თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან კავშირი კლინიკა „ვივამედში“ არსებული ინტერნეტ-ხარვეზის მიზეზით გაწყდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და ამ დროისათვის ხარვეზის გამოსწორებას პენიტენციური სამსახური ცდილობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა განიხილება, შესვენება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კოლეგამ შეატყობინა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცუდად გრძნობს თავს და უარს აცხადებს სასამართლოს სხდომაში ჩართვაზე:
„მის საკანში იმყოფება ჩემი კოლეგა გია ლომია, რომელიც დამიკავშირდა. თქვა, რომ ბატონმა მიხეილმა ცუდად იგრძნო თავი, გახდა ცუდად, აქედან გამომდინარე ექიმიც იქნა გამოძახებული და ამ ეტაპზე უარს აცხადებს ჩართვაზე. მაგრამ თუ პენიტენციური სამსახური მოახერხებს ჩართვას, შეიძლება, სიტუაცია გაუმჯობესდეს და მან მოისურვოს ჩართვა პროცესზე. თუკი აღდგება სისტემა, შემდეგ ვკითხოთ, თუ ექნება სურვილი“.
შესვენებამდე, სხდომაზე კლინიკიდან დისტანციურად ჩართულმა ყოფილმა პრეზიდენტმა საზოგადოებისათვის უკრაინულ ენაზე მიმართვა ისურვა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენჯერმე უთხრა მიხეილ სააკაშვილს, რომ ქართულ ენაზე ელაპარაკა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს მოუწოდა, დარბაზში მიეყვანათ თარჯიმანი, თუმცა მან ეს არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ის ლაპარაკობს ქართულად, სხდომა ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ამიტომ სასამართლოს ქართულ ენაზე უნდა მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთერს გათიშავდნენ.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩართესმალევე სასამართლოს დარბაზში კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართულ მიხეილ სააკაშვილთან კავშირი გაწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.
9 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე პაციენტი პატიმრის სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაცია კლინიკა „ვივამედმა“ არ გასცა, 14 დეკემბერს კი პატიმრის დისტანციური ჩართვა პენიტენციურმა სამსახურმა „შესაბამისი ტექნიკური საშუალებების“ არარსებობის მიზეზით ვერ მოახერხა.
ასევე ნახეთ სააკაშვილი სასამართლოს სხდომის პირდაპირი ეთერიდან მოსამართლის გადაწყვეტილებით გათიშესპირველ დეკემბერს გამოქვეყნდა ცენტრ "ემპათიის" სასამართლო საექსპერტო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმად, თუ დაპატიმრებამდე მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, საიდანაც 10-მდე წამყვანია, შეუთავსებელს ხდის პატიმრობას და თუ ცალკეულ დიაგნოზს ადეკვატური მკურნალობა არ მოჰყვა ამერიკულ ან ევროპულ კლინიკაში, შესაძლოა, პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.
14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.