რას (არ) შეუფასებს ევროკომისიის მორიგი დოკუმენტი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას - ახალი დეტალები

ევროკავშირის დროშები ბრიუსელში, ევროკომისიის შენობის წინ

ევროკომისიის ანგარიში, დოკუმენტი რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა, ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოსა და უკრაინის საკანონმდებლო ბაზის მზაობას, მოლდოვასთან შედარებით, დადებითად აფასებს. ამავე დროს, მიუთითებს, რომ სამივე ქვეყანას, მიზნის მისაღწევად, წინ ბევრი სამუშაო აქვს.

ახალი ანგარიში, რომელსაც ევროკომისია მალე გამოაქვეყნებს, არ შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკურ კრიტერიუმებს, რაზეც გასულ ზაფხულს, უკვე გამოქვეყნდა კრიტიკული შეფასებები. ის არც საქართველოსთვის დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს აფასებს.

გზა წევრობისაკენ

2022 წლის 3 მარტს საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვის კვალდაკვალ, ევროკავშირის წევრობაზე შეიტანა განაცხადი.

ჩვეულებრივ, გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და რთულია. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყნისათვის ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის ფონზე, ბიუროკრატიული პროცესების დაჩქარების შანსი გაჩნდა.

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა კომისიამ, არადამახასიათებელი სისწრაფით განხილვების შემდეგ, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ამ სტატუსის მისაღებად წინაპირობა დაუწესა – 12 რეკომენდაციის შესრულება.

ასევე ნახეთ 12 პუნქტის შესასრულებლად ევროკომისია საქართველოს ვადას უგრძელებს - რას ნიშნავს ეს? 

რას (არ) აფასებს ახალი დოკუმენტი

ბრიუსელის გადაწყვეტილება ეყრდნობოდა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებებს. როგორც „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი შენიშნავს, ევროკომისიამ ივნისში გაწევრიანების, ძირითადად, პოლიტიკურ კრიტერიუმებზე გაამახვილა ყურადღება.

ახალი დოკუმენტი, რომლის პირველადი ვერსიაც „რადიო თავისუფლებას“ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, ტექნიკური დეტალებით შეავსებს ევროპული კომისიის მიერ ივნისში გამოქვეყნებულ მოსაზრებას საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე. ის არის, ასე ვთქვათ, ევროკომისიის მოსაზრების მეორე ნაწილი.

ახალი ანგარიში, რომელიც იანვარში გამოქვეყნდება, აფასებს ქვეყნის შესაძლებლობას, მიიღოს ევროკავშირის სრული კანონმდებლობა. ავტორების სიტყვებით, ეს არის „სტრუქტურული ანგარიში“, რომელიც მისდევს ევროპული საბჭოს მიერ 1993 წელს კოპენჰაგენში მიღებულ კრიტერიუმებს (ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმებს).

რიკარდ იოზვიაკი განმარტავს, რომ ეს დოკუმენტი აჩვენებს, რამდენად შეესაბამება თითოეული ქვეყანა ევროკავშირის საერთო საკანონმდებლო ჩარჩოს „ყველა სფეროში - მეცნიერებიდან დაწყებული გარემოს დაცვითა და საგარეო და უშიშროების პოლიტიკით დამთავრებული“.

რაც შეეხება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესის შეფასებას, - ევროკომისია ამ საკითხს 2023 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს.

ასევე ნახეთ მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი - ევროკავშირის გაფართოების ტექნიკური დეტალები

რას ვიგებთ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის შეფასების დოკუმენტებიდან?

დაახლოებით 50-გვერდიანი დოკუმენტები აღწერს, თუ რა აქვს გაკეთებული და გასაკეთებელი სამ ქვეყანას 32 სფეროში. თითოეულ სფეროში ქვეყნების მიღწეული პროგრესის შესაფასებლად ანგარიშის ავტორები იყენებენ 5-ეტაპიან სკალას:

  1. მომზადების ადრეული ეტაპი;
  2. მომზადების გარკვეული დონე;
  3. საშუალოდ მომზადებული;
  4. მომზადების კარგი დონე;
  5. კარგად განვითარებული;

სამივე დოკუმენტის ანალიზის შედეგად ასეთი სურათი იკვეთება:

  • საქართველო 7 სფეროში იმყოფება „ადრეულ ეტაპზე“, უკრაინა - 6-ში, მოლდოვა კი - 16-ში;
  • „გარკვეულ დონეზე“ საქართველო მომზადებულია 16 სფეროში, უკრაინა - 19-ში, მოლდოვა კი - 13-ში;
  • საქართველო „საშუალოდ მომზადებულია“ 8 სფეროში, უკრაინა - 5-ში, მოლდოვა კი მხოლოდ 2-ში
  • უკრაინას 2 სფეროში აქვს მომზადების „კარგი დონე“, მოლდოვასა და საქართველოს კი მხოლოდ 1-ში;
  • 5-იანზე, ანუ „კარგად განვითარებული“ სფერო არ არის არცერთ ქვეყანაში .

