ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრება - ბრეგაძე პროცესში სააკაშვილის მონაწილეობაზე

რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრება და მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესში დისტანციურად მონაწილეობის საშუალება ექნება. მანვე დაამატა, რომ თუკი სასამართლო გადაწყვეტს, შესაძლებელია პროცესის კლინიკაში გამართვაც.

"თუკი ტექნიკური მიზეზის გამო ვერ მოხერხდებოდა პროცესის დისტანციურად ჩატარება, იყო შესაძლებლობა, პროცესი ჩატარებულიყო კლინიკაში. მისთვის ეს საშუალება არ შეგვიზღუდავს. რაიმე სახის ლაპარაკი, რომ მას სამართლიანი სასამართლოს უფლება შეეზღუდა, არის სრულიად უადგილო და მტკიცებულებას მოკლებული.

ჩვენ მისთვის ეს უფლება არასოდეს შეგვიზღუდავს, შეგვითავაზებია პირიქით. ერთი იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც აღმოიფხვრება და მას მიეცემა შესაძლებლობა, უნდა დისტანციურად მიიღოს მონაწილეობა, შესაძლებელია პროცესის ადგილზე ჩატარებაც. ჩვენ მართლმსაჯულებას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დღეს, 16 დეკემბერს, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს უსმენენ.

14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარი სააკაშვილი "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის მიზეზით, კლინიკიდან ვერ ჩართო დისტანციურად.

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე. მომდევნო სხდომა 22 დეკემბერს არის ჩანიშნული.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.