პუტინის 36-საათიანი "საშობაო ზავის" მიღმა

ხედი რუსეთის პოზიციებისკენ ქალაქ ბახმუტიდან. 5 იანვარი, 2022 წელი.

„ფარისევლობა“, „ცინიზმი“, „პროპაგანდა“, „სიყალბე“ -  უკრაინაში თუ დასავლეთის ქვეყნებში რუსეთის პრეზიდენტს არავინ დაუჯერა, რომ 36-საათიანი „საშობაო ზავი“ უკრაინელ მორწმუნეებზე ზრუნვით, სულიერებით შთაგონებულმა გამოაცხადა.

მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრისა და მრავალთვიანი აგრესიის ფონზე, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში, რუსეთის "სამშვიდობო" ჩანაფიქრს დროის მოგების მცდელობებით ხსნიან. უკრაინამ რუსეთს უარი უთხრა, მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ პუტინის ბრძანებას რუსეთის არმიაც დაარღვევდა.

რას ნიშნავს პუტინის "ზავი"?

როცა პატრიარქ კირილეს მოწოდებების საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს „საშობაო ზავის“ გამოცხადება უბრძანა, უკრაინაში ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ რელიგიური გრძნობების გამოყენებით, კრემლი მორიგი სამხედრო „ხაფანგის“ დაგებას აპირებდა.

უკრაინელი ექსპერტი, მფრინავ-ინსტრუქტორი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი რომან სვიტანი ამბობს, რომ რუსეთი გააკეთებდა იმავეს, რაც მანამდე არაერთი „მოჩვენებითი ზავის“ დროს გაუკეთებია.

„2014 წლის შემდეგ ვხედავდით ამას... გამოცხადებული ზავის საფარქვეშ რუსეთი სამხედროებს გადააჯგუფებდა ხოლმე და მერე შეტევაზე გადმოდიოდა... ახლაც, ზუსტად 1.5-2 დღე საკმარისი იქნებოდა დამატებითი ჯარის გადასასროლად შეტევითი ოპერაციისთვის ხელსაყრელ პოზიციებზე - ზაპოროჟიეს ფრონტზე, გულიაი პოლეს მიმართულებით და ჩრდილოეთით, ლუგანსკის ოლქში, ლიმანის ან კუპიანსკის მიმართულებით... 3-4 წერტილია, სადაც ისინი შეტევითი მოქმედებების გააქტიურებას ცდილობენ. ეს ჩვენთვის ცნობილი მექანიზმია“, - ამბობს სვიტანი იუტუბარხის ეთერში. მისი შეფასებით, „ცალმხრივი ზავი ნონსენსია“ და შეუძლებელი იყო, უკრაინა რუსეთის „საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ პროვოკაციას“ აჰყოლოდა.

"მსოფლიოში ყველამ იცის, რომ ომში პაუზას კრემლი იყენებს ომის განახლებული ძალით გასაგრძელებლად", - თქვა ზელენსკიმ 5 იანვრის ვიდეომიმართვაში.

ასევე ნახეთ პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. პოდოლიაკი ამას ფარისევლობას უწოდებს
ასევე ნახეთ რუსეთის პატრიარქი "საშობაო ზავის" მოწოდებით გამოვიდა

უკრაინაში არ გამორიცხავენ, რომ 6-7 იანვარს, როცა ეკლესიებში (იულიუსის კალენდრით) შობის აღსანიშნავად ხალხი შეიკრიბება, რუსეთმა გამოიყენოს წარსულში „ნაცადი ხერხი“ და ამჯერად ეკლესიები ააფეთქოს - რუსეთის მოქალაქეებში ბრაზისა და ბრძოლის ჟინის გაძლიერების მიზნით.

7 იანვარს, შობის დღესასწაულს უკრაინაში უკვე მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებში (УПЦ МП) აღნიშნავენ. შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს უკრაინის სახელმწიფოს მიერ აღიარებული მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ).

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთმა ანგარიში არ გაუწია უკრაინის შობა-ახალი წლის დღესასწაულებს და დაბომბვები არ შეუწყვეტია.