საგარეო, უშიშროების და თავდაცვის პოლიტიკა

ერთადერთი სფერო, რაშიც სამივე ქვეყანა, ამ ეტაპზე საუკეთესო, „მომზადების კარგ დონეს“ აჩვენებს, არის საგარეო ურთიერთობები.

„მომზადების კარგი დონე“ აქვს უკრაინას „საგარეო, უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ სფეროშიც, საქართველო და მოლდოვა კი აქ მხოლოდ „საშუალოდ მომზადებულები“ არიან.

შესაბამის ქვეთავში ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს:

  • უნდა შეეძლოთ პოლიტიკური დიალოგის წარმართვა ევროკავშირის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში,
  • უნდა იზიარებდნენ ევროკავშირის განცხადებებს,
  • მონაწილეობას იღებდნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებებში და
  • გამოიყენონ შეთანხმებული სანქციები და შემზღუდავი ზომები.

სწორედ ამ ლოგიკას მიჰყვება ამ ქვეთავში ევროკომისიის შეფასებები. ანგარიშის თანახმად:

  • საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების პოლიტიკასთან და შემზღუდავ ზომებთან თანხვედრის 51-61%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ბოლო პერიოდში კი ეს მაჩვენებელი შემცირდა [13 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 42%-მდე იყო შემცირებული].
  • მოლდოვის შემთხვევაში, საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების პოლიტიკასა და შემზღუდავ ზომებთან თანხვედრის მაჩვენებელი 60-80%-ია, - და დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებელი ბოლო პერიოდში იზრდება.
  • უკრაინა კი [საგარეო და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის] „უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებთან თანხვედრის შედარებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს“, - 2020-21 წლებში 81-76%.

კიდევ ერთი საკითხია სანქციები

საქართველოსა და მოლდოვაზე ნათქვამია, რომ ისინი არ შეერთებიან რუსეთისთვის და ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციების გლობალურ მექანიზმს (საქართველოს შემთხვევაში დამატებით ვკითხულობთ, რომ ქვეყანა არც ბირმის (მიანმარის) წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეერთებია).

განსხვავებულია უკრაინის მაგალითი, - ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, ეს ქვეყანა ცნობს ავტონომიური სანქციების დაწესების შესაძლებლობას; მეტიც, მისი სანქციები რუსეთის მიმართ უფრო ფართოა, ვიდრე ევროკავშირისა, და ქვეყანას მათი აღსრულების ეფექტური მექანიზმებიც აქვს.

სამივე ქვეყნის შემთხვევაში ხაზგასმულია ევროკავშირის „ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის“ (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობა.

საქართველო დასახელებულია, როგორც აქტიური კონტრიბუტორი CSDP მისიებისა, მაგალითად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში; მოლდოვის შემთხვევაშიც ნათქვამია, რომ ქვეყნის სამხედრო პერსონალი არაერთ მისიაში იღებდა მონაწილეობას. უკრაინის შემთხვევაში, გარდა ამ მისიებში შეტანილი წვლილისა, ხაზგასმულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ევროპული თავდაცვის სააგენტოს შეთანხმება არაერთ სფეროში თანამშრომლობაზე.

იქვე წერია, რომ „უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან კიბერსაფრთხეებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავების საქმეში“ და მითითებულია, რომ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო ფართოდ ემთხვევა ევროკავშირის კანონმდებლობას. დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე ჩანაწერები მოლდოვისა და საქართველოს ანგარიშებში არ გვხვდება.

სავარაუდოდ, სწორედ ამ განსხვავებებმა განაპირობა სამ ქვეყანას შორის საგარეო, უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში მითითებული პროგრესის დონეებს შორის დიფერენცირება.