რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომზე დაიღუპა 3 რუსი სამხედრო მოსამსახურე.
სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 26 დეკემბერს, მოსკოვის დროით 01:35 საათისთვის, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა, ენგელსის აეროდრომთან მიახლოებისას, დაბალ სიმაღლეზე ჩამოაგდეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, აპარატის ნამსხვრევებით სასიკვდილო ჭრილობები მიიღო აეროდრომზე მყოფმა სამმა სამხედრომ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა.
უკრაინულ მხარეს რუსეთის ტერიტორიაზე დრონით შეტევის შესახებ, ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
პირველი ცნობები აფეთქების შესახებ, გამთენიისას გავრცელდა ტელეგრამ-არხებით. მოგვიანებით, რუსულმა გამოცემა Baza-მ დაწერა, რომ წინასწარი მონაცემებით, ენგელსის აეროდრომზე 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.
ასევე ნახეთ "რუსეთში აღარ არის მშვიდობიანი ადგილები" - უკრაინული დრონების ამბავი მსოფლიოს მოედოეს არ არის უკრაინის ტერიტორიიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ სარატოვის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დრონით შეტევის პირველი შემთხვევა. 5 დეკემბერს, უკრაინელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში ქალაქ ენგელსში და ასევე, რიაზანის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე. რიაზანში დაიღუპა 3 რუსი სამხედრო.