ჩემს სოფელს არასდროს რქმევია ხიაცხა - ბრძოლა გეოგრაფიული სახელებისთვის აფხაზეთში

ბანერზე გამშვები პუნქტი ენგური-ხიაცხა, სოფელი ჭუბურხინჯი ქართულად

ზუსტად 10 წლის წინ სალომემ საბერიოში დაიძინა და აბერკიტში გაიღვიძა. გალის რაიონში მის მშობლიურ სოფელს, სადაც 2 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, დე ფაქტო ხელისუფლებამ სახელი 2013 წელს გადაარქვა.

"ჩემს სოფელს არასდროს რქმევია აბერკიტი. თავიდან პაპინრხუა დაარქვეს და მერე შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ აბერკიტზე შეუცვლიათ. რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩემთვის. არა მგონია, ოდესმე დამკვიდრდეს, ორივე სახელი ძალიან არაბუნებრივად ჟღერს", - გვეუბნება სალომე. ის და სხვებიც საუბარში ახლაც თავიანთ სოფელს ისევ ძველ მეგრულ სახელს, საბერიოს ეძახიან.

13 წლის წინ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა, იგივე ე.წ. სახალხო კრებამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვით, 2013 წლის ბოლოსთვის გალის რაიონის 20-ზე მეტი სოფლის მეგრული და ქართული დასახელება აფხაზურით შეიცვალა. მაგალითად, ჭუბურხინჯი გახდა ხიაცხა, ნაბაკევი - ბათაიგუარა, დიხაზურგა - აბააკიტ, პირველი ოტობაია - ხაშტა, მეორე ოტობაია - ბგოურა.

გალის რაიონის სოფლების მეგრული სახელწოდებები, რომლებიც 2013 წელს აფხაზურით შეიცვალა.

აფხაზურ პოლიტიკურ ელიტას მაშინ არგუმენტად ის მოჰყავდა, რომ ასე აღდგებოდა "ისტორიული სამართლიანობა". ამ გადაწყვეტილების შემდეგ გალის რაიონის სხვადასხვა დაწესებულებაზე: ადმინისტრაციულ შენობებზე, სკოლებსა და საბავშვო ბაღებზე, ბანკებზე, სოფლის ავტობუსებზე აფხაზური ტოპონიმები გაჩნდა.

ბანერზე გამშვები პუნქტი ენგური-ხიაცხა, სოფელი ჭუბურხინჯი ქართულად

"ჩემმა 9 წლის შვილმა მკითხა: ჩვენს სოფელს ჭუბურხინჯი ხომ ჰქვია და სოფლის ავტობუსს ხიაცხა რატომ აწერიაო?", - ჰყვება გალის რაიონის კიდევ ერთი მკვიდრი.

სოფელ საბერიოს მკვიდრი მოსწავლის სკოლის რვეული. საბერიოს ნაცვლად სკოლის მისამართად მითითებულია აბერკიტი

"რა ჰქვია აგუარადუ?! არ ვიცოდი. ვიცი, რომ სახელი გადაერქვა, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ, არა მგონია, ჩვენს სოფელს ახალი სახელი დავუძახოთ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ფართონოხორის მკვიდრი. გალის ამ სოფელში დაახლოებით 1 100 ადამიანი ცხოვრობს. ფართონოხორიც, დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აგუარადუ გახდა.

გუგლის რუკებისგან განსხვავებით, გუგლის ამინდის პროგნოზის აპლიკაცია გალის რაიონის სოფლების აფხაზურ დასახელებებს იყენებს.

აფხაზეთში ქართული ტოპონიმების შეცვლა 2013 წლამდე (სანამ ეს პროცესი ეთნიკურად ქართველებით დასახლებულ გალსაც შეეხებოდა) ბევრად უფრო ადრე დაიწყო. აფხაზეთის პირველმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძინბამ "ისტორიული სახელების დაბრუნებაზე" ბრძანებას გაგრის აღებისთანავე, 1992 წელს მოაწერა ხელი. ქართულ სოფლებს სწორედ მაშინ გადაარქვეს სახელები გაგრაში. ასევე სახელები შეუცვალეს ქუჩებს სოხუმში, გუდაუთაში, გაგრაში და სხვა რაიონებში. ომის შემდეგ განთიადი გახდა ცანდრიფში, ლიძავა - ლძაა, წებელდა - ცაბალ, ლესელიძე - გეჩრიფში, შრომა - გუმა, თავისუფლება - იაშტხუა, კელასური - აბგიძარა, ტამიში - ტამშ და ასე შემდეგ.

