სწრაფად პროგრესირებადი დემენცია აქვს - რა უთხრა სასამართლოს ამერიკელმა ექიმმა სააკაშვილის დიაგნოზზე

ერიკ გოლდსმიტი, ამერიკელი ფსიქიატრი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ამერიკელი ფსიქიატრი ერიკ გოლდსმიტი სასამართლოს ჩვენებას აძლევს. მან ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა დიაგნოზზე და თქვა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.

"მიხეილ სააკაშვილს აქვს მეხსიერების დაკარგვის მძიმე პრობლემები. ისევე, როგორც დემენციის ყველა პაციენტს, მასაც კარგად ახსოვს თავისი წარსული, თავისი ბავშვობა, ახალგაზრდობა, კარიერა, მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით მას საშინელი მეხსიერება აქვს. უფრო სპეციფიკურად, მას პრობლემა აქვს ახალი ინფორმაციის შესწავლის. მანამდე, მას ჰქონდა მახვილი გონება, სწრაფი აზროვნების უნარი, მაგრამ ახლა მისი აზროვნება შენელებულია, ხანდახან დაბნეულია.

მისი ფიზიკური გარეგნობა შელახულია, მოუვლელია... ესენი დემენციის სიმპტომებია. ის ასევე სუსტადაა, უჭირს სკამიდან წამოდგომა, სიარული, წონაში იკლებს", - თქვა ერიკ გოლდსმიტმა სასამართლოზე.

მისივე განცხადებით, სააკაშვილის დემენცია შედის სწრაფად პროგრესირებადი და არასპეციფიკური დემენციის კატეგორიაში. ამ კუთხით, მან მძიმე მეტალებით შესაძლო მოწამვლაზე და ამის დემენციასთან კავშირზე დასმულ კითხვაზე თქვა: "ვერცხლისწყალი და დარიშხანი ტოქსიკურია ტვინისთვის. ეს იწვევს სწრაფად პროგრესირებად მეხსიერების პრობლემებს. ტოქსიკური ელემენტების ეს ზემოქმედება, როგორიცაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი, არის შეძენილი დემენცია. ეს არის ზედმეტად განსხვავებული ტიპური ალცჰაიმერის დაავადებისგან".

ასევე ნახეთ იქნებ, სასჯელის გადავადება? - გამოცდილება, კანონი, შესაძლებლობა

ექიმის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა:

"როცა ის ხედავს ციხის თანამშრომლებს, მას უახლდება ტრავმული მოგონებები. მას აქვს მაღალი დონის სტრესი და შფოთვა.

ზოგიერთი კოგნიტიური პრობლემა აიხსნება პოსტტრავმული აშლილობით, მაგალითად, მას უჭირს გაიხსენოს თავისი ტრავმატული ეპიზოდები, რაც ძალიან ხშირია მსგავსი აშლილობის პაციენტებში".

ექიმმა ერიკ გოლდსმიტმა სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას გამორიცხა, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულირებდეს. მან ეს ახსნა თავისივე ჩატარებული ტესტების შედეგებით.

"ტესტებით დგინდება, ის თავისი მდგომარეობის გაზვიადებას ახდენს თუ სიმულირებს. მიხეილ სააკაშვილი მრავალმა ექსპერტმა გამოიკვლია და ყველა ერთსა და იმავე დასკვნამდე მივედით, რომ მას აქვს მეხსიერების დაქვეითება".

გოლდსმიტმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სცდება მის ვიწრო სპეციალიზაციას, მისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს დაესვა პოლიფარმაციის დიაგნოზიც:

"ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება ჭარბი, ზედმეტი მედიკამენტების დანიშვნა და ზოგი [მედიკამენტი] არ არის დაკავშირებული იმ კონკრეტულ დაავადებებთან, რომლისთვისაც დაენიშნა. შესაბამისად, პოლიფარმაცია მასში იწვევს ზიანს".

გოლდსმიტმა სასამართლოს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოიყვანონ ციხიდან, რადგან ყოველი შემდეგი დღე მისთვის ნიშნავს ამ ტრავმებთან შეხებას და იწვევს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესს.

"ის უნდა გადაიყვანონ შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიკაში, დასავლეთში, რათა მოხდეს მისი სხვა თანმხლები დაავადებების შეფასება და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა...

თუ არ მოხდება სასწრაფოდ გადაყვანა საზღვარგარეთ, მესამე დონის დასავლეთის კლინიკებში, შეიძლება, მძიმე და შეუქცევადი ზიანი მიადგეს მის მდგომარეობას, თუ სწრაფად არ იქნება გადაყვანილი და არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა. დიახ, ჩემი სამედიცინო რწმუნების მაღალი ხარისხით მინდა გითხრათ, მისი მდგომარეობა მძიმეა და შეიძლება გართულდეს. უბრალოდ ის შეიძლება მოკვდეს", - თქვა ექიმმა.

ერიკ გოლდსმიტს პროცესზე კითხვები დაუსვეს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმაც. კითხვაზე, მისი საბოლოო დიაგნოზია თუ არა, რომ დემენცია, რაც მძიმე მეტალებმა გამოიწვია, ექიმი პასუხობს, რომ "დიახ".

მანვე ახსნა, რომ მძიმე მეტალების შესახებ ტოქსიკოლოგის დასკვნა მას შემდეგ გაიგო, რაც მან დემენციის დიაგნოზი დასვა.

"მე დავწერე ჩემი ანგარიში 2022 წლის 24 ოქტომბერს. ჩემთვის ცხადი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია ჰქონდა. ჩემი ანგარიშის დაწერის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდა ტოქსიკოლოგის ანგარიში, სადაც მითითებული იყო დარიშხანითა და ვერცხლისწყლით ინტოქსიკაცია. ამით აიხსნება სწრაფად პროგრესირებადი დემენცია ახალგაზრდა ასაკში", - თქვა გოლდსმიტმა.

მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს, 22 დეკემბერს დასრულდა. მოსამართლემ გიორგი არევაძემ შემდეგი სხდომა 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დანიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. დღეს ამ საქმეზე მესამე სხდომა გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სხდომას დისტანციურად დაესწრო მიხეილ სააკაშვილიც.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩართეს