თსუ-ს პირველ კორპუსში ხმაური იყო, სტუდენტები რექტორის არჩევის წესს აპროტესტებენ

"მაისის სტუდენტური მოძრაობა" ცდილობს აუდიტორიის კარის გადაკეტვას

"მაისის სტუდენტური მოძრაობა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის "არადემოკრატიული წესით" არჩევას აპროტესტებს. რექტორის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სტუდენტები უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შეიკრიბნენ. სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ ისინი შეეცადნენ საარჩევნო ოთახის კარის გადაკეტვას, თუმცა უნივერსიტეტის დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.

"მაისის სტუდენტურმა მოძრაობა ვცდილობდით საარჩევნო ოთახის, 107-ე აუდიტორიის კარის გადაკეტვას, სადაც აპირებენ ხვალ არადემოკრატიული წესით აირჩიონ რექტორი. ვცდილობდით მაგიდები და სკამები დაგვედგა გარშემო. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი გორაშვილი, რომელმაც ჯერ ფიზიკურად იძალადა სტუდენტზე, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

ცნობისთვის: ხვალ რექტორის არჩევნებია უნივერსიტეტში, რომელიც არადემოკრატიული წესით ტარდება, რექტორის კანდიდატი წინასწარვე შერჩეულია და ის მხოლოდ ერთია. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა. ვითხოვთ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და გახდეს დემოკრატიული და არა მცირე კლანის მიერ მართული. რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო და სამთავრობო ელიტა და არა აკადემიური სივრცე!" - წერს "მაისის სტუდენტური მოძრაობა".

მოძრაობა ასევე ავრცელებს ვიდეოს უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან, რომელშიც ჩანს, რომ სტუდენტები ცდილობენ აუდიტორიის კარი მაგიდებით ჩაკეტონ.

თსუ-ს რექტორის არჩევნები ხვალ, 27 დეკემბერსაა დაგეგმილი. მასში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კანდიდატი, ჯაბა სამუშია, იღებს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლად იგი 2022 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს.

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე აკადემიურ საბჭოს 7 ოქტომბერს მიმართა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე პირველი ვადით 2016 წელს, ხოლო მეორე ვადით - 2020 წელს აირჩიეს.

სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2014-2017 წლებში კი - ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.