საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაღებული კადრების გავრცელებას მაღალი საჯარო ინტერესით ხსნის. მან ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა, რომ უსაფუძვლოა პენიტენციური სამსახურის ან ჯანდაცვის სისტემის კრიტიკა, როცა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზეა საუბარი.
"არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები აქამდე, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან. ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად. შესაბამისად, მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების, პენიტენციურის, ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია გახლავთ უსაფუძვლო. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან დგას სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები გამოიყენონ როგორმე დესტაბილიზაციისთვის, ისევ იმისთვის, რომ დაძაბონ ჩვენი საზოგადოება", - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრები გუშინ, 14 დეკემბერს გაავრცელა. გუშინვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების სასამართლო სხდომა, რომელსაც ექსპრეზიდენტი არ დასწრებია - პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს ოფიციალური წერილით აცნობა, რომ "შესაბამისი ტექნიკური საშუალებების" არქონის გამო ვერ ჩართავდა პატიმარს დისტანციურად.
ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრებს კლინიკიდანსასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე უნდა იმსჯელოს მისი სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი ადვოკატებისთვის გახდა ჩატარებული ექსპერტიზების დასკვნები, რომლებშიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. არსებობს მოსაზრებაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი შეიძლება, მოწამლული იყოს.
"სასამართლოს მეგობრის" სტატუსით სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმაც - მისი კონსილიუმი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დიაგნოზი მეოთხე ხარისხის კახექსიაა და თუკი ყოფილი პრეზიდენტი წონის კლებას ამ ტემპით გააგრძელებს, რამდენიმე თვეში მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.