აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართავენ, საქართველოს მთავრობისგან მოითხოვოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეერთებულ შტატებში დროებით გადაყვანის უფლების მიღება.
"გთხოვთ მოითხოვოთ უფლება საქართველოს მთავრობისგან რომ დროებით გადაეცეს მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს განკარგულებაში მისი ჯანმრთელობის სრულად შესაფასებლად. როგორც საქართველოს ხანგრძლივ მეგობარს ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას და პიროვნებების პატივისცემას. როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიის პრეზიდენტს ჩვენ გვჯერა რომ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელსაც შეუძლია მას დაეხმაროს სანამ დაგვიანდება", - წერილს ხელს აწერს 55 ექიმი, მათ შორის ზურაბ გურული, ვასილ ცისკარიშვილი და ნანა გეგეჭკორი. ისინი პრეზიდენტ ბაიდენს სთხოვენ, დაეხმაროს იმაში, რომ შეძლონ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა.
"როგორც ქართველი ექიმები, რომლებიც ამერიკის მრავალ ჰოსპიტალში და ამბულატორიულ ცენტრში ვმუშაობთ და ამ დიდებულ ქვეყანას ჩვენს სახლს ვუწოდებთ, ძალიან შეშფოთებული ვართ რომ მიხეილ სააკაშვილი დაუმსახურებლად ავ მოპყრობას განიცდის, მიტოვებულია განსაცდელში და შესაძლებელია დაიღუპოს სწორი მკურნალობის გარეშე.
ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ ძალიან შემაშფოთებელია. მას განუვითარდა მკვეთრი წონაში კლება, დაბალი წნევა, ნეიროპათია, სინკოპე და გადაადგილების უნარის პრობლემები. არის იმაზე საუბარი რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და სავარაუდოდ მოწამლეს რასაც შეეძლო გამოეწვია მისი ჯანმრთელობის შელახვა ან გაუარესება. ჩვენ ვთვლით რომ ეს და მისი პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ვიზუალური ინფორმაციის მისი დაუკითხავად გამოქვეყნება არის ადამიანური უფლებების დარღვევა. ჩვენ გთხოვთ დაგვეხმაროთ დაუყოვნებლივ მივცეთ ბატონ სააკაშვილს მაღალი ხარისხის ობიექტური მკურნალობა რადგან იგი ძალიან ავად არის", - ნათქვამია წერილში.
ექიმები ასევე წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში სიკვდილის შედეგი დამღუპველი იქნება, რადგან ეს გაანადგურებს საქართველოს დემოკრატიული მომავლის იმედს და კიდევ უფრო გაათამამებს პუტინის ამბიციებს.
"როგორც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიის პრეზიდენტს ჩვენ გვჯერა რომ თქვენ ხართ ის ადამიანი რომელსაც შეუძლია მას დაეხმაროს სანამ დაგვიანდება. ჩვენ მადლობას გიხდით რომ ხართ საქართველოს მეგობარი, უკრაინის მეგობარი და ბევრი იმ რეპრესირებული ქვეყნის მეგობარი რომლებიც ხედავენ თუ როგორ ანათებს დემოკრატიის შუქი მომავლისკენ მიმავალ გზას", - წერენ ექიმები.
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. გუშინ, 22 დეკემბერს, ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც. შემდეგი განხილვა 29 დეკემბერს არის დანიშნული.
ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. ამავე დღეს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.