ცხინვალის რეგიონში სკოლების და ბაღების უმრავლესობა იხურება

ცხინვალი

სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დიდი ნაწილი რთული ეპიდემიური ვითარების გამო იხურება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ 20 დეკემბრიდან სკოლებსა და ბაღებში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ სააგენტო „რესს" დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა.

„ხვალიდან, გრიპის და ვირუსული ინფექციების შემთხვევების ეპიდემიური ზღვრის გადაჭარბების გამო, ცხინვალის პირველი, მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე სკოლებში კარანტინი გამოცხადდება, მეთორმეტე სკოლა აქამდეც დაკეტილი იყო. გარდა ამისა, ზნაურის რაიონში თერეგვანის სკოლა, ლენინგორის რაიონში ქართული სკოლა და ჯავის რაიონში გუფთის სკოლებიც იხურება. ცხინვალში დახურულია მეორე, მეთერთმეტე, მეთექვსმეტე და მეთვრამეტე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. ცხინვალის რაიონში სოფელ ხეთაგუროვოს ბაღი იხურება. ასევე - ზნაურის, ლენინგორის და ჯავის საბავშვო ბაღებიც", - განაცხადა კოჩიევამ.

როგორც კოჩიევამ აღნიშნა, თუ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით დავაკვირდებით, მაშინ წლის 47-ე კვირიდან (21 ნოემბრიდან) ცხინვალის მოსახლეობაში დაავადებული ბავშვების რაოდენობა სჭარბობდა სოფლად დაავადებულებს.

„47-ე კვირაში ცხინვალში ბავშვების დაახლოებით 96% ავად იყო. 51-ე კვირაში (19 დეკემბრიდან) ეს მაჩვენებელი ცხინვალელ ბავშვებს შორის 79%-მდე დაეცა. თუ ასაკს გადავხედავთ, მაშინ 50-ე კვირას (12 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით), რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 731 ადამიანმა. აქედან 569 იყო 15 წლამდე ასაკის, მათ შორის ორ წლამდე ასაკის ბავშვები 31%-ს შეადგენენ, სამიდან ექვს წლამდე - 32%-ს, შვიდიდან 15 წლამდე - 37%-ს“, - განმარტა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა.

კოჩიევამ იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებული ზამთრის არდადეგები ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებში ავადობის მაჩვენებლის შემცირებას და ახალი სასწავლო წელი დროულად და ჯანმრთელი მოსწავლეებით დაიწყება. მისივე განმარტებით, კარანტინის გახანგრძლივების ან დაწესებულების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღებენ.