საფრანგეთი საბრძოლო მანქანებს გაუგზავნის უკრაინას

ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, უთხრა, რომ საფრანგეთი უკრაინას რუსეთთან ომში დასახმარებლად მიაწვდის AMX-10 RC-ის მსუბუქ დაჯავშნილ მანქანებს, აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ორ ლიდერს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შემდეგ.

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, ჟურნალისტებთან საუბრისას ამ ოფიციალურ პირს არ დაუკონკრეტებია მანქანების რაოდენობა ან უკრაინისთვის მათი გადაცემის თარიღი, თუმცა თქვა, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკება გაგრძელდება სხვა მანქანების პოტენციურად მიწოდების საკითხზეც.

საფრანგეთში წარმოებული AMX-10 გამოიყენება სამხედრო დაზვერვაში. ეს არის მაღალი მობილობის მანქანა, რომლითაც ოთხ ადამიანს შეუძლია გადაადგილება.