საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება "ელჩების კონფერენციას", რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის მიწვეულ სტუმრებს შორის იყო.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიზეზი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე არ მივიდა, იყო პროტოკოლის წესების დარღვევა.
"საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ გაცხადებაში.
რადიო თავისუფლება ცდილობს ამ საკითხზე პასუხის მიღებას საგარეო საქმეთა სამინისტროდან.
დღეს, 26 დეკემბერს, თბილისში გაიხსნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2022", რომელიც ორ დღეს გასტანს. დღეს კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
ასევე ნახეთ დარჩიაშვილი: როდესაც წარმატებულ ქვეყნებს კრიზისი აქვთ, საქართველო განაგრძობს განვითარებასმასალა განახლდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაცხადების გავრცელების შემდეგ.