"საკონსულო კავშირზეა პოლიციასთან" - ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის შესახებ ცნობებს საგარეო უწყება ამოწმებს

ლიზა ქისტაური

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ. როგორც სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, "საქართველოს საელჩოში შეტყობინება არ შესულა, ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას."

ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ამ დრომდე არც ოჯახს დაუდასტურებია.

რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარო უდასტურებს, რომ ლიზა ქისტაური რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და მისი ადგილსამყოფლის შესახებ მეგობრებს ინფორმაცია არ ჰქონდათ - იგივე წყაროები მისი სიკვდილის ფაქტს არ ადასტურებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიზა ქისტაური წამებითაა მოკლული და დედას შვილის დაზიანებული სხეულის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნეს. ამავე ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, მოკლა მისმა პარტნიორმა, რომელთან ერთადაც დეკემბრის ბოლო დღეებიდან იყო გაუჩინარებული. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან მისი მეგობრები, ლიზა ქისტაურთან კავშირი 2 იანვრის შემდეგ გაწყდა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ლიზას გაუჩინარების კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც, მას და მის მეგობარს თავს დაესხნენ, თავდასხმის შედეგად მასთან მყოფი ადამიანი დაიღუპა და ლიზა იმალება უსაფრთხოების მიზნით, სანამ სამართალდამცველები თავდამსხმელს იპოვიან და დააკავებენ - ოჯახის მხრიდან არც ეს ვერსიაა დადასტურებული.

ლიზა ქისტაურს ამ დროისთვის ბოლო პოსტი "ტიკტოკზე" 25 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული მინაწერით: "ვიდეო ჩემი ქმრისთვის".