რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის, ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ირწმუნება, რომ ამ დაჯგუფების „ქვედანაყოფებმა კონტროლქვეშ აიღეს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის მთელი ტერიტორია“. პრიგოჟინის ეს განცხადება წუხელ, ტელეგრამით გაავრცელა მისმა პრესსამსახურმა. პროგოჟინის თანახმად, სოლედარის „ცენტრში წარმოიქმნა ქვაბი, სადაც ქალაქის ბრძოლები მიმდინარეობს“. მისივე მტკიცებით, სოლედარზე შეტევაში "ვაგნერის" გარდა, არცერთი სხვა ქვედანაყოფი არ მონაწილეობდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია, რომელიც სოლედარზე კონტროლის დაკარგვას დაადასტურებს.
ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს სოლედარის დამცველმა უკრაინელმა სამხედრომ უთხრა, რომ ქალაქში კრიტიკული სიტუაციაა და დაღუპულთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ აღარავინ ითვლის. მისი ინფორმაციით, შენობები ხან ერთი და ხან მეორე მხარის ხელში გადადის და 10 იანვრის საღამოს მდგომარეობით გაურკვეველი იყო, სოლედარის რა ნაწილს აკონტროლებენ რუსები.
ასევე ნახეთ ISW: პრიგოჟინი სოლედარს იყენებს ერთადერთ წარმატებულ ძალად "ვაგნერის" წარმოსაჩენადუკრაინის ხელისუფლებამ 9 იანვარს დაადასტურა, რომ რუსეთი ძლიერ შეტევას აწარმოებს დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარზე. ოფიციალური პირების თანახმად, რუსმა სამხედროებმა სოლედარში გადაჯგუფება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოსკოვმა 6-7 იანვარს, ცალმხრივად გამოაცხადა ე.წ. საშობაო ზავი.
10 იანვარს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური იუწყებოდა, რომ რუსეთმა სოლედარში ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია და სავარაუდოდ, ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
სოლედარი მდებარეობს ქალაქ ბახმუტთან, რომლის დაპყრობა, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მთავარ ოპერატიულ ამოცანად რჩება, თუმცა, ზეწოლის გაძლიერების მიუხედავად, უახლოეს ხანში ვერ შეძლებს ბახმუტის ალყაში მოქცევას, რადგან უკრაინის სამხედრო ძალებს შექმნილი აქვთ მდგრადი თავდაცვის ხაზი.