გიული ალასანიას თქმით, ედუარდ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს

ედუარდ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს. ამის შესახებ თქვა ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ, რომელიც მანამდე მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ პატიმართან შესვლის წესები გამკაცრებულია, თუმცა არ იცის, რას უკავშირდებოდა უარი უშუალოდ ედუარდ სააკაშვილის შემთხვევაში.

"გამკაცრებულია წესები. რა ვიცი, ამ ვირუსების თუ რაღაცის გამო. ედუარდის შემთხვევაში, არ ვიცი.

მისი [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, როგორც ყოველთვის. სისუსტე და უმადობა გრძელდება. ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს", - განაცხადა გიული ალასანიამ.

ედუარდ სააკაშვილის მიხეილ სააკაშვილთან არშეშვების მიზეზის გასარკვევად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა პენიტენიურ სამსახურს, პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" 12 მაისიდან მკურნალობს.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მისი სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. შემდეგი სხდომა 29 დეკემბერს არის დანიშნული.

ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.

22 დეკემბერს სასამართლო სხდომაზე ჩვენება მისცა ამერიკელმა ფსიქიატრმა ერიკ გოლდსმიტმა და თქვა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.