დემოკრატიის უკუსვლისთვის გაკრიტიკებული ორბანი გამოდის ევროპარლამენტის დაშლის მოწოდებით

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ დადგა დრო ევროკავშირში "დაშრეს ჭაობი". ეს მან 21 დეკემბერს განაცხადა და გამოვიდა ბლოკის საკანონმდებლო ორგანოს დაშლის მოწოდებით.

ბუდაპეშტში გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ორბანმა თქვა, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის მონაწილეობით ახლახან მომხდარი კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი ამ ინსტიტუტის სანდოობას აყენებს კითხვის ქვეშ და რომ ის მხარს უჭერს ამ ორგანოს გაუქმებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ამჟამად არსებობს.

"უნგრელებს სურთ ამჟამინდელი ფორმის ევროპის პარლამენტი დაიშალოს, - თქვა ორბანმა და განაგრძო, - კითხვას, თუ რამდენად დაზიანდა ევროპის პარლამენტის რეპუტაცია უნგრეთში [ამ სკანდალით] იოლი პასუხი აქვს - საერთოდ არა, რადგან ეს რეპუტაცია არსებულზე ცუდი ვეღარ გახდებოდა".

თითქმის სამი საათის განმავლობაში გაგრძელებული კონფერენცია, რომელიც ყოველ წელს იმართება, ფაქტობრივად ერთადერთი ღონისძიებაა, როცა ორბანი უპასუხებს საერთაშორისო ან კრიტიკულად განწყობილი უნგრული მედიასაშუალებების კითხვებს.

პოპულისტი ორბანი, რომელმაც აპრილში გამართულ არჩევნებზე მეოთხე ვადით მოიპოვა ხელისუფლების ლიდერობა, ხშირად კამათობს ევროკავშირთან, რომელიც მას ადანაშაულებს დემოკრატიული ნორმების დარღვევაში და ფართომასშტაბიანი, ოფიციალური კორუფციის ხელმძღვანელობაში.

22 დეკემბრის პრესკონფერენციას წინ უძღოდა ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის 12 მილიარდ ევროზე დიდი თანხის გაყინვა, იმ შეშფოთების გამო, რომ ორბანის მთავრობა ზეწოლას ახორციელებს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ხელმძღვანელობს ოფიციალურ კორუფციას და ზღუდავს უმცირესობათა უფლებებს.

სექტემბერში ევროპის პარლამენტმა გამოაცხადა, რომ უნგრეთი აღარ შეიძლება დემოკრატიად იყოს მიჩნეული და რომ ორბანის ლიდერობის პირობებში ეს ქვეყანა ხდება "ელექტორალური ავტოკრატიის ჰიბრიდული რეჟიმი". ამას უნგრეთის მთავრობა უარყოფს.

ბუდაპეშტსა და ბრიუსელს შორის დაძაბულობას ასევე აღრმავებს უნგრეთის მთავრობის ლობირება იმ სანქციების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა.