შეუძლია თუ არა კულტურას გადარჩეს რეპრესიებისა და ომის პირობებში? ჰკითხა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის საავტორო პროგრამა „არქეოლოგიის“ წამყვანმა სერგეი მედვედევმა თავის სტუმრებს - ზალცბურგის მუსიკალური ფესტივალის პროგრამების დირექტორს, თეატრმცოდნე მარინა დავიდოვასა და სოციოლოგ ანატოლი გოლუბოვსკის.
გადაცემის წამყვანი დასაწყისშივე ამბობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ანადგურებს არა მხოლოდ მეზობელ ქვეყანას, არამედ თავად რუსეთს - მის განათლებას, მეცნიერებას, კულტურას და ამას ხელს უწყობს, ერთი მხრივ, რუსეთში მიმდინარე რეპრესიები, აკრძალვები, სპექტაკლებისა და გამოფენების გაუქმება, კულტურის მოღვაწეთა ემიგრაცია, მეორე მხრივ, საქმეს აფუჭებს ისიც, რომ კულტურისა და ხელოვნების სხვა მოღვაწეები რუსეთში, ნებით უერთდებიან ახალ სამხედრო-პატრიოტულ რიტორიკას და მშვენივრად ითვისებენ სახელმწიფი ბიუჯეტის ფულსაც.
მაინც რამ მოახდინა ყველაზე დიდი დარტყმა, გაუქმებულმა სპექტაკლებმა? მსახიობების ემიგრაციამ?
„ყველაფერმა ერთად“, - პასუხობს კითხვას დავიდოვა - კულტურული სივრცე დაუჯერებელი სისწრაფით იცლება. რეჟისორები, სცენის დიზაინერები, მხატვრები, დრამატურგები - წასულები არიან ქვეყნიდან. თეატრი კი დისტანციიდან არ იქმნება.
სპექტაკლები უბრალოდ ქრება - მათ ხსნიან რეპერტუარიდან, იღებენ ფესტივალების პროგრამებიდან. ასე მოხსნეს მაგალითად, დიმიტრი კრიმოვის სპექტაკლი "კოსტიკი" ფესტივალ „ბალტიის სახლის“ პროგრამიდან. „რუსული კულტურა ქრება“, - ამბობს დავიდოვა.
ის, რაც დღეს რუსეთში ხდება, ბევრს სტალინის დროს ახსენებს - მეოცე საუკუნის 30-50-იანი წლების რეპრესიებს. თუმცა გადაცემის მეორე სტუმარი, ანატოლი გოლუბოვსკი განსხვავებას იმაში ხედავს, რომ თუ მაშინ პირდაპირ აქრობდნენ ცალკეულ სპექტაკლებს. დღეს ეს ყველაფერი რუსეთში ხდება არაფორმალურად, სატელეფონო ზარებით, კულისებში.
„ეს, ცხადია, თეატრსაც აზიანებს“, - ამბობს გოლუბოვსკი.
- მაგრამ ახლაც ხომ ქრება არათუ ერთი სპექტაკლი, მთელი თეატრებიც - „გოგოლის ცენტრი“, მაგალითად... ისიც ვიცით, რა დაემართა მეიერჰოლდის ცენტრს, - საუბარში გადაცემის ავტორი, სერგეი მედვედევი ერთვება.
- სტალინის კონსტიტუცია „მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი დემოკრატიული კონსტიტუცია“ იყო, მაგრამ მას არასოდეს შეესაბამებოდა ის, რაც ცხოვრებაში ხდებოდა. ახლაც ასეა: ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური ცენზურა, მაგრამ სინამდვილეში ის არსებობს - რეპლიკას მარინა დავიდოვა ეხმაურება.
ის უფრო შორსაც მიდის და ამბობს, დღეს რუსეთში არსებულ კულტურულ პროცესს ანტიდასავლური განწყობა აცოცხლებს.
თეატრმცოდნის სიტყვებით, ყველანაირი კულტურა, ცხადია, არ გაქრება - გაქრება ის, რომელიც ცივილიზებული დასავლური კულტურის ნაწილი იყო, თორემ თეატრები, საკონცერტო დარბაზები, მუზეუმები რუსეთში - აფიშების სიმცირეს დღესაც არ უჩივიან.
ანატოლი გოლუბოვსკი ამბობს, რომ რეპრესიები ეხება კონკრეტულ ადამიანებს. მაგალითად, ომის დაწყების შემდეგ, მოსკოვის კულტურის დეპარტამენტი ეცნობა ხელოვანთა სიებს, ჩინოვნიკები საგანგებოდ ამოწმებენ არტისტების ანგარიშებს. იდევნება ის, ვინც ომის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.
დაახლოებით იგივე ვითარებაა მუსიკის სფეროში - ბევრმა მუსიკოსმა უბრალოდ დატოვა რუსეთი. დარჩენილებზე კი რეპრესიები გავრცელდა.
ანატოლი გოლუბოვსკი ამბობს, რომ ძალიან ბევრს ეუბნებიან უარს კონსერვატორიის დიდ და ჩაიკოვსკის დარბაზში შესრულებაზე.
ის იხსენებს ალექსეი ლიუბიმოვის კონცერტის ჩაშლის ამბავსაც, თუმცა შენიშნავს, რომ „ჯერჯერობით ეს რეპრესიები არ ეხება შინაარსს“ და მისივე თქმით, მოსკოვში, ზოგიერთ თეატრში, ომის საწინააღმდეგო სპექტაკლებიც გადის.
ბოლო დროს, როცა რუსეთის კულტურასა და მასზე ომის გავლენაზე ლაპარაკობენ, სულ უფრო ხშირად ისმება კითხვა - ამ პირობებში გადარჩება თუ არა რამე ამ კულტურიდან?
ამაზე მარინა დავიდოვას პასუხია, რომ თუ პოლიტიკურ რეალობაში არაფერი შეიცვლება, რუსული კულტურა გადაიქცევა ისეთივე გადამწვარ უდაბნოდ, როგორც ეს იყო სტალინის პერიოდში.
„თავად კულტურული საზოგადოება ამის შიგნიდან შეცვლას ვერ მოახერხებს. ამ წმენდის პროცესს კი შეეწირებიან არა მხოლოდ ისინი, ვინც ხმამაღლა ლაპარაკობდნენ ომის წინააღდეგ, არამედ უბრალოდ, ნიჭიერი, "ცუდ" დასავლეთზე ორიენტირებული ადამიანები, რადგან ნებისმიერი სახის „დასავლეთელობა“ გაიგივებულია ეროვნულ ღალატთან“.
ემიგრაციაში თუა შესაძლებელი რუსული კულტურის გადარჩენა?
ამაზე მარინა დავიდოვა პასუხობს, რომ ენა კულტურული იდენტობის საფუძველია და რადგან ეს რუსეთიდან წასული პირველი ძლიერი ემიგრაციის ტალღაა, მეტი შესაძლებლობაა, ადამიანებმა არ დაკარგონ ენა, ისე, როგორც ეს ცალკეული ადამიანების შემთხვევებში ხდებოდა (მაგალითად, რუსული წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ვლადიმერ ნაბოკოვის) როცა ისინი კარგავდნენ კავშირს რუსულ ენასთან.
„მიზანი რუსული კულტურის შენარჩუნება უნდა იყოს, რომელიც არ იქნება მიბმული რუსეთის სახელმწიფოსთან“ - ამბობს დავიდოვა.
და კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დღეს რუსული კულტურის გულშემატკივრებს აწუხებთ, არის ის, თუ როგორი იქნება ის კულტურა, რაც დღეს მაინც შეიქმნება რუსეთში - ყველაფერი სამხედრო აგიტაციის ნაწილი გახდება?
ანატოლი გოლუბოვსკი ასე პესიმისტურად არ არის განწყობილი და ფიქრობს, რომ ყველა არ იქცევა პროპაგანდის იარაღად. მოჰყავს სანკტ პეტერბურგის ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი თეატრის ხელმძღვანელის, რეჟისორ ანდრეი მოგუჩის მაგალითი და იხსენებს, რომ მან თეატრალური საზოგადოების სხვა ლიდერებთან ერთად, 25 თებერვალს ხელი მოაწერა ომის საწინააღმდეგო წერილს.
დასკვნის სახით კი გადაცემის ავტორი ამბობს, რომ რუსული კულტურა ომის კულტურად იქცევა და როცა ხშირად საუბრობენ ამ კულტურის „გაუქმებაზე“, მედვედევის აზრით, არავინ აუქმებს მას იმაზე მეტად, „ვიდრე დღევანდელი რუსეთის ხელისუფლება და რუსეთის ეს დანაშაულებრივი ომი უკრაინის წინააღმდეგ“.
თავის მხრივ, რუსული „კულტურის გაუქმების“ და „კულტურული სანქციების“ თემას რუსულ სამთავრობო მედიაშიც განიხილავენ და წერენ, რომ თავად ეს „გაუქმება“ უნდა გაუქმდეს“.
ასეთ მედიებში ხშირად ნახავთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ციტატას, რომ „გაუქმების კულტურა“ დღეს „კულტურის გაუქმებად“ იქცა.
წერენ, რომ ქვეყანაში უამრავი პრემიერა იმართება, მუზეუმებში ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია და კულტურული ცხოვრებაც დუღს. თავს იმით იიმედებენ, რომ რუსეთში „ახალი სახელები“ ჩნდება. რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრმა ოლგა ლიუბიმოვამ ისიც კი თქვა, რომ ძალიან ელოდება როგორ გაიზრდება რუსული კულტურის პოპულარობა ჩინეთში, კორეის რესპუბლიკაში, ტაილანდსა და არაბულ ქვეყნებში.
