„თითქოს კეფიდანაც იყურებოდა“ - პელე ეროვნული საგანძურიდან

პელე

მსოფლიო პელეს ემშვიდობება. ფეხბურთელი, რომელიც FIFA-მ საუკუნის მოთამაშედ აღიარა, ხოლო მშობლიურმა ბრაზილიამ - ეროვნულ საგანძურად, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პელე, იგივე ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, 1940 წლის 23 სექტემბერს ბრაზილიაში, ტრეს-კორასოინსში (ქართულად: სამი გული) დაიბადა. მამამისი დონდინოც ფეხბურთელი იყო, თუმცა მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბის. სახელი ედსონი მშობლებმა თომას ედისონის პატივსაცემად შეურჩიეს. შინაურულად დიკოს ეძახდნენ. პელე სკოლაში შეარქვეს, თუმცა რას ნიშნავდა ეს სახელი, არც პელემ იცოდა და არც მისმა მეგობრებმა. პორტუგალიურ ენაზე ასეთი სიტყვა არ არსებობს.

15 წლის იყო პელე, როცა ბრაზილიურ გუნდ „სანტოსში“ დაიწყო თამაში, 16 წლისა უკვე ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა, 17-ის - მსოფლიო ჩემპიონატზე. სწორედ მაშინ მიიქცია ნიჭიერმა თავდამსხმელმა მსოფლიოს ყურადღება. შემდეგ წლებში პელეს უამრავი საფეხბურთო კლუბი სთავაზობდა თავისთან გადასვლას, მაგრამ ბოლომდე ბრაზილიის ერთგული დარჩა. მისი საფეხბურთო კარიერა თუ საუკეთესო თამაშები მეტწილად სწორედ „სანტოსს“ უკავშირდება. სპორტული მიმომხილველი ლაშა გოდუაძე ამბობს, რომ როცა 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პელემ მესამედ მოიგო ფიფას ოქროს თასი, ფაქტობრივად, პროფესიული კარიერაც დაასრულა. მართალია, შემდეგ ნიუ-იორკის „კოსმოსში“ გადავიდა, მაგრამ:

„ეს წლები მისთვის მხოლოდ სარეკლამო კუთხით იყო მომგებიანი, - ამბობს ლაშა გოდუაძე, - თუ შეიძლება სპორტსმენი უნაკლო იყოს, ჩემთვის ასეთი პელე იყო. ყველა უნარი, რაც ფეხბურთელს სჭირდება, უნაკლო ჰქონდა: ფიზიკური მომზადება, საგოლე ალღო, ფინტები, ტექნიკა, მოედნის ხედვა... ათასზე მეტი მატჩი აქვს ნათამაშევი. ათასზე მეტი გოლი გატანილი. ვისაც პელეს თამაშში უნახავს, იცის, მისი „ჩაკეტვა“ შეუძლებელი იყო. არ არსებობდა მცველი, რომელსაც მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ უჭირდა“.

პელე მოედანზე

პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული: 1958, 1962 და 1970 წლებში. რეკორდსმენი იყო გოლების რაოდენობითაც, თუმცა გოლი ფეხბურთელის შეფასებაში მთავარი არ არის. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალექსანდრ გენისი წერს, რომ ფეხბურთი იმდენად ბურთის თავგადასავალი არაა, რამდენადაც მის გარეშე თამაში.

„წარმოიდგინეთ, რომ ჭადრაკში, რომელსაც ფეხბურთს ხშირად ადარებენ, მხოლოდ იმ ფიგურას გვაჩვენებდნენ, რომელიც სვლას აკეთებს. ტაქტიკას მხოლოდ მაშინ იგებ და აფასებ, როდესაც მოედანს ზემოდან სრულად ხედავ. პელეს სწორედ ასეთი ხედვა ჰქონდა. მის მრავალ უნარს შორის ფართო თვალსაწიერი ერთ-ერთი მთავარი იყო. თითქოს კეფითაც იყურებოდაო. ყოველთვის მოულოდნელად და ზუსტად გადასცემდა ბურთს... „როლს როისივით“ იყო მოედანზე, ბურთით კი არ მირბოდა, ბურთით თამაშობდა, ეცეკვებოდა მოწინააღმდეგეს.

პელემ 1216 გოლი გაიტანა. ეს სტატისტიკაა, მაგრამ ფეხბურთს თავისი მეტაფიზიკაც აქვს. გოლსა და თამაშს შორის რამე მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის. გოლი შესაძლოა, თამაშის გაგრძელება იყოს, მაგრამ შესაძლოა, ყველაფერი გადახაზოს, რაც კი ამ თამაშით შეიქმნა. ფეხბურთი ცხოვრებასავით უსამართლო და ალოგიკურია. აგებენ ისინი, ვინც თამაში იცის. ხოლო, ვისაც ეს უკვე აღარ ახსოვს, ის იგებს. ფეხბურთი ხომ დაფიქრების საშუალებას არ გაძლევს... მხოლოდ მათ გააქვთ გოლი, ვისაც შეუძლია ბურთს უფრო მეტად ენდოს, ვიდრე საკუთარ თავს... და მათგან საუკეთესო პელე იყო“, - წერს ალექსანდრ გენისი.

მხიარული, გულუბრყვილო ადამიანი, რომელსაც ფეხბურთის გარდა, გიტარაზე დაკვრაც ძალიან უყვარდა, ასე ახასიათებდნენ პელეს.

როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, თავის ინსტაგრამზე პუტინს მიმართა: ძალადობას, რომელიც გრძელდება, არანაირი გამართლება არ აქვს, ეს კონფლიქტი საშინელება და გაუმართლებელია. არაფერი მოაქვს ტკივილის, შიშის და სიძულვილის გარდა..."

სიცოცხლის ბოლო წლებში კიბოს ებრძოდა, გულიც აწუხებდა. 2021 წელს მსხვილი ნაწლავის ოპერაცია გაუკეთეს. მას შემდეგ მუდმივად მკურნალობდა. ნოემბერში კოვიდის გამო სან-პაულოს საავადმყოფოში აღმოჩნდა. 22 დეკემბერს მისი მდგომარეობა საგრძნობლად გართულდა და 29 დეკემბერს გარდაიცვალა.

მარადონა და პელე

როდესაც მე-20 საუკუნის ფეხბურთზე საუბრობენ, პირველი, რაც ფეხბურთის მოყვარულებს ახსენდებათ, პელე და მარადონაა, ასევე გაუთავებელი დავა იმაზე, რომელი რომელზე უკეთესი იყო. პელე და მარადონა სხვადასხვა დროს თამაშობდნენ, ამიტომ ერთმანეთს არასდროს დაჰპირისპირებიან.

როდესაც მარადონა გარდაიცვალა, პელემ ტვიტერზე დაწერა: „მე დავკარგე დიდი მეგობარი, სამყარომ კი - ლეგენდა. იმედი მაქვს, ერთ დღეს ზეცაში ერთად შევძლებთ ფეხბურთის თამაშს."