ანი წითლიძე: „არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას“

ანი წითლიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ანი წითლიძე, ექიმების მოწოდების მიუხედავად, არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, ვიდრე ხელისუფლება არ მიიღებს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილებას.

„დღეს არის დღე, როცა დაიბადა ქრისტე, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვების გამო და რომელმაც გვითხრა, გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უყავი შენს მოძულეებსო. ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს მინდა ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს ადამიანი და მისი სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ. არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას“, - განაცხადა ანი წითლიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრი ანი წითლიძე მე-11 დღეა შიმშილობს. როგორც მედიკოსები ამბობენ, მოშიმშილე დეპუტატი სითხესაც კი შეზღუდულად იღებს, რის გამოც ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია წონის მკვეთრი დეკომპენსაცია და ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. 16 დეკემბერს აქციის მონაწილეებს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია, რომელიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 23 დეკემბერს კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმაც.

საქართველოს პარლამენტში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან მედიკოსები, რომლებიც მოშიმშილე დეპუტატს მუდმივ მონიტორინგს უწევენ. მათი თქმით, ანი წითლიძეს სხეულის წონის 11 კგ-ზე მეტი აქვს დაკარგული.