უკრაინა გამოვა მოწოდებით, რუსეთი გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან

დმიტრო კულება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიევი აპირებს გამოვიდეს მოწოდებით, "ენერგეტიკული ტერორის" გამოყენებისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთი გაირიცხოს გაეროს უშიშროების საბჭოდან.

"ჩვენ ძალიან მარტივი კითხვა გვაქვს: აქვს რუსეთს უფლება დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად ან გაეროში იყოს, ზოგადად?" - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 25 დეკემბერს გამოსვლაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. "გვაქვს დამაჯერებელი და განსჯაზე დაფუძნებული პასუხი - არა", - დასძინა მან.

კულება ამბობს, რომ უკრაინა თავის პოზიციას ოფიციალურად გამოხატავს 26 დეკემბერს. მინისტრის თქმით, გაეროს დიპლომატიურ წრეებში უკვე განიხილება რუსეთისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მუდმივი წევრის სტატუსის ფლობის საკითხის მიზანშეწონილობა.

"ეს საკითხები ჯერჯერობით ღიად არ განიხილება პრესკონფერენციებსა თუ სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურების განცხადებებში, მაგრამ უფრო დაბალ დონეზე ადამიანები სვამენ კითხვას - როგორი უნდა გახდეს რუსეთი იმისთვის, რომ აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის?" - ამბობს კულება.

რუსეთი ერთ-ერთია გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთსა და ჩინეთთან ერთად, რაც მას აძლევს ძალას ვეტო დაადოს ნებისმიერ რეზოლუციას. 15-წევრიან, გავლენიან საბჭოს შეუძლია ბევრი ნაბიჯი გადადგას გლობალური კრიზისების გადასაჭრელად. მათ შორის გასცეს უფლება სამხედრო მოქმედებაზე და დააკისროს სადამსჯელო სანქციები ცალკეულ სახელმწიფოებს.

რუსეთს ადანაშაულებენ საერთაშორისო კანონის დარღვევაში, ცივ ზამთარში უკრაინაში წყლის და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებით. რუსეთის მიერ რაკეტებითა და დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს კიევი უწოდებს "ენერგეტიკული ტერორის" აქტებს, რომელთა მიზანია უკრაინელი ხალხის ნების გატეხა.