„დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გმადლობთ. ჩემთვის ნამეტანია. ეს ყველაფერი ჩვენი დიდებული ხალხისთვისაა. ძალიან დიდი მადლობა“, - აშშ-ის კონგრესის დარბაზში შესული უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, თითქმის ორი წუთის განმავლობაში ისმენდა კონგრესის წევრების აპლოდისმენტებს და შეძახილს „სლავა უკრაინა“, დრო და დრო უხერხულად იღიმოდა და ემოციის დამალვას თავის დახრით ცდილობდა.
„მიუხედავად უიმედო სცენარისა, უკრაინა არ დაცემულა. უკრაინა ცოცხალია და აგრძელებს ბრძოლას“, - ზელენსკიმ, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად მესამასე დღეს, კონგრესის წევრებს 25-წუთიანი სიტყვით მიმართა. ზელენსკის ისტორიული სიტყვა დარბაზში შეკრებილებმა 21-ჯერ შეაწყვეტინეს აპლოდისმენტებით.
21 დეკემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ, ვაშინგტონში, კონგრესს რამდენიმე მთავარი გზავნილით მიმართა - პირველ რიგში, ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა ომის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ მოუწოდა გვერდში დგომისკენ და შეეცადა აღეწერა კონგრესის წევრებისათვის ის მდგომარეობა, რა მდგომარეობასა და პირობებშიც აღმოჩნდნენ უკრაინელები მათ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი აშშ-ის კონგრესისათვის და არა მხოლოდ მათთვის, მისი ჩაცმულობაც გახდა. უკრაინის ოქროსფერი გერბით გაწყობილ ხაკისფერ ჯემპრსა და შარვალში ჩაცმულმა პრეზიდენტმა, რომელსაც 300 დღეა ხაკისფერი სამოსი არ გაუხდია, მისი ჩაცმულობით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი ქვეყანა ომშია და ის ომიდან მოდის.
ზელენსკიმ კონგრესში სიტყვა ინგლისურ ენაზე წარმოთქვა.
„ამ ომს ვერც გადავდებთ და ვერც გავყინავთ“
„ეს არ არის ბრძოლა ტერიტორიისთვის, ევროპის ამა თუ იმ ნაწილისთვის. ბრძოლა მიდის არა მხოლოდ უკრაინელებისა და სხვა ხალხების სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, რომელთა დაპყრობასაც ცდილობს რუსეთი. ეს ბრძოლა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ სამყაროში იცხოვრებენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და შემდეგ მათი შვილები და შვილიშვილები... ამ ომს ვერც გადავდებთ და ვერც გავყინავთ. მას ვერ დავაიგნორებთ იმ იმედით, რომ ოკეანე ან კიდევ სხვა რამ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას. ამერიკიდან ჩინეთამდე, ევროპიდან ლათინურ ამერიკამდე, აფრიკიდან ავსტრალიამდე, სამყარო ძალიან არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე დამოკიდებული იმისათვის, რომ ვინმეს მისცეს უფლება, დარჩეს განზე და ამავე დროს თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს მაშინ, როცა ასეთი ბრძოლა გრძელდება“.
„გვაქვს არტილერია, დიახ. გმადლობთ. ჩვენ ის გვაქვს. ეს საკმარისია? გულწრფელად, არა“
კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, თავის სიტყვაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
„ბატონებო და ქალბატონებო, ამერიკელებო, გუშინ, სანამ ვაშინგტონში ჩამოვიდოდი, ბახმუტში, ფრონტის ხაზზე ვიყავი. ჩვენს ციხე-სიმაგრეში უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში. რუსეთის სამხედროები და დაქირავებული ძალები, მაისიდან მოყოლებული უტევენ ბახმუტს - დღითა და ღამით, მაგრამ ბახმუტი დგას. გასულ წელს ბახმუტში 70 000 მოსახლე ცხოვრობდა, ახლა კი იქ ძალიან ცოტა მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. ამ მიწის თითოეული გოჯი გაჟღენთილია სისხლით. იარაღის ღრიალი ყოველ საათში ისმის... მაგრამ უკრაინული დონბასი დგას... რუსები - რუსები ყველაფერს იყენებენ. ყველაფერს, რაც აქვთ ბახმუტისა და ჩვენი ულამაზესი ქალაქების წინააღმდეგ. ოკუპანტებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს არტილერიისა და ამუნიციის თვალსაზრისით. მათ იმაზე მეტი რაკეტა და ვერტმფრენი აქვთ, რაც კი ჩვენ ოდესმე გვქონია. ეს სიმართლეა, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ძალები დგანან და ჩვენ მათით ვამაყობთ. ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ. გმადლობთ. ჩვენ ის გვაქვს. ეს საკმარისია? გულწრფელად, არა... თუკი თქვენი პატრიოტები (Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა) შეაჩერებენ რუსულ ტერორს ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, ეს ჩვენს უკრაინელ პატრიოტებს მისცემს შესაძლებლობას ბოლომდე დაიცვან ჩვენი დამოუკიდებლობა...“
„თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება“...
