საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი კადრების გავრცელების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება. აპარატი განმარტავს, რომ დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს საკითხის შესწავლას სთხოვს.
"6 დეკემბრის მდგომარეობით [სააკაშვილი] გაცილებით დასუსტებულია და ამასვე ადასტურებს ვიდეო ჩანაწერების ბოლო მონაკვეთი... გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მთავარი აქცენტები სახალხო დამცველის აპარატის განცხადებიდან:
- "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი ოფიციალური განმარტების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ კადრების გავრცელების მიმართ ლეგიტიმური მიზნის არსებობა, მათ შორის საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება";
- "სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მე-7 დასკვნით, წინა პერიოდთან შედარებით გაღრმავებულია ენცეფალოპათია, სენსორიმოტორული ნეიროპათია, ანემია, ასევე დაემატა ახლად აღმოჩენილი ავტონომიური ნეიროპათია წნევის მნიშვნელოვანი ვარდნით ადგომისას... ექსპერტთა ჯგუფმა 2022 წლის 6 დეკემბერს პაციენტის საერთო მდგომარეობა შეაფასა როგორც მძიმე..."
- "2022 წლის 14 დეკემბერს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრებით ეჭვქვეშ არის დაყენებული პაციენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზების ნამდვილობა. აღნიშნული მსჯელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილ სამედიცინო შეფასებას. გასათვალისწინებელია, რომ პაციენტის აგრესიული ქმედება იდენტიფიცირებული დიაგნოზების ერთ-ერთ შესაძლო დამახასიათებელ ქცევად მიიჩნევა..."
- "ჩანაწერების უმრავლესობა 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში ან წინა პერიოდშია გადაღებული... ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით 6 დეკემბრის მდგომარეობით გაცილებით დასუსტებულია და ამასვე ადასტურებს ვიდეო ჩანაწერების ბოლო მონაკვეთი. შესაბამისად, გასული პერიოდის კადრების გასაჯაროებით პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობის მიმართ არსებული საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება ვერ მოხდებოდა. ამავე დროს გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე, ხოლო პატიმრის ამჟამინდელი მდგომარეობა, როგორც უკვე აღინიშნა, არ გამორიცხავს შესაძლო აგრესიულ ქცევას".
პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრები გუშინ, 14 დეკემბერს, გაავრცელა. გუშინვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების სასამართლო სხდომა, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის გამო ვერ ჩართავდა პატიმარს დისტანციურად.
ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრებს კლინიკიდანსასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.