მონაკო არის მეორე ყველაზე პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელიც სამი მხრიდან გარშემორტყმულია საფრანგეთით. ტურიზმი მისი ეკონომიკის მთავარი შემოსავალია. ქვეყანა ასევე მიმზიდველია მდიდარი ადამიანებისთვის, ხელსაყრელი საგადასახადო სისტემის გამო.
„სადღეგრძელო“
27 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ოკუპირებული ტერიტორიების პოტენციალზე ილაპარაკა და თქვა, რომ გაერთიანების შემთხვევაში, თბილისი რეგიონებში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებდა.
„აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო. ამის უზარმაზარი პოტენციალი აქვს. და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება“, - თქვა ღარიბაშვილმა. მონაკო, მიკროსახელმწიფო ფრანგულ რივიერაზე, ერთ-ერთი უძვირესი და უმდიდრესი ადგილია მსოფლიოში.
პრემიერს საპასუხოდ სოხუმმა 90-იან წლებში, ქართულ-აფხაზური ომის დროს მიყენებული ზარალი შეახსენა.
„ეს თანხა დაფარავდა ომის შედეგად აფხაზეთისთვის მიყენებულ მძიმე ჭრილობებს, თუ გადაიხდიან რეპარაციების სახით“, - უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი ინარ გიცბა მიიჩნევს, რომ სწორი იქნებოდა, თბილისს აფხაზეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა და ქართული აგრესიით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად რესტიტუცია გადაეხადა. „ნუ დახარჯავს ენერგიას აფხაზი მოსახლეობისთვის აშკარად მიუღებელ, აპრიორი ცარიელ წინადადებებზე… და გირჩევთ, არ დაგავიწყდეთ გულწრფელი ბოდიშის მოხდა“, - დაამატა მან.
აფხაზეთის გმირმა, ე.წ. საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწემ ასლან კობახიამ ღარიბაშვილს ურჩია, თავის ქვეყანაზე იზრუნოს და 10 მილიარდი ქართული ეკონომიკის განვითარებაში ჩადოს.
„ოცდაათი წლის მანძილზე, საქართველოს მმართველებს ასობით განცხადება აქვთ გაკეთებული სხვადასხვა სარგებლის შესახებ აფხაზეთისთვის, რის მიმართაც აფხაზური საზოგადოება ყოველთვის გულგრილი რჩება“, - თქვა კობახიამ.
ღარიბაშვილი თბილისშიც გააკრიტიკეს.
„წინასაახალწლო სადღეგრძელოს დონის და არასერიოზული განცხადებაა, - ამბობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და ამატებს, - თუ ასეთი მაგარი ხარ, დანარჩენ საქართველოში მაინც გააკეთე რამე, რომ ეს იყოს მიმზიდველი აფხაზებისთვის და ოსებისთვის. თბილისი აქციე მონაკოდ, კვირა არ გავა, შუქი და წყალი არ მიდიოდეს ჩემ სახლში, მაგალითად“.
ზაქარეიშვილის აზრით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოკუპირებულ რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოს არ უნდა ადარებდეს და აფხაზეთს რეალურ პრობლემებთან გამკლავებაში უნდა სთავაზობდეს დახმარებას.
„სოხუმში დღე-ღამეში 6 საათი სინათლე არ არის, უკვე რეგულარულად. დღეს ნომერ პირველი ამოცანა აფხაზისთვის არის ელექტროენერგია. ამაზე მაინც უნდა იყოს მსჯელობა, როგორ დავეხმაროთ ჩვენ პოტენციურ თანამოქალაქეებს“, - ამბობს ის.
პროტოკოლური თარიღები
საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ ის ოკუპირებულ რეგიონებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ მნიშვნელოვანი თარიღების დროს ახსენებს.
ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წლისთავს, 14 აგვისტოს და კიდევ ერთხელ გაიმეორა თბილისის სურვილი, მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს კონფლიქტი.
„მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას“, - განაცხადა მან.
ღარიბაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს აფხაზური ენის დღეც მიულოცა და დაამატა, რომ მთავრობა ცდილობს, გადაარჩინოს და შეინარჩუნოს უნიკალური აფხაზური ენა.
