რუსეთმა ძებნა გამოაცხადა Bellingcat-ის ჟურნალისტ ხრისტო გროზევზე

ხრისტო გროზევი, გამომძიებელი ჟურნალისტი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფედერალური ძებნა გამოაცხადა ორგანიზაცია Bellingcat-ის გამომძიებელ ჟურნალისტზე, ხრისტო გროზევზე, იუწყება "მედიაზონა", რომელიც აქვეყნებს ბარათს სამინისტროს ბაზიდან. მუხლი, რომლითაც გროზევი იძებნება, დაკონკრეტებული არ არის.

Bellingcat-ი აქვეყნებს გამოძიებებს, რომლებშიც ხშირადაა მოხსენიებული სპეცსამსახურები, ცნობილი პოლიტიკოსები, ფინანსისტები. ჯგუფი ირწმუნება, რომ თავის საქმიანობაში მხოლოდ ღია წყაროებს იყენებს. Bellingcat-ის საგამოძიებო მასალებს შორისაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გარემოებები.

ზაფხულში "ეფესბემ" გამოაცხადა, რომ გროზევს შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს უკრაინის დაზვერვის ოპერაციასთან.

ივლისში რუსეთის სპეცსამსახური იუწყებოდა, რომ ჩაშალა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია, რომელიც შეეხებოდა რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების გატაცებას. სახელმწიფო ტელეარხ "რასია-24"-ზე გავიდა სიუჟეტი, რომელშიც აცხადებდნენ, რომ გროზევმა იპოვა ორი კურიერი, რომლებსაც თანხა უნდა გადაეცათ გატაცებაზე დათანხმებული რუსი მფრინავისთვის. "ეფესბეს"
ოფიციალურ შეტყობინებაში ეს დეტალები დაკონკრეტებული არ არის.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გროზევმა უარყო ცნობები მისი მონაწილეობის შესახებ რომელიმე სპეცსამსახურის ოპერაციაში. მისი თქმით, Bellingcat-ის ჯგუფი იღებდა დოკუმენტურ საგამოძიებო ფილმს იმაზე, თუ როგორ ცდილობენ "ეფესბე" და უკრაინის სპეცსამსახურები ერთმანეთის მოტყუებას.

ხრისტო გროზევი ბულგარული წარმომავლობისაა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის ევროპაში ცხოვრობს. Bellingcat-თან გროზევი 2015 წლიდან თანამშრომლობს.

Bellingcat-ი 2014 წელს დააარსა ბრიტანელმა ჟურნალისტმა ელიოტ ჰიგინსმა. ორგანიზაციის სათავო ოფისი ჰოლანდიაში მდებარეობს. ივლისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ Bellingcat-ი არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიტანა.