აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მედიასთან კომენტარში გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამსახველი კადრების გამოქვეყნებას სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.
კელი დეგნანის განცხადებით, მიმდინარე სასამართლო პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების და სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვით.
„მთავრობის ვალდებულებაა, უზრუნველყოს, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, რომ იღებდეს საჭირო სამედიცინო მზრუნველობას, ფსიქოლოგიურ მზრუნველობას და სამართლიან სასამართლოს. საფუძვლიანად, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. მიმდინარეობს სასამართლო მოსმენა. სამართლებრივი პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების დაცვით, ისევე, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებით“, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარე ღონისძიების პარალელურად.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა კადრები, რომლებზეც ჩანს კლინიკა "ვივამედში" განთავსებული, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრებს კლინიკიდანვიდეო, რომელსაც არ ახლავს ხმა, 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია სამი თარიღი: 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და სულ ბოლოს რამდენიმე წამზე - 12 დეკემბერი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ კადრების გავრცელებაზე ექსპრეზიდენტის თანხმობა არ ყოფილა.
ასევე ნახეთ ხაჭაპურიძის თქმით, კადრების გავრცელებაზე სააკაშვილის თანხმობა არ ყოფილაპატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ „იმედის" ეთერში ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. მან განაცხადა, რომ კლინიკა „ვივამედში" ყოფილი პრეზიდენტის ყოფნის ამსახველი კადრების გასაჯაროების მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ საქართველოში არავის აწამებენ.
ასევე ნახეთ ბრეგაძე: გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ბევრი სხვა კადრიპენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრები გუშინ, 14 დეკემბერს გაავრცელა. გუშინვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების სასამართლო სხდომა, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის გამო ვერ ჩართავდა პატიმარს დისტანციურად.
სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.