უკრაინას სურს, გაეროში სამშვიდობო სამიტი თებერვლის ბოლოს გაიმართოს

დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, მისი მთავრობის სურვილია, თებერვლის ბოლოს გაიმართოს სამშვიდობო სამიტი, რომლის შუამავალიც იქნება გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.

"გაერო, ალბათ, საუკეთესო ადგილი იქნება ასეთი სამიტისთვის", - უთხრა კულებამ სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" და დასძინა, რომ სამიტი მოემსახურება "ყველას ჩართვას პროცესში".

რუსეთი ამგვარ სამიტზე მიწვეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მანამდე ის ომის დანაშაულთა ტრიბუნალზე წარდგება, თქვა კულებამ, რომელიც ერთი დღით ადრე გამოვიდა მოწოდებით, რუსეთი გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან, "ენერგეტიკული ტერორის" გამოყენებისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში.

კულებამ დასძინა, რომ დიპლომატია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონფლიქტის დასრულებაში და თქვა, რომ უკრაინა მიესალმება გუტერეშის მონაწილეობას, რადგან ის ეფექტიანი შუამავალია და პრინციპების ერთგული.

კულებამ, ამავე დროს, უგულებელყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და რუსეთის სხვა წარმომადგენლების განცხადებები, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებისთვის. "ისინი რეგულარულად აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის, რაც სიმართლე არ არის, რადგან ყველაფერი, რასაც ისინი ბრძოლის ველზე სჩადიან, საპირისპიროს ამტკიცებს", - უთხრა კულებამ სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს".