უნგრელები ყველგან - ბილბორდებზე, პლაკატებზე, ბროშურებზე, „ფეისბუკში“, ახალ ამბებში - უყურებენ ბომბის გამოსახულებას, რომელიც უნგრულ დროშას უმიზნებს. ბომბს ზედ „სანქციები“ აწერია. „ბრიუსელის სანქციები გვანადგურებს!“ - აწერია პლაკატებს.
ეს წარწერები სახელმწიფოს მიერ წარმოებული კამპანიის ნაწილია, რომელიც მილიონობით დოლარი დაჯდა. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა ცდილობს 10 მილიონი უნგრელის დარწმუნებას, რომ მათ ეროვნულ უსაფრთხოებას ბომბები კი არა, სანქციები ემუქრება.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ორბანი ცდილობს უკრაინაში მიმდინარე ომი საკუთარი პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენოს. ეს კამპანია ორ მიზანს ემსახურება: ერთი, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსული გაზისა და ენერგომატარებლების წინააღმდეგ ეროვნული უსაფრთხოების საკითხად წარმოაჩინოს და მეორე, ამავე დროს, მილიონობით უნგრელი მიაჩვიოს მეზობლად მიმდინარე ჰუმანიტარულ და გეოპოლიტიკურ კატასტროფას.
არჩევნებმა ვითარება შეცვალა
თებერვალში ორბანის მდგომარეობა სათუო ჩანდა. არჩევნები ახლოვდებოდა და გამოკითხვები წინასწარმეტყველებდნენ, რომ, შესაძლოა, „ფიდეშის“ 12-წლიანი მმართველობა აპრილში დასრულებულიყო. ინფლაცია მატულობდა და ორბანის წინასაარჩევნო სუბსიდიები ვერავის ატყუებდა. მისი ტრადიციული „კულტურული ომი“ იმიგრანტებისა და ლგბტ თემის წინააღმდეგ დიდწილად ნეიტრალიზებული იყო - მისი ოპონენტებიც სოციალურად კონსერვატიულ ფრთას წარმოადგენდნენ. ორბანის სიმპათიები მოსკოვისა და პეკინის მიმართ აზიანებდა ურთიერთობებს ევროკავშირისა და ნატოს მოკავშირეებთან.
ამ დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავს დასხმოდა უკრაინას, გაემდიდრებინა რუსეთი და შეეცვალა საერთაშორისო წესრიგი.
ორბანის პირველი კომენტარი ასეთი იყო - მთავარია, უნგრეთის ომში ჩართვა არ დავუშვათ. „ეს არ უნდა მოხდეს“, - თქვა მან 28 თებერვალს - „მოგიწოდებთ სტრატეგიული სიმშვიდისკენ. დღეს სწორედ ეს გვჭირდება.“
ერთი თვის შემდეგ, როდესაც არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები რჩებოდა, ორბანმა საპროგრამო სიტყვით მიმართა უნგრეთს. მან უკრაინელების გაჭირვებას კი არ გაუსვა ხაზი, არამედ კონკრეტულად „ასობით ათასი უნგრელის“ ბედს, რომლებიც დასავლეთ უკრაინაში ცხოვრობს - ეთნიკური უნგრელების თემა წლების განმავლობაში იწვევს დაძაბულობას ბუდაპეშტსა და კიევს შორის. უნგრეთის პრემიერს არც რუსეთის იმპერიალიზმი დაუგმია - რუსეთისა და უკრაინის „ინტერესებზე“ ილაპარაკა და აშშ-ისა და ევროპის მოტივები დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
„ჩვენი ინტერესები უნდა დავიცვათ“ - თქვა ორბანმა - „ომისგან შორს დავიჭიროთ თავი. არც ერთი უნგრელი არ უნდა მოექცეს უკრაინის გრდემლსა და რუსეთის უროს შორის.“
„ლაკმუსი“, ფაქტების შემმოწმებელი უნგრული ორგანიზაცია, ორბანის წინასაარჩევნო სტრატეგიას ასე აღწერდა - „ფოკუსი საშინაო საკითხებიდან გადავიდა გეოპოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე. ოპოზიციის საწინააღმდეგო მესიჯები გადაზელილი იყო კრემლის მხარდამჭერ და ანტიუკრაინულ ნარატივებში, რომლებსაც შემდეგ უზარმაზარი პროსამთავრობო „მედიაეკოსისტემა“ ავრცელებდა.“ არაერთხელ ისმოდა ბუნდოვანი ბრალდებები „საიდუმლო შეთანხმების“ შესახებ, რომელიც თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფორმა უნგრელ მემარცხენეებთან.
