„ამაზონი“ 18 ათას თანამშრომელს დაითხოვს

"ამაზონის" ერთ-ერთი შენობა ტურინთან, იტალიაში.

ამერიკულმა კომპანია „ამაზონმა“ გადაწყვიტა, 18 ათასი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლოს. ეს რიცხვი რვა ათასით აღემატება ადრე გამოცხადებულ რაოდენობას.

ამ, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინტერნეტმაღაზიის, ისტორიაში ეს ამ მასშტაბის პირველი შემცირებაა. გადაწყვეტილება მიღებულია ეკონომიკური არასტაბილურობის და ბოლო ორ წელიწადში თანამშრომლების დიდი რაოდენობის აყვანის ფონზე.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ენდი ჯესიმ განაცხადა, საკადრო შემცირებები ძირითადად შეეხება გაყიდვის და თანამშრომელთა აყვანის განყოფილებებს. მისი პირობით, ყველა განთავისუფლებული მიიღებს დახმარებას და მათ დაეხმარებიან ასევე სამუშაოს მოძებნაში.

„ამაზონმა“ განსაკუთრებით გაზარდა თანამშრომელთა რიცხვი კოვიდის პანდემიის დროს, როცა მკვეთრად გაფართოვდა ონლაინ ვაჭრობა.

2022 წლის სექტემბერში "ამაზონში" მუშაობდა მილიონ-ნახევარი ადამიანი. მათი უმეტესობა კომპანიის საწყობებში იყო დაკავებული. 2022 წელს „ამაზონმა“ მკვეთრად შეანელა ზრდა. კომპანიის ხარჯები გაიზარდა, ხოლო მომხმარებელთა ყიდვის ჩვევების შეცვლამ და მზარდმა ინფლაციამ შეამცირა გაყიდვები.

გასული წლის მესამე კვარტალში „ამაზონის“ წმინდა მოგება ცხრა პროცენტით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ნოემბერში Amazon-ის აქციები ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა პანდემიის დაწყებიდან.

„ამაზონში“ შემცირება ტიპურია ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებმაც აღიარეს, რომ ბოლო წლებში ძალიან სწრაფად აფართოებდნენ პერსონალს, აღნიშნავს The Wall Street Journal-ი. "ფეისბუქის" დედობილმა კომპანია „მეტამ“ ნოემბერში გამოაცხადა, რომ გაათავისუფლებს 11000 თანამშრომელს, რაც მთლიანი მუშახელის 13%-ს უდრის. Twitter-ის ახალმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა 7500 თანამშრომელი დაითხოვა.