ქართული გეოგრაფიული სახელები აფხაზეთში, რომელიც 1992-1993 წლების ომის შემდეგ აფხაზურით შეიცვალა.

"დევნილებად გამოძევებული მოსახლეობის ყოფილ საცხოვრებელ ზონებს, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისთვის, აფხაზური მხარე აფხაზურ სახელებს ანიჭებს. ის უფრო შორსაც მიდის და რეალურად უძველესი დროიდან არსებულ დასახლებებს, რომლებსაც მეგრული სახელები აქვს, აფხაზურად გადანათლავს ხოლმე… ეს არის წარსულით მანიპულირების ინსტრუმენტი, რადგან ჯგუფები აცხადებდნენ, რომ მათი სახელების ვერსია უფრო ძველი იყო და, შესაბამისად, ისინი იყვნენ კონკრეტული ტერიტორიის ძირძველი მოსახლეობა", - ამბობს ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიდან.

აფხაზურ-ქართული ტოპონიმები აფხაზეთში ვნებათაღელვის საფუძველი იყო საბჭოთა დროსაც. ჯერ კიდევ 1930-1950 წლებში მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს აფხაზეთში სახელები თბილისის მოთხოვნით შეეცვალა.

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატისა და ენათმეცნიერის, ვალერი კვარჩიას თქმით, საბჭოთა პერიოდში, როდესაც აფხაზეთში სხვადასხვა კუთხიდან ჩასახლებულებმა ახალი ქართული დასახელებებიც ჩაიტანეს, ტოპონიმების 58% ქართულით შეიცვალა. სწორედ მის ინიციატივაზე დაყრდნობით მიიღო დე ფაქტო მთავრობამ 2013 წელს გადაწყვეტილება გალის სოფლებისთვის დასახელებების შეცვლის შესახებ. თავის მხრივ, ვალერი კვარჩია აღნიშნავდა, რომ გზამკვლევი მათთვის აფხაზეთში ქართველი მეცნიერის, პაატა ცხადაიას, კვლევები გახდა.

2013 წელს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში პაატა ცხადაია ამბობდა, რომ მისი ნაშრომების ხსენებით გაოცებული იყო, რადგან გალის სოფლებისთვის დარქმეული ახალი სახელების უმრავლესობა მას არც კი გაეგო.

"ასეთი სახელები მე იქ საერთოდ არ გამიგონია. რაც სამურზაყანოს [გალის რაიონის ძველი სახელწოდება რ.თ.] სოფლებში აფხაზური იყო, არაფერი გამომიტოვებია, ლექსიკონში ყველაფერია. დიხაზურგა, საბერიო, ჭუბურხინჯი და სხვები ისტორიული სახელებია ილორამდე ანუ მდინარე ღალიძგის მარცხენა ნაპირამდე. იმის აქეთ, მდინარე ენგურამდე კი მთლიანად მეგრელები ცხოვრობდნენ", - ამბობდა მეცნიერი "ამერიკის ხმასთან".

ტოპონიმები, როგორც ეროვნული და ტერიტორიული იდენტობის მახასიათებელი ნიშნები, მგრძნობიარე თემაა ეთნიკური ჯგუფებისთვის. გეოგრაფიული სახელების გარშემო კამათი თანმდევი პროცესია სხვა ეთნიკური ხასიათის შემცველი კონფლიქტებისთვისაც. მთიან ყარაბაღში ტოპონიმების გამო დღემდე კამათობენ აზერბაიჯანელები და სომხები. როგორც წესი, გამარჯვებული ჯგუფები ისტორიული კვალის, მათ შორის გეოგრაფიული სახელწოდებების წაშლის ხარჯზე ცდილობენ დაამტკიცონ, ვინ იყო ამ ტერიტორიაზე ავტოქთონი და სამშობლოზე, მიწაზე უპირატესობას ისინი ტოპონიმებზე მანიპულირებით ცდილობენ.