ოპოზიციური პარტიები გმობენ გიორგი კირთაძეზე თავდასხმას

უცნობი კაცი თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გიორგი კირთაძეს

„ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმას ბრიფინგზე გამოეხმაურა ამავე პარტიის ლიდერი ნიკა მელია. ის პოლიტიკოსზე თავდასხმას სახელმწიფოს მართვის რუსულ მეთოდს უწოდებს.

„რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი ადამიანები. ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ მშვიდობა მათი გაგებით მონობაა და თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში ექცევიან: აწამებენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, გამოცხადებული აქვთ სიკვდილის ქრონიკა და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ.

ამასვე ემსახურებოდა ასევე პირდაპირ ეთერში ბათუმში დღეს ნანახი კადრები - არ გაბედო წინააღმდეგობა, არ გაბედო ბრძოლა და არც კი იფიქრო გამარჯვება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა დღეს გიორგი კირთაძეზე თავდასხმა", - განაცხადა მელიამ.

გიორგი კირთაძეზე თავდასხმა დაგმეს ოპოზიციურმა პარტიებმა. „დროამ“ მას სრულ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, უკვე ყოველდღიურობა გახდა კრიტიკულად განწყობილი და მათთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ ორგანიზებული ძალადობა. მმართველი პარტიის მიერ დაუსჯელობით წახალისებული ადამიანები დღისით ქუჩაში ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც კი არ ერიდებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმას. მსგავსი პროვოკაციებით „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს თავისუფალი ადამიანების პროტესტისა და ბრძოლის შეჩერებას. მეტიც, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი მოქალაქე გაუწევს წინააღმდეგობას „ოცნების“ რუსულ, ძალადობრივ მმართველობას", - ნათქვამია განცხადებაში.

„ლელო საქართველოსთვის" ასევე გმობს თავდასხმას გიორგი კირთაძეზე და აცხადებს, რომ აგრესიას, ფიზიკურ ძალადობას და სიძულვილის პოლიტიკას არ აქვს გამართლება არანაირ მოცემულობაში.

„სამწუხაროდ, მისი მმართველობის ათი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნება" სისტემატურად ახალისებდა ძალადობას და სასათბურე პირობებს უქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებსა და კულტურას. კირთაძის მიმართ დღეს განხორციელებული სამარცხვინო თავდასხმა სწორედ მმართველი გუნდის მიერ წახალისებული აგრესიული კულტურის გამოძახილია. ეს არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც გვაშორებს ცივილიზებული მსოფლიოს სტანდარტებს, აღრმავებს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით და პირდაპირ აზიანებს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოპოვების შანსებს. „ლელო" გმობს კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, იმოქმედოს კანონის შესაბამისად აგრესიის ჩამდენი პირის მიმართ", - აღნიშნავს ოპოზიციური პარტია.

„სტრატეგია აღმაშენებელი" გმობს გიორგი კირთაძეზე თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების ორგანიზების გარეშე ვერ მოხდებოდა.

„ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლების ორგანიზებული იმისთვის, რომ საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირება გაღრმავდეს, რადგან კონსოლიდირებული მოქალაქეები აფრთხობს და აშინებს ხელისუფლებას, რომელმაც გადაწყვიტა ევროპული არჩევანის რელსებიდან საქართველოს გადაგდება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება ორი მიზნით: დათრგუნოს და დააშინოს საზოგადოება და ქვეყანაში გააღრმაოს სამოქალაქო დაპირისპირება, რადგან ხელისუფლების შენარჩუნების სხვა გზა და საშუალება არ აქვს", - თქვა „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

„ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, „გიორგი კირთაძეზე თავდასხმა არის ივანიშვილის რეჟიმის სახე, პერსონალურად ამ კაცის და მისი პოლიტიკური არარაობა, ქვეყნის მოღალატე, მოძალადე, სიძულვილით სავსე რეჟიმის შედეგი".

ბოკერიას მიაჩნია, რომ თავდასხმას აქვს ყველანაირი ნიშანი იმისა, რომ პირდაპირ მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი.

„ასეც რომ არ იყოს, კლიმატი, სადაც ამ სამარცხვინო, ამაზრზენ სურათს ვხედავთ, არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის შემოქმედების შედეგი და ეს უნდა დავასრულოთ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - თქვა მან.

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, დღეს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.