისტიან ჰ. კაელინი, რომელმაც თითქმის 20 წლის წინ გამოიგონა პასპორტის ინდექსის კონცეფცია, აცხადებს, რომ ეს კვლევა იმაზეც მეტყველებს, თუ რას ნიშნავს „პასპორტის ძალა“ ფინანსური თვალსაზრისითაც. მისი თქმით, „ჰენლის პასპორტის ინდექსი“ ზომავს უვიზო წვდომას მსოფლიოში 227 მიმართულებით, რაც მოგზაურთათვის ძალიან საჭირო ინსტრუმენტია.

ჩვენი უახლესი კვლევა იმაზეც გვიქმნის წარმოდგენას, როგორია მზარდი ეკონომიკური უთანასწორობაც, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სამყაროს“, - აცხადებს კრისტიან ჰ. კაელინი.

გლობალური ინვესტიციების ექსპერტი ჯეფ დ. ოპდაიკი კი ამბობს, რომ მართალია, ადამიანები თავიანთ პასპორტებზე არ ფიქრობენ ფინანსურ ჭრილში, მაგრამ სინამდვილეში „ძლიერი პასპორტი“ მხოლოდ გადაადგილების თავისუფლებას კი არ ნიშნავს, არამედ უფრო დიდ, ფინანსური თავისუფლებასაც ინვესტიციების და სამეწარმეო შესაძლებლობების თვალსაზრისით.