ირანი: დასავლეთის განცხადებები მიუთითებს ირანული დრონების "ეფექტიანობაზე"

საილუსტრაციო ფოტო

ირანის არმიის მაღალჩინოსნის თქმით, დასავლეთის განცხადებები, რომ ირანული წარმოების დრონებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს, მიუთითებს ამ დრონების "ეფექტიანობაზე". ამ განცხადებას ირანის მედია ავრცელებს 25 დეკემბერს.

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ადანაშაულებენ ირანული წარმოების დრონების გამოყენებაში უკრაინაზე თავდასხმებისას, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სამოქალაქო და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას.

ამის პასუხად, დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს რამდენიმე ირანულ ფირმას და სამხედრო გენერლებს, მათ შორის ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ მოჰამად ბაღერის.

თეირანი უარყოფს იარაღის მიწოდებას უკრაინის ომში "გამოსაყენებლად", თუმცა ნოემბრის დასაწყისში აღიარა, რომ რუსეთს მართლაც გაუგზავნა დრონები უკრაინაში შეჭრამდე.

"გარდა იმისა, რომ ამ განცხადებებიდან ბევრი, შესაძლოა, უბრალოდ ყალბი იყოს, ეს, რეალურად, მოწმობს ისლამური რესპუბლიკის ეფექტიანობას, მნიშვნელობას და მაღალ რანგს დრონების სფეროში", - ამბობს ბაღერი, რომლის სიტყვებსაც ავრცელებს სააგენტო "ტასნიმი".