შესანიშნავი საშობაო საჩუქარი - ზელენსკი აშშ-ის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.7 იანვარი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების მიმართ ქება გამოხატა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამო. 6 იანვარს გამოცხადებული პაკეტის თაობაზე მან თქვა, რომ ანტისატანკო ჯავშანტექნიკისა და საზენიტო რაკეტების ჩართვა ამ პაკეტში, გააძლიერებს უკრაინულ არმიას ბრძოლის ველზე.

"შესანიშნავი საშობაო საჩუქარია უკრაინისთვის", - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. "ჩვენ პირველად მივიღებთ Bradley-ს ტიპის ჯავშანმანქანებს - ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება - ახალი იარაღი და ამუნიცია, მათ შორის მაღალი სიზუსტის ახალი რაკეტები, ახალი დრონები, დროულია და ძლიერი", - თქვა მან მოგვიანებით თავის ღამის სატელევიზიო მიმართვაში.

აშშ-მა უკრაინასა და მის მხარდამჭერ ქვეყნებს გამოუყო სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომლის მოცულობა 3,75 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ 6 იანვარს განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. 682 მილიონი დოლარი გაეგზავნათ ნატოს ევროპელ წევრებს უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის შესავსებად. ბლინკენის განცხადებიდან ცოტა ხანში პენტაგონმა ახალი პაკეტის დეტალები გამოაქვეყნა. მასში უშუალოდ უკრაინისთვის შევა 50 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley; 500 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი და მათთვის 250 ათასი ჭურვი; 55 დაჯავშნილი მანქანა MRAP-ი ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით; 100 ჯავშანტრანსპორტიორი M113; „მიწა-ჰაერი“ კლასის საზენიტო რაკეტები Sea Sparrow, რომლებიც მოდერნიზებულია „ბუკის“ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გასაშვებად; 138 მაღალი გამავლობის ტაქტიკური მანქანა Hummer-ი; სისტემა HIMARS-ისთვის განკუთვნილი რაკეტები; ასევე სხვადასხვა სახის ჭურვები საჰაერო თავდაცვისა და მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემებისთვის, ტყვიამფრქვევები, სნაიპერული შაშხანები და სხვა იარაღი.

7 იანვარს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინაში არაერთი დარტყმა განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მართლმადიდებლური შობის აღსანიშნავად დღე-ნახევრით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ჯარებმა დღის განმავლობაში რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი. მისი თქმით, ბახმუტსა და კრასნაია გორაში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი ადამიანი დაშავდა.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თანახმად, რუსეთის ჯარებს თავდასხმები არ შეუწყვეტიათ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ყოველდღიურ ანგარიშში იტყობინება ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სოლედარზე რუსეთის არმიის თავდასხმების მოგერიების შესახებ.