„ეს წიგნი არის მანგას, გრაფიკული რომანის და წიგნის ილუსტრაციის თავისებური ნაზავი“ - ასე აღწერს „სტუმარ-მასპინძლის“ ილუსტრაციების ავტორი, მხატვარი თინა ცხადაძე-რატიანი, ვაჟა ფშაველას მანგას სახით გამოცემულ პოემას, რომელიც იაპონურად ენათმეცნიერმა იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა.
ვაჟა ფშაველას გმირებთან და ზოგადად, მის სამყაროსთან მიახლოება, შემდეგ კი ამ სამყაროს მანგაში დახატვა მარტივი ამოცანა რომ არ იქნებოდა, ეს თინა ცხადაძემ თავიდანვე იცოდა. როცა საქმეს შეუდგა და „სტუმარ-მასპინძელიც“ ხელახლა გადაიკითხა, მიხვდა, რამდენი რამ გასხლტომოდა ხელიდან თავის დროზე, პოემის წაკითხვისას:
„მუშაობა რომ დავიწყე, ჯერ შინაგანი დიალოგი მქონდა ვაჟას გმირებთან და თავად ავტორთანაც. ჯოყოლას ვეკითხებოდი, მოეწონებოდა თუ არა ასეთი თავისი თავი... ზვიადაურსაც. მთლიანად ვიყავი მოცული ვაჟას სამყაროთი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მიახლოებას. თან ძალიან ფრთხილად მივიკვლევდი გზას ვაჟა ფშაველას და მისი ჯადოსნური სამყაროსაკენ, მის მიმართ ჩემი ფაქიზი დამოკიდებულების გამო“.
თავიდან სცენარის კეთება დაიწყო იმისთვის, რომ დასახატად მთავარი და ნაკლებად მთავარი მომენტები ამოერჩია და მაშინ აღმოაჩინა, რომ არაფერი ამ ტექსტში არ იყო უმნიშვნელო, ქვის ჩამოგორების ხმაც კი.
მანგა, როგორც წესი, მთლიანად დიალოგებზეა აგებული, ვაჟასთან კი დიალოგს თხრობა ცვლის, გარემოს აღწერა, პაუზები - ამიტომ ასე ადვილად ის ვერ იქცეოდა ტრადიციულ კომიქსად. მხატვარს არც ის უნდოდა, რომ მანგის ხიბლი დაკარგულიყო - ამიტომ საბოლოოდ არც დიალოგის ე.წ. „ღრუბლები“ დაკარგა, მაგრამ წიგნს გრაფიკული რომანის ელემენტებიც დაემატა.
„ასე გასერიოზულდა ჩემი მანგა“, - ამბობს თინა ცხადაძე.
როგორი უნდა ყოფილიყო ახალი ზვიადაური, ახალი ჯოყოლა, ახალი აღაზა? როცა ტიპაჟები ერთხელ უკვე ვინმეს შეუქმნია, იმავე გზაზე დადგომის ცდუნება მხატვარს შეიძლება მაინც გაუჩნდეს. ამიტომ თინა ამაზეც ბევრს ფიქრობდა. ამბობს, რომ რამდენიმე ტიპაჟის ხასიათი თავის მეგობრებში აღმოაჩინა და შესაძლოა, ესეც არის მიზეზი, რომ „სტუმარ-მასპინძლის“ მისეულ გმირებს თანამედროვე იერიც დაჰკრავთ.
„რაც ნამდვილად ვიცოდი, ატმოსფერო, რომელიც აქვს ვაჟას პოემებს, აუცილებლად უნდა შემენარჩუნებინა“.
„სტუმარ-მასპინძლის“ მანგის შავ-თეთრ ილუსტრაციებს მინიმალისტურად ერევა ორი ფერი: ჯოყოლას გამჭოლი ცისფერი თვალი და დასასრულს, კაშკაშა წითელი პირიმზე, რომელიც უფსკრულს გადაჰყურებს - მხატვრისთვის ის აღაზას მეტაფორაა.
„თავიდანვე, ჩემს წარმოსახვაში ჯოყოლა ალხასტაიძე ლურჯთვალა იყო. ლურჯი მარადისობის ფერია. თანდათან იმასაც მივხვდი, რომ ჯოყოლა ამ ფერივით გამჭოლი პერსონაჟია, გადამწყვეტი ტიპაჟი, რომელიც მთელ იმ სისასტიკეს, ტრადიციას, დრამატიზმს გადაჭრის და უფრო მაღლა დგება, უსასრულობაში მიდის. ამიტომ ამ ფერს აქვს სიმბოლური მნიშვნელობაც. მეორე ნახატშიც, სადაც აღაზაზე აქვს ხელი მოხვეული, საგანგებოდ ერთი თვალი დავუტოვე. ერთი გამჭოლი თვალი. ეს მართალი თვალია... წითელი ყვავილი კი ჩემთვის აღაზას პორტრეტია. მისი მეტაფორა. და რასაც ბოლოს ეს ქალი აკეთებს, ეს თავისი მეუღლის ჰუმანიზმის და თავგანწირვის თანასწორი საქციელია“.
თინა ცხადაძის ილუსტრაციებში ვერც წაქცეულ ზვიადაურს ნახავთ. ამბობს, ვერაფრით ასეთი ზვიადაური ვერ დავხატეო:
„ამიტომ ვარჩიე ეს სცენა დამეხატა ისე, რომ მისი სულიერი მდგომარეობა უფრო გამომეჩინა, მისი სულიერი სიმტკიცე“.
„სტუმარ-მასპინძლის“ მანგის გაკეთების იდეა ისტორიკოს მანანა ნიქაბაძეს ეკუთვნის. წიგნის გრაფიკული დიზაინერი - ეთო გაბაშვილია, ქართული ვერსიის რედაქტორი კი საბა ცაბაძე. წიგნი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და ის მალე წიგნის მაღაზიებშიც გამოჩნდება. თინა ცხადაძის ილუსტრაციების ნახვა კი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 15 იანვრამდეა შესაძლებელი.
„სტუმარ მასპინძლის“ მთარგმნელი, იასუჰირო კოჯიმა კი გვიყვება, რომ ვაჟას სამყარო, საქართველოს მთიანეთი, მისი ესთეტიკა, ტრადიციები, იაპონელი მკითხველისთვის სრულიად უცხო, წარმოუდგენლად შორეული სამყაროა, მაგრამ მიუხედავად ამისა, „სტუმარ-მასპინძლის“ გმირების ქცევაში მაინც აღმოჩნდა იაპონელებისთვის გასაგები რამდენიმე დეტალი - მაგალითად, მტრის მიმართ პატივისცემა, მტრის ღირსების დაფასება - მსგავსი რამ არც ძველი იაპონელი მებრძოლების ფილოსოფიისთვის იყო უცხო.
Your browser doesn’t support HTML5
რადგან ამჯერად ვაჟა ფშაველას ეს პოემა და მისი იაპონური თარგმანი (ორიგინალ ტექსტთან ერთად) მანგის ფორმით გამოიცა, იასუჰირო კოჯიმას ვკითხეთ, იაპონურ კლასიკურ ლიტერატურასაც თუ გამოსცემენ ხოლმე მანგებად. გვითხრა, რომ ეს იაპონიაში საკმაოდ ხშირი პრაქტიკაა და გაიხსენა, რომ როცა თავადაც პატარა იყო, ასეთი მანგებით არაერთ იაპონურ კლასიკურ ნაწარმოებს გაეცნო.
იასუჰირო კოჯიმამ ქართული ენის შესახებ წლების წინ, იაპონიაში, უნივერსიტეტში სწავლისას შეიტყო და მომავალმა ლინგვისტმა ქართული ენის სწავლა დაიწყო. ეს დაახლოებით 20 წლის წინ იყო. პირველად ნოდარ დუბაძის მოთხრობები თარგმნა. 2018 წელს კი იაპონურად ვაჟა ფშაველას მოთხრობების და პოემების კრებული გამოსცა.
იმ წიგნში, რომლის ილუსტრაციები იაპონელ მხატვარს ტაკეჰიდე ჰარადას ეკუთვნის, შესულია „სტუმარ მასპინძელი“, „ალუდა ქეთელაური“ „გველისმჭამელი“ და ვაჟას რამდენიმე მოთხრობა.
აი, როგორ წარმოიდგინა იაპონელმა მხატვარმა „სტუმარ-მასპინძლის“ გმირები“
ეს კი ტაკეჰიდე ჰარადას მიერ დახატული „ალუდა ქეთელაურია“
იასუჰირო კოჯიმა ქართველი მწერლების თარგმნას დღესაც აგრძელებს. თითქმის დასრულებული აქვს და მალე იაპონურად გამოიცემა კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“.