რუსული წყაროების ცნობით, აფეთქება მოხდა სარატოვის ოლქის სამხედრო აეროდრომის რაიონში

ფოტო არქივიდან. ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომის სატელიტური ფოტო

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსის სამხედრო აეროდრომის რაიონში, გვიან ღამით აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქალაქის მცხოვრებნი ტელეგრამ-არხებით იუწყებიან.

გამოცემა Baza-ს ინფორმაციით, ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ცნობებს სამხედრო ობიექტზე მომხდარი "შემთხვევის" შესახებ, ძალოვანი სტრუქტურები ამოწმებენ. ბუსარგინმა „ქვეყნის საზღვრებიდან შორს შექმნილი თავხედური ტყუილი“ უწოდა ცნობებს ენგელსიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ და მოქალაქეებს შეახსენა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

5 დეკემბერს, უკრაინელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინიდან 700 კილომეტრით დაშორებული სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში და ასევე, რიაზანის ოლქში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე. დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95.

ასევე ნახეთ "რუსეთში აღარ არის მშვიდობიანი ადგილები" - უკრაინული დრონების ამბავი მსოფლიოს მოედო