მდინარაძე სააკაშვილის კადრებზე: ცნობილი ნარატივი "კვდება" აღმოჩნდა ტყუილი

ფოტოკოლაჟი: მამუკა მდინარაძე და მიხეილ სააკაშვილი

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტში მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის კადრების გავრცელებით "სპეცოპერაცია ჩავარდა".

"სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩავარდა, იმიტომ რომ ეს ცნობილი ნარატივი "კვდება" აღმოჩნდა ტყუილი... მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობის მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას და ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი კვდება, მაშინ კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს, აყენებდა მედპერსონალს", - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში.

ასევე ნახეთ დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება - ომბუდსმენის აპარატი სააკაშვილის ვიდეოზე

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც "სიყალბე" გამოაშკარავდა, სახეზეა ყურადღების გადატანის მცდელობა.

"სამართლებრივ და ფორმალურ მხარეზეა ყურადღება გადატანილი, რომ გადაიფაროს, რაც რეალურად ხდება. სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაიფაროს, რაც გამოაშკარავდა, ამის გადაფარვის მცდელობაა. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერია... თუ რამე პატივისა და ღირსების შემლახავი შეიძლება ყოფილიყო, სამინისტრომ, როგორც ჩანს, ასეთი კადრების გავრცელებისგან თავი შეიკავა", - თქვა მან.

ასევე ნახეთ ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრი
ასევე ნახეთ სააკაშვილი ჩანაწერების გავრცელებაზე: სისტემამ ბოლომდე გაიფარჩაკა თავი

პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრები გუშინ, 14 დეკემბერს, გაავრცელა. გუშინვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების სასამართლო სხდომა, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის გამო ვერ ჩართავდა პატიმარს დისტანციურად.

ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრებს კლინიკიდან

სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.

სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.

"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტის წონის კლება ამ ტემპით გაგრძელდება, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.