პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. პოდოლიაკი ამას ფარისევლობას უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, უკრაინაში ცეცხლი შეწყვიტონ შობის დღესასწაულზე, თუმცა კიევი აცხადებს, რომ "დროებითი ზავის" დამყარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავის ძალებს გაიყვანს უკრაინიდან.

პუტინმა 5 იანვარს რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, უბრძანა აამოქმედოს "ცეცხლის შეწყვეტა ბრძოლის მთელ ხაზზე", რაც 36 საათის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, 6 იანვრის დღის 12 საათიდან 7 იანვრის შუაღამემდე.

კრემლის თანახმად, პუტინმა უკრაინულ მხარეს მოუწოდა, "გამოაცხადონ ცეცხლის შეწყვეტა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს საშუალება მისცენ, დაესწრონ მსახურებას შობის ღამით და შობის დღეს".

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი პუტინის მოწოდებას ტვიტერით გამოეხმაურა.

"პირველი. უკრაინა თავს არ ესხმის სხვა ქვეყნის ტერიტორიას და არ ხოცავს სამოქალაქო პირებს, როგორც ამას აკეთებს [რუსეთი]. უკრაინა ანადგურებს მხოლოდ საოკუპაციო არმიის წევრებს, თავის ტერიტორიაზე... მეორე. [რუსეთი] უნდა გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - მხოლოდ მაშინ შეიძლება ამოქმედდეს 'დროებითი ზავი'. ფარისევლობა თქვენთვის შეინახეთ", - წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

პოდოლიაკმა მანამდე უარყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს მოწოდება საშობაო ზავისკენ და მას უწოდა "ცინიკური მახე და პროპაგანდის ელემენტი". როგორც პოდოლიაკი ტვიტერით წერდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "არ წარმოადგენს ავტორიტეტს გლობალური მართლმადიდებლობისთვის და გამოდის მხოლოდ 'ომის პროპაგანდისტის' როლში". პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა უტოლდება "მოწოდებებს უკრაინელთა გენოციდისკენ".

ზელენსკიმ 5 იანვარს თქვა, რომ რუსეთს "ხანმოკლე ზავი" სურს იმისთვის, რომ ძალები აღიდგინოს.