ასევე ნახეთ „მონათესავე სულები“ - რით გახდა ორბანის პოლიტიკა მისაბაძი საქართველოსთვის?უნგრეთი „სრულადაა პოლარიზებული“
3 აპრილის არჩევნებში „ფიდეშმა“ მოულოდნელად მიაღწია დამაჯერებელ გამარჯვებას. ანალიტიკოსი ბირო-ნაგის შეფასებით „უკრაინაში ომის ინტერპრეტაციისათვის ბრძოლამ „ფიდეშის“ მედიაიმპერიის ძალა გამოავლინა. ორბანმა ნარატივთა დაპირისპირებაში გაიმარჯვა. თავი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტად წარმოაჩინა, ოპოზიციას კი უნგრეთის ომში ჩათრევის მცდელობაში დასდო ბრალი.“
უნგრეთში მიმდინარე საინფორმაციო ომი უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად გამწვავდა. ორბანის მთავრობა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ბრიუსელმა პუტინის ომს არასწორი პასუხი გასცა, განსაკუთრებით, რუსეთის გაზისა და ენერგომატარებლების ბოიკოტით.
„ლაკმუსის“ მთავარი რედაქტორი, ბლანკა ზოლდი ამბობს, რომ პრორუსული მესიჯები „უნგრეთის პოლიტიკურ ელიტაში იღებს სათავეს. შემდეგ მათ ცენტრალიზებული მედია იმეორებს - საზოგადოებრივი არხები, პროსამთავრობო მედია, სოციალური მედიის ინფლუენსერები... ხშირად ამაში სახელმწიფო ფულს ბიუჯეტიდან ხარჯავს.“
აგნეშ ურბანი, ანალიტიკური ცენტრ „მერტეკ მედია მონიტორის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ უნგრეთის მედია და საზოგადოება „სრულად პოლარიზებული“ გახდა მთავრობის მიერ მჭიდროდ კონტროლირებადი კომუნიკაციისა და მისი მედიის ძალისხმევით. „რა თქმა უნდა, საზოგადოების ნაწილი პროდასავლურ კომუნიკაციასაც ადევნებს თვალს. ბევრი მათგანი აზრის ლიდერიცაა, თუმცა „ფიდეშის“ მედიაიმპერიასთან კონკურენცია მათ არ ძალუძთ.“
„მიმაჩნია, რომ „ფიდეშის“ ამომრჩევლისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ წარმოადგენს უკრაინასთან სოლიდარობა და ომის ჰუმანიტარული ასპექტი. არა იმიტომ, რომ გრძნობები არ გააჩნიათ, ან მათთვის მისაღებია სამოქალაქო პირების წამება და ხოცვა. მაგრამ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ომი ნაწილობრივ მაინც უკრაინელი ხალხის ბრალიცაა და რუსეთის ქმედებები რაღაც კუთხით გასაგებია, რადგან ნატო მათ საზღვრებს უახლოვდებოდა“, - ამბობს აგნეშ ურბანი. ამ პერსპექტივას კი მივყავართ „კომფორტულ“ მესიჯთან, რომ მთავარია, მშვიდობა, იმის მიუხედავად, თუ რომელი მხარე დარჩება გამარჯვებული.
ასევე ნახეთ უნგრეთის პრეზიდენტი, ნოვაკი, უკრაინაში ზელენსკის შეხვდებათუმცა ამ ნარატივს თავად „ფიდეშსიც“ ჰყავს მოწინააღმდეგეები. უნგრეთის პრეზიდენტი, კატალინ ნოვაკი, რომელიც ორბანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია, ნოემბერში კიევში ჩავიდა. ის ზელენსკის შეხვდა - ორბანის კრიტიკის ხშირ სამიზნეს. ფეისბუკზე გამოჩნდა, რომ „ფიდეშის“ მხარდამჭერებს შორის მცირე ბზარია გაჩენილი. ზოგი კომენტატორი პრეზიდენტს მთავრობის ღალატში სდებდა ბრალს, სხვები კიევში ვიზიტს შეცდომად მოიხსენიებდნენ, თუმცა ამას ჰუმანიტარული ინტერესებით ამართლებდნენ.
დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები ამ დაპირისპირებას ცინიკურად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ ესეც ორბანის ტაქტიკის ნაწილია. მათი შეფასებით, ნოვაკი „კარგი პოლიციელის“ როლს ასრულებს, რათა საერთაშორისო ასპარეზზე უნგრეთი უკეთ გამოჩნდეს. ამ დროს კი მთავრობა მშვიდად აგრძელებს პრორუსული საგარეო პოლიტიკის გატარებას.