11 იანვარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიდევ ერთი სასულიერო პირი არის ეჭვმიტანილი.
საქმე ეხება ჟიტომირის ეპარქიის სპასო-პოკროვის ქალთა მონასტრის ეკლესიის მსახურს. სბუ-ს ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ ეს პირი „საჯაროდ უჭერდა მხარს რუს ოკუპანტებს და ამართლებდა მათ სამხედრო დანაშაულებს“ „ტელეგრამის“ არხ „რუსკაია ვესნაში“.
„იქ ის ოკუპანტებს მოუწოდებდა, გაანადგურონ უკრაინელები და ხელში ჩაიგდონ კიევი“, - ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. ეჭვმიტანილი ასევე აგიტაციას უწევდა უკრაინის მოქალაქეებს, არ იმსახურონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. მიმდინარეობს გამოძიება.
შემოდგომაზე უკრაინის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ობიექტებში ჩხრეკა დაიწყეს. ეკლესიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ფორმალურად კვლავაც რჩება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურაში. იტყობინებიან, რომ საგამოძიებო ღონისძიებების დროს, მათ შორის, კიევ-პეჩორის ლავრის ტაძრებში, სხვათა შორის იპოვეს „დიდი რაოდენობით ანტიუკრაინული მასალა“, ასევე დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეპარქიის სტრუქტურების ხელმძღვანელებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.