„ალბათ რუსებისთვის გაუგებარია ადამიანური ენა. ვთავაზობ პუტინს/გუნდიაევს [რუსეთის პატრიარქი კირილე]/ სხვებს დაუბრუნდნენ 25 დეკემბერს, ანდა 31 დეკემბრის/1 იანვრის ღამეს და უკრაინელების დასახოცად გამოშვებული რაკეტებისა და სამხედრო დრონების ღმუილში განვიხილოთ „საშობაო ზავი“ - მათი გულებისთვის ძვირფასი სისხლიანი სცენების ფონზე“, - წერს პოლდოლიაკი.

"რუსული სამყარო" და ჩამორთმეული ტაძრები

6/7 იანვარს, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს (УПЦ МП) სასულიერო პირები საშობაო ლიტურგიას ვეღარ ატარებენ კიევ-პეჩორის ლავრის ყველაზე მსხვილ 2 ტაძარში (უსპენსკის და სატრაპეზოს). ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებას მათ სახელმწიფო აღარ უგრძელებს.

ასევე ნახეთ პუტინის დაგმობა ან მოსკოვთან კავშირის აღიარება - უკრაინის ეკლესიის (УПЦ) არჩევანი

კიევ-პეჩორის ლავრის ამ ტაძრებში ღვთისმსახურების უფლება გადაეცათ უკრაინის იმ მართლმადიდებელი ეკლესიის (ПЦУ) იერარქებს, რომლის ავტოკეფალიაც 2019 წელს აღიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ. ეს პროცესები მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებში „რუსული კვალის“ გამოვლენის შემდეგ დაიწყო, რამაც სასტიკად გაანაწყენა კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პაველ ლებედი (ზედმეტ სახელად „პაშა მერსედესი“ ) და სხვანი.

უკრაინის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა, მაგალითად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს (УПЦ МП) არქიეპისკოპოსი, მიტროპოლიტი ლონგინი (მიხაილ ჟარი). ვოზნესენსკის ბანჩენის მამათა მონასტრის მეუფე ხელისუფლებას ღვთის რისხვით ემუქრება.

„თქვენ გადაწყვიტეთ წაგერთმიათ ჩვენი [კიევ-პეჩორის] ლავრა - ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძარი. თქვენ შეგიძლიათ წაგვართვათ კედლები, მაგრამ ღმერთს ვერ წაგვართმევთ. მოემზადეთ, ღმერთი დაგარტყამთ თქვენ!... როცა აღდგებიან პეჩორის მამები, საშინელი უბედურება გელით!... თქვენმა მოდგმამ გააკრა ჯვარზე იესო ქრისტე და ახლა თქვენ აკრავთ ეკლესიას ჯვარზე... რატომ დაუწყეთ ბრძოლა ეკლესიას? რას ემართლებით ეკლესიას?“ - სასულიერო პირი უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას - „ანტიქრისტეს მსახურად“, ხოლო უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ПЦУ-ს „სატანისტურ ეკლესიად“ მოიხსენიებს.

მიტროპოლიტი ლონგინი თავის ქადაგებაში არ ახსენებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიებში გამოვლენილ უამრავ ფაქტს. ნოემბერ-დეკემბერში, სხვადასხვა ოლქის ასობით ეკლესიის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს "რუსული სამყაროს" ზეგავლენის დამადასტურებელი სამხილები - დიდი ოდენობით რუსული ფული, რუსული პასპორტები და სხვა სახის დოკუმენტები, რუსული პროპაგანდისტული ლიტერატურა, იარაღი და რუსი სამხედოებისთვის განკუთვნილი მშრალი საკვების შეკვრები. გახმაურდა ასევე ეკლესიების ტერიტორიაზე საეჭვო პირების ყოფნის ფაქტები და ზოგიერთი სასულიერო პირი უკრაინაში არალეგალურად მყოფი რუსეთის მოქალაქეც აღმოჩნდა.
გამოძიება მიმდინარეობს არაერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ.

  • მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს (УПЦ МП) სახელით ცნობილმა ორგანიზაციამ თავისი სახელმწოდებიდან „მოსკოვის საპატრიარქო“ 2022 წლის მაისში ამოიღო.
  • უკრაინის ხელისუფლება მას ჯერ ისევ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებში მოქმედად თვლის, რადგან, თეოლოგების განმარტებით, УПЦ-ს არ გაუწყვეტია კანონიკური კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და არ მიუღია შესაბამისი ტომოსი.
  • УПЦ-მ, მაისში გამართულ საეკლესიო კრებაზე, არ დაამტკიცა მცირე ჯგუფის ინიციატივა - აღარ მოეხსენიებინათ ლოცვებში რუსეთის პატრიარქი კირილე, რომელიც უკაინასთან ომს ღიად უჭერს მხარს.
ასევე ნახეთ აშშ ცინიზმს და პროპაგანდას უწოდებს პუტინის "საშობაო ზავს"

ასევე ნახეთ შარლ მიშელი: ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის ინიციატივა სიყალბე და ფარისევლობაა

კიევის გადაწყვეტილებას - უარი ეთქვა რუსეთის „საშობაო ზავზე“, მხარი სრულად დაუჭირა საერთაშორისო თანამეგობრობამ.

„ის [პუტინი] ცდილობს ცოტა ჟანგბადის მოპოვებას“ - ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, 5 იანვარს, პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას უკრაინაში რუსეთის მიერ ცალმხრივად გამოცხადებულ „საშობაო ზავთან“ დაკავშირებით. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ინიციატივა „საინტერესოა“ იმ ფონზე, როცა „ის [პუტინი] მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, ეკლესიები 25 დეკემბერსაც [შობა] და ახალ წელსაც“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში პუტინის „ზავი“ ცინიზმად შეაფასეს და 5 იანვარს იქაც გაიხსენეს, რომ საახალწლო დღეებში რუსეთი ბომბავდა მშვიდობიან ადამიანებს, მათ შორის - უკრაინის დედაქალაქშიც. „ზავის“ შეთავაზება პუტინს რეალურ სამშვიდობო ინიციატივად არც პენტაგონმა ჩაუთვალა.

ინიციატივა „სიყალბედ და ფარისევლობად“ შეფასდა ევროპაშიც. ევროკავშირის ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთი - ცალსახა აგრესორი, ხოლო უკრაინა მსხვერპლია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ ასეთი ზავი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას ვერ მოუტანს უკრაინელ ხალხს, რომელიც „რუსეთის ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურ შიშში ცხოვრობს".

პუტინს არც თავისიანები უჯერებენ?

„არავითარ ზავზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი!", - დაწერა ოკუპირებულ დონეცკის ოლქში კრემლის მიერ დანიშნულმა უკანონო ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა ტელეგრამარხზე, როცა პუტინის მიერ უკრაინაში გამოცხადებული "ზავის" შესახებ გახდა ცნობილი. როგორც ის ამბობს, უკრაინელებისთვის ამის შეთავაზება წინასწარვე აზრსმოკლებული იყო.

"ჩვენი პრეზიდენტის [პუტინი], როგორც მართლმადიდებელი ადამიანის, გადაწყვეტილება შეეხება მართლმადიდებლებს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია შობის დღესასწაულზე ეკლესიაში მისვლა და მსახურებაში მონაწილეობა... უკრაინის დარჩენილი ნაწილის ხელმძღვანელობას, გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ არ ვთვლით მართლმადიდებლებად“, - წერია მის განცხადებაში; მაგრამ პუშილინი მშვიდობის გარანტიებს ვერც მორწმუნეებს აძლევს. ის წერს, რომ უპასუხოდ არავინ დატოვებს უკრაინელების "პროვოკაციებს" და მათ არც პოზიციების გაუმჯობესების საშუალებას მისცემენ.

BBC-ის ცნობით, სწორედ პროვოკაციებზე საპასუხოს უწოდებს რუსეთის მხარე 6 იანვარს, "ზავის საათების" დაწყების შემდეგ გახსნილ ცეცხლს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, აფეთქებები აღირიცხა ხერსონში, კრამატორსკში, კურახოვოში და სხვაგან. მედია იტყობინება, რომ აფეთქებებს მსხვერპლიც მოჰყვა.