უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 89 რუსი სამხედრო. ამის შესახებ წუხელ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მანამდე მას დადასტურებული ჰქონდა 63 სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი.
რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი სევრიუკოვის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ. რუსი გენერლის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა პოლკის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ბაჩურინი.
სევრიუკოვის განცხადებით, მაკეევკაში მომხდარი ფაქტის გარემოებებს სპეციალური კომისია იძიებს და დამნაშავე თანამდებობის პირები პასუხს აგებენ. ამასთან, რუსი გენერლის თქმით, უკვე ცხადია, რომ მთავარი მიზეზია აკრძალვის მიუხედავად პირადი შემადგენლობის მიერ მობილური ტელეფონების მასობრივად გამოყენება. რუსული მხარე ირწმუნება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სწორედ ამიტომ შეძლეს სარაკეტო დარტყმისთვის ზუსტი კოორდინატების განსაზღვრა.
გენერალ სევრიუკოვის მტკიცებით, რუსი სამხედროების საპასუხო შეტევის შედეგად განადგურებულია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომელიც უკრაინელებმა მაკეევკაზე დარტყმისთვის გამოიყენეს.
ასევე ნახეთ მაკეევკა - ახალი წლის აფეთქება 00:01 საათზე - მოსკოვი განტევების ვაცს ეძებსახალი წლის ღამით, უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო სისტემებით HIMARS ზუსტი იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მაკეევკაში მდებარე რუსულ ბაზაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო დარტყმა 2 იანვარს დაადასტურა და განაცხადა, რომ დაიღუპა 63 სამხედრო მოსამსახურე. უკრაინის გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია რუსეთის მიერ საომრად მობილიზებული 400-მდე პირი, რომლებიც პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში იმყოფებოდნენ.