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშში-ის კონგრესის ტრიბუნიდან ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა.
„ფინანსურ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ორივე ფინანსური პაკეტისთვის, რომელიც უკვე გადმოგვეცით და იმათთვისაც, რომლებიც თქვენ ასევე შესაძლოა მიიღოთ. თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით“.
„დაე, დაინახოს მსოფლიომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქაა“
ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„თქვენ შეგიძლიათ სანქციების გაძლიერება, რათა იგრძნოს რუსეთმა, როგორი დამღუპველია მათი აგრესია. თქვენს ხელშია დაგვეხმაროთ, რომ პასუხი აგოს ყველამ, ვინც ეს არაპროვოცირებული და დანაშაულებრივი ომი დაიწყო. მოდით, გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტულმა სახელმწიფომ პასუხი აგოს თავის ტერორსა და აგრესიაზე და აანაზღაუროს ამ ომისგან მიყენებული დანაკარგი. დაე, დაინახოს მსოფლიომ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აქაა“.
„ჩვენ ვიზეიმებთ შობას. თუნდაც არ იყოს შუქი, საკუთარი თავის რწმენის შუქი არ ჩაქრება“
უკრაინის პრეზიდენტმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის მიწურულს თქვა, რომ მიუხედავად რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მიყენებული დარტყმებისა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, რამაც უკრაინის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, უკრაინა აუცილებლად იზეიმებს შობას.
„ორ დღეში ჩვენ შობას ვიზეიმებთ. შესაძლოა სანთლების შუქზე. იმიტომ არა, რომ ეს რომანტიკულია, არა, იმიტომ, რომ არ გვექნება ელექტროენერგია. მილიონობით ადამიანს არ ექნება გათბობა, წყალი. ყველაფერი ეს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული რაკეტებით მიყენებული დაზიანებების შედეგია. მაგრამ ჩვენ არ ვწუწუნებთ. ჩვენ არ განვსჯით და არ ვადარებთ, ვისი ცხოვრება უფრო ადვილია. თქვენი კეთილდღეობა თქვენი ეროვნული უსაფრთხოების პროდუქტია, თქვენი თავისუფლებისათვის ბრძოლებისა და ბევრი გამარჯვების შედეგი. ჩვენც, უკრაინელები, ასევე ღირსეულად და წარმატებით გავივლით ჩვენს ომს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის... თუკი თავს დაგვესხმებიან ირანული დრონებით და თუკი ჩვენს ხალხს შობის ღამის გატარება ბომბსაფრებში მოუწევთ, უკრაინელები მაინც დასხდებიან სადღესასწაულო სუფრასთან და ერთმანეთს გაამხნევებენ. ჩვენ არ გვჭირდება ვიცოდეთ თითოეულის სურვილი, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ყველას, მილიონობით უკრაინელს, მხოლოდ ერთი სურვილი აქვს: გამარჯვება, მხოლოდ გამარჯვება“.
სიტყვით გამოსვლის ბოლოს ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს გადასცა უკრაინის დროშა ბრძოლის ველიდან, რომელიც, როგორც მან თქვა, ბახმუტში მისცეს მებრძოლებმა.
კონგრესში გამოსვლამდე ზელენსკი იმყოფებოდა თეთრ სახლში, სადაც შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.
21 დეკემბერს გაიმართა ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენციაც, სადაც ჯო ბაიდენმა ისაუბრა დახმარებაზე, რომელიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში აღმოუჩინეს.
მას ილაპარაკა ასევე დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც 1.85 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.
ბაიდენის თქმით, Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება, თუმცა მისი გამოყენებისთვის წვრთნას შესაძლო გარკვეული დრო დასჭირდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ Patriot-ის სისტემა ემსახურება თავდაცვით და არა ესკალაციის მიზნებს. ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დახმარება გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.
2022 წლის 24 თებერვლიდან რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.