ბუქარესტში ხელი მოეწერება მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორობას

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი, 17 დეკემბერი, ბუქარესტი

17 დეკემბერს, ბუქარესტში ხელი მოეწერება „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ხელშეკრულებას.

ხელშეკრულებას ხელს აწერენ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობის მეთაურები. ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობას იღებენ ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანესი.

„დღევანდელი შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით - ეს არის ამბიციური შეთანხმება და ცხადყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ფასეული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში“, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანესმა ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კლაუს იოჰანესის თქმით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგო უსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა:

„მადლობა აქ ყოფნისთვის, პარტნიორობისთვის და ამ უზადოდ მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას მწვანე ენერგიის განვითარების და მიწოდების შესახებ აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის შეთანხმებას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ენერგო უსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობა. ეს საკითხები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები იყო რუმინეთისთვის ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონტექსტში და ასევე ჩვენი ეროვნული განვითარების სტრატეგიისთვის. ეს საკითხები მთავარი პრიორიტეტი იყო ევროკავშირისთვისაც, რადგან არსებული უსაფრთხოების სიტუაციისა და სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, გვჭირდება უკეთესი თანამშრომლობა და მეტი სოლიდარობა, საერთო გამოწვევის დასამარცხებლად”, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელი შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით.

„პირველი არის წარმოება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა სუფთა ენერგიით; მეორე - განვითარება ახალი გადამცემი ხაზებისა და ინფრასტრუქტურისა, სახელდობრ შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი; მესამე -ერთობლივი პროექტები მწვანე ჰიდროენერგიის და მეოთხე არის - ენერგოეფექტურობა... ჩვენი ენერგოთანამშრომლობა არის სტრატეგიული გამოწვევების პასუხი, რომლითაც გაძლიერდება ჩვენი ენერგომედეგობა და უზრუნველყოფილი იქნება დივერსიფიკაცია, როგორც წყაროების, ასევე მიწოდების არხების“.

ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა „უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად“.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი, 17 დეკემბერი, ბუქარესტი

მისი თქმით, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად აქცევს ქვეყანას დასავლეთსა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე, როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების კარიბჭედ:

„საქართველო გეოსტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთსა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე, როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში. ამიტომ უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა:

„რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის უარი გვეთქვა და ჩვენი პარტნიორობა გაგვეძლიერებინა - აი, ეს პარტნიორობა, რომელიც ამ დარბაზშია და ეს მუშაობს! ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების ათვისება და ეს არ არის მხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ენერგო უსაფრთხოების გზა, ეს არის ასევე სამომავლო ინიციატივების საფუძვლის შექმნა სუფთა ხელმისაწვდომი ენერგორესურსების მიღების კუთხით. ეს ეხება განახლებად ენერგიას, პლანეტის დაცვას, ჩვენ ქვეყნებში გამომუშავებულ ენერგიას, სამუშაო ადგილების გაზრდას, უსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ძალიან მიხარია, რომ ეს შეთანხმება განახლებად ენერგიაზე ასეთ აქცენტს აკეთებს. ამ განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ნამდვილად ძალიან ამბიციური პროექტია. ეს დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მიცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენ მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. რა თქმა უნდა, უკრაინას ეს დაეხმარება ქვეყნის რეკონსტრუქციაში“.

წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით არის ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილი, ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის "გლობალური კარიბჭის" სტრატეგიის ნაწილი.