კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საუკუნის წინანდელი რეკორდი მოხსნა

კევინ მაკკარტი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის 118-ე მოწვევის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა ვერც 5 იანვარს შეძლო. კევინ მაკკარტიმ, რომელიც წინა მოწვევის პალატაში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერი იყო, დღეს კი მისი პარტია უმრავლესობაშია, ისევ ვერ მიიღო სპიკერობისთვის საჭირო, სულ მცირე 218 ხმა.

მაკკარტის კანდიდატურას 20 ულტრა-კონსერვატორი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგება. მათთან კევინ მაკკარტის მომხრე თანაპარტიელების კონსულტაციებს შედეგი ჯერჯერობით ვერ მოაქვს. რესპუბლიკურ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 222 წევრი ჰყავს.

კონგრესის ქვედა პალატაში 3, 4 და 5 იანვარს, საერთო ჯამში, 11 კენჭისყრა ჩატარდა. ბოლო კენჭისყრის შედეგად მაკკარტიმ 200 ხმა მიიღო. უმცირესობაში მყოფი დემოკრატების 212 ხმა ერგო ამ პარტიის კანდიდატ ჰაკიმ ჯეფრისს. კენჭისყრა დღეს, 6 იანვარს უნდა გაგრძელდეს.

წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევის პროცესში მოხსნა საუკუნის წინანდელი რეკორდი. 1923 წელს, კონგრესის ქვედა პალატამ სპიკერის არჩევა მეცხრე კენჭისყრით შეძლო. 1859 წელს, წარმომადგენელთა პალატას სპიკერის ასარჩევად 44 კენჭისყრა დასჭირდა.

სანამ სპიკერი არჩეული არ არის, კონგრესის ქვედა პალატის წევრები ფიცს ვერ დადებენ და ვერ შეძლებენ ახალ კანონებზე მუშაობის დაწყებას.

აშშ-ში შუალედური არჩევნები 2022 წლის 8 ნოემბერს ჩატარდა. ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435-ივე და სენატის 100-დან 35 წევრი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დემოკრატიულმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა, თუმცა, შეინარჩუნა სენატში.