რუსეთის დუმის დეპუტატი სულტან ხამზაევი აპირებს საგამოძიებო კომიტეტს მიმართოს, რათა მან სისხლის სამართლის საქმე აღძრას მსახიობ არტურ სმოლიანინოვის წინააღმდეგ. თანამედროვე რუსული კინოს პოპულარულმა მსახიობმა, რომელიც უკრაინაში შეჭრას მწვავედ აკრიტიკებს, რუსეთი ომის დაწყების შემდეგ დატოვა.
ახლახან, „ნოვაია გაზეტა. ევროპასთან" ინტერვიუში სმოლიანინოვმა განაცხადა, რომ ომში მონაწილეობის შემთხვევაში, უკრაინის მხარდასაჭერად იბრძოლებდა. უფრო ადრე მსახიობმა თქვა, რომ მხოლოდ ზიზღს განიცდის მათ მიმართ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ ცნობით, დუმის დეპუტატმა სულტან ხამზაევმა არტურ სმოლიანინოვს „მოღალატე“ უწოდა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართავს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს. რომელი მუხლით, ხამზაევს არ დაუკონკრეტებია.
მსახიობის გვარის დასახელების გარეშე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ "მოღალატეებს" მხოლოდ კანონის მიხედვით უნდა ექცეოდნენ, მაგრამ, თუ კანონი არ მუშაობს და მიზანს ვერ აღწევს, „ომის მდგომარეობის განსაკუთრებული წესები“ უნდა გამოიყენონ. მედვედევის თანახმად, ომების დროს ყოველთვის იყო ასეთი "სპეციალური წესები" და იყვნენ „უზადოდ შეუმჩნეველი ადამიანების ჯგუფები“, რომლებიც ამ წესებს „შედეგიანად ასრულებდნენ".
ასევე ნახეთ "გადამწვარი უდაბნო" - რა გადარჩება რუსული კულტურიდან?2022 წლის ოქტომბერში მოსკოვის გაგარინის რაიონის სასამართლომ მსახიობი არტურ სმოლიანინოვი 30 ათასი რუბლით დააჯარიმა რუსეთის არმიის „დისკრედიტაციისთვის“. სმოლიანინოვმა, რომელიც რუსეთიდან უკვე წასული იყო, გამოცემა „მედუზას“ უთხრა, რომ მისთვის დამნაშავე სახელმწიფოს კანონები არ არსებობს.