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ეს ძალისხმევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და ადგილზე მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციის პირობებში, რაც დღეს, როგორც არასდროს, აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს“.
პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ თბილისი აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის მნიშვნელოვან და მტკივნეულ თარიღებს უნდა იხსენებდეს.
„მე მუდმივად ვახსენებდი საზოგადოებას, რომ ეს ინციდენტები - სოფელ ძარის ტრაგედია, როცა 30-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, მათ შორის ქალები და ბავშვები, ასევე ლათას ტრაგედია, როცა ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - გამოსაძიებელია, აფხაზებს და ოსებს კითხვები აქვთ, რომლებზეც პასუხი ჩვენ უნდა გავცეთ“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
გზავნილები მოსკოვიდან
საქართველოს ოკუპირებული რეგიონებს სიგნალებს უგზავნიან მოსკოვიდანაც. რუსეთის პროპაგანდისტული მედიის, RT-ისა და Sputnik-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა 31 მაისს ილაპარაკა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გამშვები პუნქტის გაუქმების საჭიროებაზე.
„ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს საზღვარი. რკინის კედელი არავის სჭირდება. რისგან ვიკეტებით? ამით ხომ ჩვენსავე ხალხს, რუსეთის მოქალაქეებს ვუქმნით პრობლემას, რომლებიც ზაფხულში ბავშვებით აფხაზეთში დასასვენებლად მიდიან, დგანან ამ რიგებში გაოფლილები და წყევლიან ყველას და ყველაფერს“, - თქვა მან სოჭში, აფხაზეთის ფორუმზე.
თბილისი ხშირად იკავებს თავს ოკუპირებული რეგიონების მოსკოვთან დაახლოების შეფასებისგან.
ერთი მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით დაგმო სოხუმში რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი, როცა ხელი მოაწერეს ე.წ. საპარლამენტთაშორისო შეთანხმებას "საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების სისტემატიზების" თაობაზე.
მეორე მხრივ, ხელისუფლება ამ დრომდე დუმს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკების და მიმდებარე სანაპირო ზოლის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის განზრახვაზე.
29 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთო.
„არა მხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი – ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. მე მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ. მე მათ შევახსენებ, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან“, — უთხრა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
შეთანხმებით, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში, ბიჭვინთის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.
მეორე ფრონტი
რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, გაისმა მოწოდებები, საქართველოს დრო ეხელთა და დაეკავებინა თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ორი რეგიონი.
მარტში ქართველმა კონფლიქტოლოგებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, აქტიურად ემუშავა საერთაშორისო საზოგადოებასთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, მედიასთან და აფხაზურ და სამხრეთოსურ ელიტებთან, რათა განემტკიცებინათ რწმენა, რომ „როგორც არ უნდა წარიმართოს რეგიონში მოვლენები, თბილისი კომპრომისისა და შერიგების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მიღწევის ერთგული დარჩება“.
პარალელურად, „მეორე ფრონტის“ შესახებ აფხაზეთში ატყდა დისკუსია.
„არსებობს რეგიონში სიტუაციის გამწვავების საფრთხე, რამდენადაც დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს“, – უთხრა აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს“ ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TACC-ს 11 ნოემბერს.
დეკემბერში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბიც ალაპარაკდა.
„აფხაზეთის ხელისუფლება თბილისთან დაკავშირებით ფხიზლადაა, განსაკუთრებით იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომ ევროპელი და განსაკუთრებით, პოლონელი ემისრები ცდილობდნენ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას“, - უთხრა მან „რია ნოვოსტის“.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება გამუდმებით იმეორებს, რომ არ გახსნის "მეორე ფრონტს". თუმცა ვის ეუბნება ამას?
„მიმართავდნენ რუსეთს. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის შეჭრას უკრაინაში არ დაემატოს საქართველოს პრობლემა“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე აზრით, საქართველო ატყობინებს ცხინვალს და სოხუმს, რომ ის არ ამოვარდება რუსული პოლიტიკიდან, რომ მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკა მიმართულია რუსეთის არგაღიზიანებაზე.
„სოხუმში და ცხინვალში არიან მშვიდად. საქართველოს მხრიდან არაფერი იცვლება“, - ამბობს ის.