მოსკოვის მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მიხაილ შვიდკოის თქმით კი, „სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ მაყურებლის ინტერესიც შეიცვალა“ და მათი ამოცანა გახდა მისცენ ადამიანებს მეტი დადებითი ენერგია, იმედი, სითბო და სიყვარული.
ვინც რუსული კულტურის ნაწილი იყო, მაგრამ ომი რაღაც ფორმით მაინც გააპროტესტა, მათ უმეტესებას რუსეთში უკვე მიანიჭეს უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი. მათი დიდი ნაწილი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა ქვეყნიდან.
დიდი თეატრის პრიმა ბალერინამ ოლგა სმირნოვამ, მაგალითად, 2022 წლის მარტშივე გამოაცხადა, რომ სამუშაოდ ჰოლანდიის ეროვნულ საბალეტო დასში გადადიოდა და ისიც დაამატა, „ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე რუსეთის გამო შემრცხვებოდა“.
დაახლოებით იმავე პერიოდში ამცნო რეპერმა „ფეისმა“ (ივან დრემინმა) თავის გამომწერებს ინსტაგრამზე, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ის ყველა კონცერტს აუქმებდა და სამუდამოდ ტოვებდა რუსეთს.
მარტის დასაწყისში ცნობილმა რუსმა კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმაც გადაწყვიტა რუსეთის დატოვება და მაშინ მან თქვა, რომ ქვეყნიდან წავლის რეალური მიზეზი რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ წამოწყებული „კრიმინალური ომი იყო უკრაინაში“.
ჩამონათვალი გრძელია.
ასევე ნახეთ “ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა” - გოგი გვახარიას ინტერვიუ ანტონ დოლინთანქვეყანა მაშინ და მოგვიანებითაც, რუსული ესტრადის ვარსკვლავებმაც დატოვეს. მათ შორის იყო ალა პუგაჩოვაც, რომელმაც საჯაროდ მიმართა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს და „მისი საყვარელი ქვეყნის“ უცხოელი აგენტების რიგებში ჩარიცხვა მოსთხოვა - ეს სტატუსი მანამდე მის მეუღლეს, კომიკოს მაქსიმ გალკინს მიანიჭეს, რომელმაც გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება უკრაინაზე თავდასხმის გამო.
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ალა პუგაჩოვამ განიცადა ყველაფერი, რაც მის კარიერას ახლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
ასევე ნახეთ რატომ უნდა ეშინოდეს პუტინს პუგაჩოვასი?ერთ-ერთი ბოლო ამბავი, რა ელის ომის გამპროტესტებელ მომღერალს რუსეთში, ვალერი მელაძის შემთხვევა იყო.
ასევე ნახეთ რუსეთის პარლამენტში მოითხოვეს ვალერი მელაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევარუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოში მოითხოვეს, რომ მომღერალს ჩამოართვან რუსეთის მოქალაქეობა - 2 იანვარს სოციალური ქსელებით გავრცელდა ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც მელაძე მისდამი მიმართვას: Слава Україні! უპასუხებს: Героям слава! რუსული მედიის ინფორმაციით, ეს ვიდეო, სავარაუდოდ, დუბაიშია გადაღებული.
ბათუმში დაბადებული პოპ-მუსიკოსი ვალერი მელაძე, რომელიც 90-იანი წლებიდან რუსეთში ცხოვრობდა და "დამსახურებული არტისტის" წოდება აქვს, არ აღმოჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერთა შორის, რის გამოც კრემლისთვის არასასურველთა "შავ სიაში" შეიყვანეს.
მოგვიანებით, მომღერალმა რუსეთში გამოწვეულ აღშფოთებას ინსტაგრამზე უპასუხა და დაწერა, რომ ათი თვეა, ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად ისიც სიმძიმის და მწუხარების გრძნობით ცხოვრობს, რადგან მის საყვარელ ხალხებს შორის კონფლიქტის გამო ადამიანები იღუპებიან და რომ მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ ახლობელ ხალხებს შორის თანხმობა დამყარდეს.
რაც დრო გადის, როგორც დამოუკიდებელ რუსულ, ისე საერთაშორისო მედიაში სულ უფრო ხშირად წააწყდებით ფრაზებს „რუსული კულტურის დასრულების“ და იმის შესახებ, რომ რუსეთის წამოწყებული ეს ომი რუსეთისავე კულტურას აუნაზღაურებელ ზიანს მოუტანს.
ასევე ნახეთ ვის არ რცხვენია რუსეთში დარჩენის?