რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული მანუჩარ გულიტაშვილი. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 დღის წინ დააკავეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 21 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, მანუჩარ გულიტაშვილი უკვე იმყოფება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. უკანონო პატიმრობიდან მის გასათავისუფლებლად ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებული იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები.